"შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ..." - შვედი დეპუტატი - კვირის პალიტრა

"შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ..." - შვედი დეპუტატი

თავდაპირველად შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმის, რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია „ქართული ოცნება”,- ასე ეხმაურება ,,ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოტბერგი შვედეთის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას.

გოტბერგის თქმით, ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ”.

,,შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო",- განაცხადა გუსტავ გოტბერგმა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე საუბრისას, შვედეთზე გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი."

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა