"თუ საქართველოსთან ომი დაიწყო, თქვენ დაკარგავთ სამხედრო ბაზებს" - ახალი სკანდალიუ აფხაზეთში: რატომ აშანტაჟებენ მარიონეტები რუსებს?! - კვირის პალიტრა

"თუ საქართველოსთან ომი დაიწყო, თქვენ დაკარგავთ სამხედრო ბაზებს" - ახალი სკანდალიუ აფხაზეთში: რატომ აშანტაჟებენ მარიონეტები რუსებს?!

რუსი პროპაგანდისტისა და სამხედრო ჟურნალისტ სემიონ პეგოვის სტატიის გამო სოხუმში ვნებათაღელვა არ ცხრება. პეგოვი წერს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეცვლილ მოდელზე და აღწერს ფაქტებს, როდესაც რუსული რეგიონების მიერ დაფინანსებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფხაზური დე ფაქტო სტრუქტურები და ადგილობრივი კლანები იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ თავად ვერ იღებენ კორუფციულ სარგებელს. "ფული მოგვეცით და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა ავაშენოთ", - ასე აღწერს პეგოვი სოხუმის პოზიციას. სტატიაში მოყვანილი ფაქტების გამო თავის მართლება მოუწია დე ფაქტო განათლების სამინისტროს, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ხოლო ოპოზიცია უკმაყოფილოა: ნაწილი დე ფაქტო ხელისუფლებისგან კორუფციულ ბრალდებებზე განმარტებებს ითხოვს, ნაწილი კი მოსკოვის "შიდა საქმეებში ჩარევასა" და "აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაზე" საუბრობს.

სკანდალური სტატია

კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა სემიონ პეგოვმა,­ რომელიც სოხუმში ხშირად ჩადის და აფხაზურ პოლიტიკას კარგად იცნობს, რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ვრცელი სტატია 15 იანვარს გამოაქვეყნა. მიმოხილვა იწყება იმით, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" პოლიტიკური გათვლებით აღიარა - მსოფლიო წესრიგის გადაწყობის სურვილით. აფხაზური "სახელმწიფოებრიობა" იქცა რუსეთის საგარეო კურსის ერთგვარ სიმბოლურ საწყისად, "სავიზიტო ბარათად", რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა ყირიმითა და უკრაინაში ომის დაწყებით. სწორედ ამიტომ, ავტორის თქმით, აფხაზური "სახელმწიფოებრიობის" დემონტაჟი რუსეთის "იმპერიულ გეგმებში" არ შედიოდა - ეს ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის საგარეო კურსის სისწორისა და ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას.

როგორც ბლოგერი წერს, დემონტაჟის საფრთხე შეიქმნა 2024 წლის შემოდგომაზე, როდესაც ასლან ბჟანია იძულებული გახდა­ გადამდგარიყო - შიდაპოლიტიკურმა­ კრიზისმა "არა მხოლოდ არსებული ხელისუფლება დაამხო, არამედ რუსეთთან ურთი­ერთობებიც გაამწვავა" და აფხაზეთი "ხანძარს" ვლადიმირ პუტინმა გადაარჩინა - შეცვალა სოხუმთან ურთიერთობის "ვექ­ტორი" და "აფხაზეთის ფრონტი" რუსეთის­ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს გადააბარა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მსგავსი შიდაგადატრიალებები აფხაზეთში მუდმივად ხდებოდა. ამ პროცესის პარალელურად­ აფხაზებმა ჩამოაყალიბეს რუსეთთან ურთი­ერთობის ერთგვარი შანტაჟის მოდელი იმ წარმოდგენით, რომ "რუსეთს სჭირდება­ სტაბილურობა და სიჩუმე საზღვართან, ამიტომ ის ჩვენს შიდა კონფლიქტებს მოითმენს" და ამ ლოგიკით ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როდესაც თითქმის ყველა "ხელისუფლება" გადატრიალების გზით იცვლებოდა. შიდაარეულობა და კრიზისები მოსკოვთან მოლაპარაკების ბერკეტად იქცა, რუსეთი კი, ავტორის სიტყვებით, "თვალს ხუჭავდა" სოხუმში მიმდინარე პროცესებზე,­ ოღონდ პრობლემები მის საზღვრებს არ გასცდენოდა. ტექსტში ნათქვამია, რომ ეს მოდელი დასრულდა მაშინ, როცა რუსეთი­ ომის პირობებში აღმოჩნდა და რაც ადრე "ბავშვურ კინკლაობად" აღიქმებოდა, დღეს ჩაითვალა როგორც ზურგში დანის ჩარტყმა და უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე,­ რის გამოც მოსკოვმა რადიკალურად შეცვალა აფხაზეთთან ურთიერთობის მოდელი: დაასანქცირა ყველა აქტიური ანტირუსი და დაიწყო დაფინანსების მკაცრი გაკონტროლება. ფული აღარ გადაეცემა უშუალოდ აფხაზურ სტრუქტურებს, პროექტებს ადგი­ლზე რუსული რეგიონები და რუსული კომპანიები ახორციელებენ ისე, რომ სქემის არც ერთ რგოლში აფხაზური მხარე არ მონაწილეობს.

"იმის წყალობით, რომ რუსეთმა აფხაზეთთან მიდგომა შეცვალა, შარშან იმაზე­ მეტი პროექტი განხორციელდა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში", - ამტკიცებს პეგოვი და კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს. "საქმე ის არის, რომ რუსეთის მხარდაჭერილი პროექტები ხორციელდება ისეთი კონტროლით, როგორიც უკიდურესად უჩვეულოა აფხაზი პოლიტიკოსებისთვის. რეგიონები და მსხვილი კომპანიები უბრალოდ ფულს კი არ აძლევენ, როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ნაწილობრივ თავად მუშაობენ ადგილზე და აქ იწყება კურიოზები. აფხაზი ჩინოვნიკები ცდილობენ ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდნენ. მაგალითად, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის წინადადებაზე, აფხაზეთში 4 მილიარდ რუბლად რუსული სკოლა აეშენებინა, შესაბამისმა აფხაზურმა უწყებამ ასე უპასუხა­: "მოგვეცით ეგ მილიონები და თვითონ გადავ­წყვეტთ, რა გავაკეთოთო... ერთ-ერთი კონტრაქტორი, რომელიც სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მუშაობდა, აფხაზებმა ტყეში წაიყვანეს და პირობები წაუყენეს - ან სამშენებლო მასალების მიწოდებაზე კონტრაქტს ჩვენთან გააფორმებთ, ან პრობლემები შეგექმნებათო", - წერს პეგოვი.

რეაქციები აფხაზეთში

სტატიას სოხუმში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. გამოძიების დაწყებაზე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო შს სამინისტრომ. თავდაპირველად უწყება აცხადებდა, რომ ვერ დაუკავშირდა ჟურნალისტ პეგოვს, რათა დანაშაულის დეტალები დაეზუსტებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მომუშავე ყველა კომპანიის წარმომადგენლები დაჰკითხეს და გამოძიების შედეგად პეგოვის სტატიაში აღწერილი ფაქტები არ დადასტურდა.

პეგოვს დაუკავშირდა აფხაზი ჟურნალისტი მარიანა კოტოვა და როგორც პეგოვმა უთხრა, წყაროს ვერ გაამხელს და თემაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზს დატოვებს.

განცხადება გააკეთა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც. ჰანა გუნბამ უარყო­ პეგოვის ბრალდებები სკოლის მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსკოვის ოლქის გუბერნატორს შეხვედა, თუმცა სკოლის მშენებლობის ღირებულება არასდროს განხილულა.

პეგოვის სტატიას გამოეხმაურნენ აფხაზი ოპოზიციონერებიც: "აფხაზ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ ბლოკავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და ვის ინტერესებშია ეს".

აფხაზეთის გმირმა ასლან კობახიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "მინდა ვურჩიო აფხაზეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტონ რუტინული განცხადებების გაკეთება, რომლებიც ხშირად გარე გავლენით არის გამოწვეული. ნუ ღელავთ, აფხაზეთში რუსული სკოლა უფრო მეტია, ვიდრე აფხაზური. შეხედეთ, ქალაქის სკოლებში რამდენი მოსწავლე არ საუბრობს­ სახელმწიფო ენაზე - ეს შოკი იქნება".

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზები და ოსები უკრაინის ომში

გასტერბაიტერები აფხაზეთში და აფრიკელი სტუდენტი, რომელიც ოჩამჩირეში შემზარავი მეთოდით მოკლეს

„მე ახლა ჩემს სამშობლოშივე გამოძევებული ვარ“ - რას ჰყვება გაგლოევის კრიტიკის გამო დაკავებული და არაოკუპირებულ მხარეს გამოძევებული თამარ მეარაყიშვილი

ოკუპანტის ვირეშმაკობა ანუ რუსული ხაფანგი აფხაზებისთვის

აფხაზმა საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანიამ ვრცელი გამოხმაურება გამოაქვეყნა: "პეგოვის სტატია იყო "დამახინჯებული ფაქტები" და შოვინიზმი ყოველ მესამე აბზაცში. სწორედ ასეთი განცხადებების გამო უარესდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობები". ბჟანიას თქმით, "აღიარების სანაცვლოდ აფხაზეთისგან ფეოდალური დამორჩილების მოთხოვნა უსამართლო და უშედეგოა" და დასძენს: "იმის გათვალისწინებით, რომ სემიონ პეგოვი, სავარაუდოდ, ამ ტექსტის მხოლოდ თანაავტორია, ამიტომ პასუხი ასეთია: ძვირფასო მოსკოველო ჩინოვნიკო, ჩვენ დახმარება არ გვითხოვია. თუ თვლით, რომ ეს მხარდაჭერა მძიმე ტვირთია და არ კომპენსირდება, შეწყვიტეთ სუბსიდიები. ჩვენ არ გვეშინია საქართველოს წინააღმდეგ მარტო დარჩენის... მაგრამ თუ შეიარაღებული კონფლიქტი განახლდება, თქვენ დაკარგავთ თქვენს სამხედრო ბაზებს­ შედეგების მიუხედავად. და ბოლოს, თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი­ ფრაზა არ არის. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, უზარმაზარი დანაკარგები განვიცადეთ და ახლა ვაპირებთ მის დაცვას ბოლომდე, თუნდაც ჩვენ გარშემო სამყარო დაინგრეს".

წაიკითხე ვრცლად