"აპოკალიფსის იარაღზე" კონტროლი შეწყდა - ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ?!
2026 წლის 5 თებერვალს ოფიციალურად დასრულდა აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების (New START) მოქმედების ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს ვეღარ გაუკონტროლებს სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას და საკუთარი სურვილის მიხედვით გააძლიერებენ მას, რაც, საერთო ჯამში, ბევრად უფრო სახიფათოს გახდის დღევანდელ, ისედაც ომებში ჩაძირულ და მოშლილ მსოფლიო წესრიგს...
„ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ პირველად ვდგავართ სამყაროს წინაშე, როდესაც რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალზე დაწესებული სავალდებულო შეზღუდვები აღარ არსებობს. აღნიშნული ორი სახელმწიფო მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის მარაგების უდიდეს ნაწილს ფლობს. მოვუწოდებ ორივე სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ“, - ამის შესახებ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
მართლაც, მსოფლიო 1970-იანი წლების დასაწყისს, ურთულეს პერიოდს დაუბრუნდა, როდესაც პირველი „ცივი ომის“ დროს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული დაპირისპირება ზენიტში ავიდა და დედამიწა მესამე მსოფლიო, მაგრამ ამჯერად - ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხის წინაშე დადგა.
მაგრამ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები, რამაც ბირთვული განიარაღების პროცესის დაწყება განაპირობა?
მცირე ისტორიული რაკურსი...
უმთავრესი შეთანხმება, რომელმაც პირველი "ცივი ომის" დროს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, მსოფლიო მესამე ბირთვულ ომს გადაარჩინა, იყო 1972 წელს ჰელსინკში აშშ-ისა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ“ (ვაშინგტონში მას SALT-I-ის უწოდებდნენ, მოსკოვში - ОСВ-I-ის), რომელმაც შეზღუდა ორი ზესახელმწიფოს შეიარაღებაში არსებული ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების რიცხვი, რითაც შეანელა გამალებული ბირთვული შეიარაღების ტემპი.
1979 წელს ვენაში ამ ხელშეკრულების „გაუმჯობესებულ “ ვარიანტს, SALT-II-ს, იგივე ОСВ-II-ს მოაწერეს ხელი, რომელიც ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას კრძალავდა.
1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საჭირო გახდა ამ ხელშეკრულების განახლება, რომელშიც საბჭოთა მემკვიდრედ გამოდიოდა რუსეთის ფედერაცია. ამ ქვეყანამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებიდან სტრატეგიული დანიშნულების (მანამდე ტაქტიკური დანიშნულების) სარაკეტო შეიარაღება და ბირთვული ქობინები თავისთან გადაზიდა. ეს ასევე აწყობდათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რათა თავი არ ეტეხათ უკრაინაში, ბელარუსსა თუ ყაზახეთში დარჩენილი ყოფილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებისა და მით უმეტეს - ბირთვული მუხტების ირანის ან ჩრდილო-კორეის არსენალში აღმოჩენის საფრთხეზე ან უფრო უარესი - ყოფილი კორუმპირებული საბჭოთა გენერლებისაგან თერმობირთვული ბომბი, „მერსედესის“ ლიმუზინის ფასად, რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას არ ჩაეგდო ხელში.
შესაბამისად, 1994 წლის დეკემბრიდან აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ამოქმედდა „სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების“ ხელშეკრულება START (რუსულად СНВ-I), რომლის თანახმადაც, თითოეულ მხარეს 6 ათასზე მეტი სტრატეგიული დანიშნულების (ამ რიცხვში არ შედიოდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები) ბირთვული ქობინი არ უნდა ჰქონოდა, ხოლო უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში დარჩენილი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება, ლისაბონის პროტოკოლის თანახმად, რუსეთში გადაიზიდებოდა.
1993 წელს აშშ-რუსეთის ფედერაციას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება START II (რუსულად СНВ-II), რომელიც ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინებით აღჭურვილი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების აკრძალვას ითვალისწინებდა, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ ამოქმედებულა, რადგან კრემლმა ის რუსეთისთვის წამგებიანად ჩათვალა.
2010 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა ახალ, START III (რუსულად СНВ-III) ხელშეკრულებას - „სტრატეგიული შემტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ“ მოაწერეს ხელი.
ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ აშშ-ს და რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მზადყოფნაში შეიძლება ჰქონოდათ არა უმეტეს (თითოეულ მხარეს) 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტა და მძიმე ბომბდამშენი, რომლებზეც განთავსებული შეიძლება ყოფილიყო არა უმეტეს 1 550 ბირთვული ქობინი, ასევე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი არა უმეტეს 800 სარაკეტო გამშვები დანადგარი.
ეს ხელშეკულება, პრინციპში, მუშაობდა, რადგან 2020 წლის 1 სექტემბრისთვის აშშ-ის შეიარაღებაში ირიცხებოდა 675 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 457 ბირთვული ქობინი და 800 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი.
რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება იმავე 2020 წლის მონაცემებით ასე გამოიყურებოდა - 510 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 447 ბირთვული ქობინი და 764 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი.
ამ ათწლიანი შეთანხმების კიდევ ხუთი წლით, 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელებას, მართალია, 2021 წელს ხელი მოაწერეს მოსკოვში, მაგრამ 2023 წლის 21 თებერვალს ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, პრეზიდენტმა პუტინმა ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება გამოაცხადა.
გასულ წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-ისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
თუმცა, ერთი თვის წინ ტრამპმა მორიგ ინტერვიუში თქვა -„გასდის და გაუვიდეს ვადა. უკეთეს ხელშეკრულებას გავაკეთებთო...“
ასევე დაგაინტერესებთ: თუ პუტინი ზავს დაარღვევს, ამერიკელები და ევროპელები 72 საათში რუსებს დაარტყამენ?! - რამდენად რეალურია ეს დაპირება?
პუტინის ვერაგობა: რუსეთმა განაახლა უკრაინის ენერგეტიკის დაუნდობელი დაბომბვა
ილონ მასკმა პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე „შეუზღუდა“
რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...
აშშ-ისა და რუსეთის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზები შემდეგში იყო...
პირველი - აშშ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ახალ ხელშეკრულებაში მესამე ქვეყანა, კერძოდ კი - ჩინეთიც ჩართულიყო, რომელიც გამალებულ ბირთვულ გადაიარაღებას აწარმოებს (ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის მკვეთრი გაზრდით) და თავისი ბირთვული არსენალის სიძლიერით მალე დაეწევა აშშ-ს.
რუსეთი გინდაც დათანხმებოდა აშშ-ის ამ დაჟინებულ მოთხოვნას, ჩინეთი, რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა.
მეორე - თავის მხრივ, რუსეთიც მოითხოვდა, რომ ახალ ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც ასევე არიან ბირთვული შეიარაღების მფლობელები. ბრიტანეთიც და საფრანგეთიც წინააღმდეგნი იყვნენ.
რუსეთის მხრიდან ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების - „ბურევესტნიკებისა“ და წყალქვეშა ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი „პოსეიდონების“ გამოცდა/წარმოების დაწყება, ხოლო აშშ-ში ახალი სტრატეგიულ ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების შემუშავება იმას მიუთითებს, რომ მეორე „ცივ ომში“ ბირთვული დაპირისპირების ზენიტი კიდევ უფრო სახიფათოდ მიუახლოვდება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარს...