"რა ოცნებაც მქონდა, ავისრულე - საქართველოს მოქალაქეობა მინდოდა - მივიღე, საქართველოს ნაკრებში მინდოდა მეთამაშა და ვითამაშე" - ფერეიდნელი ალის გზა
ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) ნაკრების მეკარე, ფერეიდნელი ქართველი ალი ასლანი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირად იქცა. მან თავი განსაკუთრებით ხორვატიასთან მეორე ტურში გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
"ძალიან რთული მატჩები გვქონდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ტოპ დონეზე მეთამაშა, თან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით. რვა წელია საქართველოში ვარ და დიდი ხნის წინაც მინდოდა, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი, თუმცა ადრე საბუთები ვერ გავაკეთე, არ მქონდა მოქალაქეობა. ახლა, ევროპის ჩემპიონატის წინ ყველაფერი მოესწრო და სასიამოვნო იყო, რომ ნაკრებს ვეხმარებოდი. ფერეიდნელი ქართველი ვარ, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი ისტორიული სამშობლო“, - ამბობს ორგზის ჩემპიონი.
ალი მომავალი ექიმია - სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, მანამდე, თეირანის უნივერსიტეტში უცხო ენების სპეციალობაზე ისწავლა და მთარგმნელის პროფესიას დაეუფლა. "რა ოცნებაც მქონდა, ავისრულე - საქართველოს მოქალაქეობა მინდოდა - მივიღე, საქართველოს ნაკრებში მინდოდა მეთამაშა და ვითამაშე. ახლა მინდა ნაკრებში გავაგრძელო მაღალი დონის თამაში, რათა გულშემატკივარი გავახარო“, - გვიყვება ის. გააგრძელეთ კითხვა