ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - გადავარჩინოთ ორი შვილის დედა - კვირის პალიტრა

ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - გადავარჩინოთ ორი შვილის დედა

საზოგადოება კარგად იცნობს ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს. მას დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ის დიდი ხანია მძიმე სენს - ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ამჟამად კვლევების ჩატარება თურქეთში უწევს. თუ რა რთული გზა გაიარა მან, ეს სოციალურ ქსელში დაწერილი მისი სტატუსიდანაც ჩანს.

"გასული წლის აპრილში აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ორგან საშვილოსნოში, ამოვიჭერი და სამწუხაროდ დამჭირდა მეორე ოპერაცია, იმიტომ რომ ექიმებს დაავიწყდათ ამოეჭრათ აორტასთან რომ კიბო მქონდა. ამ ფონზე ვერ ვენდე აქაურ ლაბორატორიებს, ბანკში ჩავდე სახლი იმდენად, რამდენის გადახდასაც შევძლებდი და ჩემი ანალიზები გავაგზავნე ამერიკაში. თანხა, რა თქმა უნდა, არ მეყო და თბილისის მერია და ჩემი უნივერსიტეტი (ტექნიკური უნივერსიტეტი) დამეხმარა, ასე შევავსე ანალიზებისთვის საჭირო რაოდენობა.

ამერიკიდან მომივიდა პასუხი თავისი რეკომენდაციებითა და დიაგნოზით, რომელიც აქ ვერ დაადგინეს სამწუხაროდ. დადასტურდა, რომ მაქვს ავთვისებიანი, აგრესიული ფორმის და მალე გავრცელებადი კიბო. ანალიზის პასუხებს თან მოჰყვა როგორი მკურნალობა უნდა ჩამიტარდეს და რა წამლები მჭირდება. იქვე იყო მითითებული, რომ შესაძლებელია ფილტვზე იყოს რამე პრობლემა, იმიტომ, რომ მეორე სიმსივნე აორტასთან იყო. დავიწყე ქიმიოთერაპიის კურსი. სამი ქიმიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები არ მაქვს გასული ორგანიზმში, ანუ ფილტვი სუფთაა. მეექვსე ქიმიას რომ გავიკეთებ კიდევ უნდა ჩამიტარდეს კვლევები, იმის დასადგენად, რომ ნამდვილად არ მაქვს მეტასტაზები. ამასობაში აღმოჩნდა, რომ წარმომექმნა პრობლემა ღვიძლზე. ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, წასვლა მინდა თურქეთში, რომ დიაგნოზი დამისვან და მომცენ რეკომენდაციები მკურნალობაზე. ამისთვის დაახლოებით 6.500 ლარი მყოფნის. ვიპოვე კლინიკა უკვე და ექიმიც. საქართველოში მეუბნებიან, რომ ღვიძლზე კია პრობლემა, მაგრამ პროგრამაში რომ ჩაგსვათ, ცე ჰეპატიტი უნდა გქონდეთ გადატანილიო...

ქიმიოთერაპიის მერე, მარტის შუა რიცხვებამდე უნდა მოვაგროვო ეს თანხა”, - წერს დარეჯანი.

P.S. ვიცი, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია საზოგადოების გვერდში დგომას და ვფიქრობ, ამჯერადაც შევძლებთ გაერთიანებას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად. გთხოვთ, დავეხმაროთ დარეჯან მეფარიშვილს, ორი შვილის დედას, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. სიკეთე ხომ გადამდებია.

GE53BG0000000799178200 საქართველოს ბანკი

GE16TB7795245068100028 თიბისი ბანკი

მიმღები დარეჯან მეფარიშვილი