"ეზოში ვიყავი და მურთაზ ზოდელავას ხმა მესმოდა: „უკან არ დავიხიოთ, სასახლე ჩვენია“, ირაკლი ნადირაძესთან ერთად იყო" - სდსს-ს წარმომადგენელი 4 ოქტომბრის საქმეზე
პრეზიდენტის სასახლის ეზოში ვიყავი და მურთაზ ზოდელავას ხმა მესმოდა. ამბობდა, „უკან არ დავიხიოთ, სასახლე ჩვენია“. მურთაზი ირაკლი ნადირაძესთან ერთად იყო,- ამის შესახებ 4 ოქტომბერის საქმეზე სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელმა, გიორგი წეველიძემ განაცხადა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.
გიორგი წეველიძის განმარტებით, მისი დანაყოფი უშუალოდ პრეზიდენტის სასახლეს იცავს, რომელსაც სასახლის კონტროლი და უსაფრთხოება აქვს ჩაბარებული. მან ადვოკატების კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ „4 ოქტომბრის აქციის დღეს პრეზიდენტის სასახლეში სპეცრაზმი იყო იმყოფებოდა".
გიორგი წეველიძის თქმით, აქციის მონაწილეების მისვლამდე „სასახლის ღობე ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო” ხოლო უშუალოდ აქციის დროს, დაინახა, რომ „დაახლოებით 6-7 კაცი სასახლის ღობეს ეჯაჯგურებოდა...სასახლის ღობის ჯერ შუა ნაწილი დაზიანდა, შემდგომ ეტაპობრივად”.
ამასთან, მოწმის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები „ბოლომდე, ბოლომდე“, ისროდნენ ნივთებს. მისი თქმით, დაზიანდა როგორც თვითონ, ისე დაზიანდნენ მისი თანამშრომლებიც. გიორგი წეველიძის თქმით, მას რკინის კონსტრუქცია მოხვდა.
„აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები მიმართავდნენ ჟესტიკულაციით, ასევე მოგვმართავდნენ ჩვენ, რომ მიგვეცა [სასახლის] გასაღები.... სასახლის ეზოში ვიყავი და მურთაზის ხმა მესმოდა. ამბობდა, „უკან არ დავიხიოთ სასახლე ჩვენია". მურთაზი ირაკლისთან ერთად იყო. მათ წუთიც არ დაუყვიათ ეზოში“,- განაცხადა გიორგი წეველიძემ.
მოწმეს შეკითხვები დაუსვეს ადვოკატებმა, მათ შორის ბექა ბასილაიამ მას შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ 4 ოქტომბრის შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაზე.
„პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რა მიმართულებით შეიძლება განვითარებულიყო აქცია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ არ გვემოქმედა და დავახვედრეთ სიურპრიზიო. ანუ პრემიერი ამბობს, რომ იცოდნენ აქციის განვითარების გეგმა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და იმ დანაყოფმა, რომელიც პრეზიდენტის სასახლის დაცვას უზრუნველყოფს, ამ ინფორმაციის შესახებ არ იცოდა?“,- მიმართა ბასილაიამ მოწმეს.
თავის მხრივ, გიორგი წეველიძემ განმარტა, რომ არაფერი იცოდა.
„მე არაფერი ვიცოდი”,- აღნიშნა წეველიძემ.
ამასთან, ადვოკატის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელეს ზოდელავამ და ნადირაძემ სასახლის ეზოში შესვლისას, მან ასე უპასუხა:
„მოქმედება არაფერი... ორივესგან იყო შეძახილი, მაგრამ ზუსტად რომელი, რას იძახდა, არ მახსოვს. ნადირაძეს დროშა რომ ჰქონდა შემოხვეული, ეს მახოვს“, - აღნიშნა გიორგი წეველიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
"ინტერპრესნიუსი"