უნდა დაუთმოს თუ არა უკრაინამ რუსეთს ტერიტორია? - რას ფიქრობს "ღონემიხდილი უკრაინელი ხალხი"? (The New York Times)
„უკრაინელთა სულ უფრო მეტი ნაწილი თვლის: მშვიდობისათვის უნდა გაკეთდეს ის, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო - უკრაინამ რუსეთს ტერიტორია უნდა დაუთმოს“ - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ ჟურნალისტ მარია ვარენიკოვას სტატიას, რომელშიც დონბასის რუსეთისადმი გადაცემის თაობაზე ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებია განხილული.
„მძიმე მდგომარეობით გატანჯული და ღონემიხდილი უკრაინის საზოგადოების სულ უფრო მეტი ნაწილი თანახმაა ტერიტორიის რუსეთისათვის გადაცემაზე, თუ ქვეყანა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მიიღებს“, - აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ქრისტინა იურჩენკოს იმედი ჰქონდა, რომ იგი დონბასში თავის ცხოვრებას კარგად მოიწყობდა: იგი პოპულარულ საცეკვაო სტუდიას ფლობდა და მთელ თავის ენერგიას ახმარდა მის განვითარებასა და გაფართოებას. მაგრამ როგორც თვითონ ქრისტინა აღიარებს, იგი ყველაფერს დათმობდა მტკიცე მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ.
ქრისტინა იურჩენკო იზიარებს იმ უკრაინელების პოზიციას, რომელთა რაოდენობა ბოლო დროს სულ უფრო მატულობს და რომლებიც მზად არიან რუსეთს დაუთმონ კრემლის მიერ ოკუპირებული დონბასი იურიდიულად, მათ შორის, რეგიონის ის ნაწილიც, რომელსაც კიევი ჯერ კიდევ აკონტროლებს - იმ შემთხვევაში, თუ ეს დათმობა ხელს შეუწყობს კონფლიქტის დასრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც აშკარად გამოიკვეთა უკრაინის მოსახლეობაში. ისინი იმდენად დაიღალნენ და დაიტანჯნენ განუწყვეტელი საჰაერო განგაშით, დაბომბვებით, აფეთქებებით, ოჯახის წევრებისა და ნათესავების სიკვდილით, სიცივითა და უშუქობით, რომ მზად არიან კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღონ, ამჯერად - ტერიტორიის სახით.
უარის თქმა ის მიწა-წყალი, რომელიც რუსეთის არმიას დაპყრობილი ჯერ არ აქვს, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა უკრაინის ხელისუფლების „წითელ ხაზად“, მაგრამ ოდესღაც შეუძლებელი და წარმოუდგენელი დათმობა დღეს უკვე სულ უფრო შესაძლებლად მიიჩნევა: კრემლი ჯიუტად აგრძელებს სასტიკ დარტყმებს და მტკიცედ აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება წარმატებით, თუ უკრაინის არმია დონბასიდან უკან დაიხევს და პოზიციებს რუსეთის არმიას დაუთმობს.
„ჩემთვის მთავარია ომის დასრულება და თუ დონბასის გადაცემის შემდეგ მშვიდობა დამყარდება, მე მზად ვარ, აქედან წავიდე“, - ამბობს ქრისტინა, თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ტერიტორიის დათმობას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მოკავშირეები უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებით უზრუნველყოფენ.
დონბასის პერსპექტივა ყველაზე მწვავე საკითხია უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებში, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროში ბოლო დროს რეგულარულად იმართება.
უკრაინა მრავალი წლის განმავლობაში აშენებდა თავდაცვის ზღუდეებს, ამტკიცებდა დონბასის ქალაქების თავდაცვას და ათი ათასობით ჯარისკაცი დაკარგა ამ სამრეწველო რეგიონის შენარჩუნებისთვის ბრძოლებში. დონბასის ტერიტორია მოიცავს უკრაინის რამდენიმე ოლქის, ძირითადად კი - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ მიწებს. დღეისათვის ლუგანსკის ოლქი უკრაინას მთლიანად აქვს დაკარგული. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, მის 20%-ს ჯერჯერობით ისევ უკრაინის არმია აკონტროლებს.
დონბასის მთლიანად დაპყრობა შესაძლებლობას მისცემს რუსეთს პრეტენზია ჰქონდეს პირობით გამარჯვებაზე მაინც - თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა მოსკოვი უკრაინის მთლიან დამორჩილებას ვერ ახერხებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ყველას გასაგონად ხაზს უსვამდა, რომ უკრაინა წინააღმდეგია დონბასიდან ცალმხრივად გაიყვანოს ჯარები, თუმცა ზოგჯერ იგი მიანიშნებდა გარკვეული მოქნილი პოლიტიკის გატარებაზე, რომლის მიხედვით, კომპრომისებზე უკრაინაც უნდა წავიდეს და რუსეთიც. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კიევი ზეწოლას განიცდის, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე - მოლაპარაკების მაგიდასთანაც.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ბოლო დროს აშკარა მზადყოფნა გამოვლინდა ტერიტორიების დათმობის მიმართ. 2022 წლის მაისში, როცა უკრაინის არმიამ მტრის ჯარები დედაქალაქთან შეაჩერა და შემდეგ უკუაგდო, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 82% თვლიდა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს.
ორშაბათს, ორ თებერვალს, გამოქვეყნდა იმავე ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები: რესპოდენტთა 40%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს დონბასის რუსეთისადმი დათმობას, ოღონდ - უსაფრთხოების მტკიცე გარანტიით.
ამ ორ ციფრს ერთმანეთს პირდაპირ ვერ შევადარებთ, რადგან პირველი გამოკითხვის დროს გათვალისწინებული არ იყო უსაფრთხოების გარანტიების არსებობა, მაგრამ უკრაინელთა მზადყოფნა ტერიტორიის დათმობაზე დღეს სხვა გამოკითხვებითაც დასტურდება.
და მაინც, მოსახლეობის უმრავლესობა (60%) მტკიცე უარს აცხადებს მტრისთვის მიწების გადაცემაზე. ბევრი ამბობს, რომ მზად არის მოითმინოს გაჭირვება და ტანჯვა, აიტანოს სიცივე, შეეგუოს უშუქობას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურების დაბომბვების შედეგად, თანაც მკაცრი ზამთრის 20-გრადუსიანი ყინვების დროს.
ანალიტიკოსების აზრით, დონბასის დათმობა უკრაინელ საზოგადოებას ღრმა განხეთქილებით ემუქრება. გარდა ამისა, შეილახება ვოლოდიმირ ზელენსკის რეპუტაციაც, რომელიც გმირი ლიდერიდან დამარცხებულ ლიდერად გადაიქცევა, იგი მუდმივად მტრისთვის ტერიტორიის ჩამბარებელ პოლიტიკოსად იქნება მოხსენიებული. „დონბასის იმ ნაწილის ბევრი მცხოვრები, რომელსაც უკრაინის არმია დატოვებს, ალბათ, ქვეყნის სხვა რეგიონებში გადავა საცხოვრებლად და რუსების ოკუპაციის პირობებში არ დარჩება“, - ამბობს ქრისტინა იურჩენკო, საცეკვაო სტუდიის მფლობელი.
„ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ხალხს უსმენს და იგი დონბასს მტერს არ დაუთმობს“, - დარწმუნებულია ევგენი კოლიადა, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის კოორდინატორი, რომელიც ფრონტისპირა რაიონებიდან ათასობით მცხოვრების ევაკუაციას აწარმოებს.
როგორც კიევის კვლევითი ცენტრის - „ახალი გეოპოლიტიკის“ დირექტორი მიხეილ სამუსი აღნიშნავს, უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია იმ ტერიტორიის დათმობა, რომლებიც მტერს სამხედრო ძალით არ აქვს დაკავებული.
ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებით, დონბასში დემილიტარიზებული ზონა უნდა შეიქმნას, ამისათვის ორივე მხარის - რუსეთისა და უკრაინის არმიები თანაბარი მანძილით უკან იხევენ ფრონტის ხაზიდან. თუმცა, როგორც მიხეილ სამუსი თვლის, ასეთი მოქმედება თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად კი - თითქმის შეუძლებელი: ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მთელი რეგიონი დაიპყროს - ან იარაღით, ან მოლაპარაკების მეშვეობით.
ანალიტიკოსების აზრით, მათთვის, ვინც მზად არის დონბასზე უარი თქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას. ბევრი შიშობს, რომ თუ უკრაინა ჯარებს ასეთი გარანტიების გარეშე გაიყვანს, რუსეთს ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ ახალი პლაცდარმიდან, დონბასის თავდაცვითი ხაზის უბრძოლველად დაკავების შემდეგ, შეტევა დასავლეთის მიმართულებით განახორციელოს.
„უკრაინელთა წარმოდგენებში უსაფრთხოების გარანტიები იმას ნიშნავს, რომ „რუსეთის თავდასხმა არ განმეორდება და რომ კიევის პარტნიორი ქვეყნები ამის პირობას დებენ“, - ამბობს პოლიტანალიტიკოსი ოლეგ სააკიანი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელთა დაცვას ევროკავშირი და აშშ უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება, მართლაც იბრძოლებენ თუ არა ისინი რუსეთთან უკრაინის გულისთვის. მით უმეტეს, რომ კრემლი სასტიკად ეწინააღმდეგება უკრაინაში ევროპელთა სამხედრო კონტინგენტის განთავსებას.
ოლეგ სააკიანის თქმით, უკრაინა ფრთხილად უნდა იყოს: დონბასის დათმობაც კი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს რუსეთის დასარწმუნებლად, რომ მოსკოვმა წინსვლა შეაჩეროს. „ილუზიაა, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება რაღაც სადემარკაციო ხაზის შესახებ თუნდაც დროებით მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
რაც უნდა იყოს, ქრისტინე იურჩენკო ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილია მშვიდობის დამყარება, თუმცა ისიც შიშობს, რომ ტერიტორიულმა დათმობამ შეიძლება შედეგი არ მოიტანოს და რუსეთმა ისევ შეტევა გააგრძელოს: „ცხადია, თუ უკრაინა დონბასს რუსეთს მისცემს, მე ახალ ადგილზე გადასვლა და ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს... ეს ძალზე მძიმე მსხვერპლი იქნება, მაგრამ ღირს მისი შეწირვა საიმედო და მტკიცე მშვიდობისათვის... მაგრამ ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ ისევ და ისევ არ მომიწევს ახალ ადგილზე გადასვლა?“.
მოამზადა სიმონ კილაძემ