"დაკითხვის დროს ავტოკალამში დამალული ციანიდის კაფსულის გადაყლაპვა შეძლო და..." - როგორ აკავებდა "ალფა" ცსს-ის აგენტებს საბჭოთა კავშირის დროს
ქართველ კაცს უთქვამს: „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“. გამარჯვებებითა და მარცხით აღსავსე საქართველოს ისტორიაში „ურემი“ ბევრჯერ გადაგვიბრუნდა, გზაც გამოჩნდა, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო, კვლავ ლაბირინთებით სიარული და კვლავ ტაძრისკენ მიმავალი გზის ძიება გვიხდება.
ასე გრძელდება საუკუნეები.
1801 წლიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე რუსეთის იმპერიიდან მოდის, რომელიც ღია და ფარული მეთოდებით ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცველი უსაფრთხოების კომპონენტების (მათ შორის, უპირველესად: ქართული არმიის, სპეცსამსახურებისა და დიპლომატიური კორპუსის) შექმნა/გაძლიერებას.
საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერია არასდროს უშვებდა ხელიდან ცენტრალიზებული მართვის ამ სამ ბერკეტს.
გასულ საუკუნეში, მსოფლიოში გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, საქართველომ ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა ეს რეალური და სრული მაინც არ ყოფილა. სამწუხაროდ, „კრემლის“ მარწუხებიდან თავის დაღწევა მარტივი/იოლი არც იქნება. რატომ?
იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა ჩანერგილი აგენტურისა და „სასარგებლო იდიოტების“ მეშვეობით ჩვენი ქვეყნის კულისებიდან მართვის რესურსები. ზოგჯერ საქმე კურიოზამდეც კი მიდიოდა:
გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სეპარატისტების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტი ერთ, საკმაოდ გამოცდილ „ჩეკისტს“ შესთავაზეს, მან კი ამგვარი მოთხოვნა წამოაყენა, - დავთანხმდები, თუ სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ არ იმუშავებსო! აბა, ვის წინააღმდეგ უნდა დაეგეგმა ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებები ამ სამინისტროს? ვინ იყო და დღესაც რჩება საქართველოს #1 მტრად? ვინ აქეზებდა სეპარატისტებს და ამარაგებდა იარაღით? ვინ შეუწყო ხელი სამოქალაქო ომის დაწყებას? დღესაც ვინ ცდილობს ჩვენი ქვეყნის მუდმივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დესტაბილიზაციას? იქნებ ესკიმოსები ან სულაც - მარსიდან ჩამოსული „ერთმორწმუნე მეგობრები“? მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ის „ჩეკისტი“ მინისტრად კი დანიშნა, თუმცა სამინისტროში მისი წარდგენისგან წინდახედულად თავი შეიკავა და ეს „მისია“ თბილისის მერს, ნიკო ლეკიშვილს შესთავაზა, ხოლო როდესაც მანაც „საპატიო მიზეზით“ უარი განაცხადა, ყოფილმა „კანონიერმა ქურდმა“ და „მხედრიონის“ მეთაურმა ჯაბა იოსელიანმა იკისრა ეს საქმე. ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით, ახლა კი სპეციალური დანიშნულების რაზმ „ალფას“ მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ გავაგრძელოთ საუბარი.
„ალფა“ არ იყო კა-გე-ბეს ანალიტიკური ან ინფორმაციის მომპოვებელი ოპერატიული დანაყოფი, ის შეიქმნა, როგორც პრობლემების ძალისმიერი გზებით გადაწყვეტის სპეციალური რაზმი. ამიტომ „ალფას“ ყველა წევრს გავლილი ჰქონდა საჰაერო-სადესანტო მომზადების კურსები. საბჭოთა „კომანდოსები“ აღჭურვილნი იყვნენ თანამედროვე მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღითა და ღამის ხედვის აპარატურით. კა-გე-ბეს ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს საიდუმლო ლაბორატორიებში მათთვის დამზადდა სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებების (მათ შორის „ჩერიმუხასა“ და „სი-ესის“) გამოყენებისთვის. 1988 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, „ალფას“ პირადი შემადგენლობა 252 ადამიანს (248 სამხედრო მოსამსახურე და 4 სამოქალაქო პირი) შეადგენდა.
„ალფა“ მონაწილეობდა კა-გე-ბეს ყველაზე საიდუმლო და საპასუხისმგებლო ოპერაციებში, კერძოდ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (ცსს) და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების 10-ზე მეტი ჯაშუშის დაკავებაში.
1977 წლის 15 ივლისს მოსკოვში დააკავეს ცსს-ის თანამშრომელი, მარტა პეტერსონი, რომელიც ოფიციალურად აშშ-ის საელჩოს ვიცეკონსული იყო.

მარტა პეტერსონის დაკავება, 1977 წლის 15 ივლისი. მოსკოვი. მილიციელის ფორმაში გადაცმულია „ალფას“ წევრი, კაპიტანი ვლადიმერ ზაიცევი.
მარტა პეტერსონს მოსკოვში კავშირზე ჰყავდა “ტრიანონი” (აშშ-ის დაზვერვის მიერ მინიჭებული ოპერატიული ფსევდონიმი, ასევე ცნობილია, როგორც “ტრიგონი”), იგივე “აგრონომი” (კა-გე-ბეს მიერ ოპერატიული დამუშავების საქმის დროს მინიჭებული ფსევდონიმი) - ასეთი იყო საბჭოთა დიპლომატის და იმავდროულად, 1974 წლიდან აშშ-ის ცსს-ს აგენტის, ალექსანდრე ოგოროდნიკის ფსევდონიმები. თავად „ტრიანონი“ მოსკოვში 1977 წლის 21 ივნისს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, დაკითხვის დროს ა. ოგოროდნიკმა შეძლო თავის ავტოკალამში დამალული ციანიდის კაფსულის გადაყლაპვა და თავი მოიკლა.
„ალფას“ განსაკუთრებით მოემატა სამუშაო 1985 წლის გაზაფხულზე. იმავე წლის აპრილში ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში გამოცხადდა აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოლდრიჩ ეიმსი და საიდუმლო ინფორმაციის გამხელის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვა.

1985 წლის ივნისში „ალფამ“ დააკავა ცსს-ის აგენტი, სამხედრო ინჟინერი ადოლფ ტოლკაჩოვი. ცენტრში ვლადიმერ ზაიცევი. ა. ტოლკაჩოვი 1986 წლის 24 სექტემბერს დახვრიტეს.
თანხმობის მიღების შემდეგ ეიმსმა კა-გე-ბეს გადასცა საბჭოთა სპეცსამსახურების იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც აშშ-ის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. მათ შორის იყვნენ სამხედრო ინჟინერი, ადოლფ ტოლკაჩოვი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი და იმავდროულად ცსს-ის აგენტი გენერალ-მაიორი დიმიტრი პოლიაკოვი და სხვები. მალევე ცსს-ის აგენტების დაკავებები დაიწყო. ამ ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება „ალფას“ დაევალა.

ადოლფ ტოლკაჩოვის დაკავების ოპერაცია სხვა რაკურსით.
„ალფას“ სპეციალურმა ჯგუფმა, რომელსაც ვლადიმერ ზაიცევი ხელმძღვანელობდა დააკავა გე-ერ-უს სამხედრო-დიპლომატიური აკადემიის უფროსი ლექტორი, გენერალ-მაიორი დიმიტრი პოლიაკოვი, რომელიც 1988 წლის 15 მარტს დახვრიტეს.

გენერალ-მაიორი დიმიტრი პოლიაკოვის დაკავება, 1986 წლის 7 ივლისი. მარჯვნიდან პირველი ვლადიმერ ზაიცევი
„ალფას“ მიერ ჩატარებული ოპერაციების შემდეგ დაკავებულ იქნენ ცსს-სა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდეგი აგენტები: პოდპოლკოვნიკი გენადი ვარენიკი - კა-გე-ბეს ბონის რეზიდენტურის ოფიცერი. ცსს-ს აგენტი. დახვრიტეს 1987 წლის 25 თებერვალს;

გენადი ვარენიკის დაკავება.
პოლკოვნიკი ვალერი მარტინოვი — კა-გე-ბეს ვაშინგტონის რეზიდენტურის სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის ოფიცერი. ცსს-ს აგენტი. დახვრიტეს 1986 წელს;

ვალერი მარტინოვის დაკავება
პოდპოლკოვნიკი სერგეი მოტორონი - კა-გე-ბეს ვაშინგტონის რეზიდენტურის საგარეო კონტრდაზვერვის ოფიცერი. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი. დახვრიტეს 1987 წელს;

სერგეი მოტორონის დაკავება
საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი გენადი სმეტანინი - საბჭოთა სამხედრო ატაშეს თანაშემწე პორტუგალიაში. ცსს-ს აგენტი. დახვრიტეს 1986 წელს;

გენადი სმეტანინის დაკავება
პოლკოვნიკი ვლადიმერ პიგუზოვი - 1982-1985 წლებში იური ანდროპოვის სახელობის კა-გე-ბეს ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის გათავისუფლებულi მდივანი.
თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას რომ ეს ინსტიტუტი ამზადებდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოფიცრებს, მაშინ გასაგები ხდება, რომ პიგუზოვის მეშვეობით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წლების მანძილზე ჰქონდა წვდომა მომავალი საბჭოთა მზვერავების ყველა პერსონალურ მონაცემზე. ვ. პიგუზოვი 1986 წელს დახვრიტეს.
თვითმფრინავის გამტაცებლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის განხორციელებასა და ჯაშუშების დაკავებასთან ერთად, 1980 -იანი წლების მიწურულს, „ალფა“ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა-დაკავების ოპერაციების დროს ყველაზე საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მათ განსაკუთრებით „ გამოიჩინეს თავი“: ალმა-ათაში (1986 წლის 18 დეკემბერი), თბილისში (1989 წლის 9 აპრილი), ბაქოში (1990 წლის 20 იანვარი) და ვილნიუსში (1991 წლის 11-13 იანვარი).
(მეხუთე ნაწილის დასასრული)