მსოფლიო სკანდალის მოლოდინში: შეუტევს თუ არა აშშ ირანს? - რა გადაწყდება დღეს?
ირანი და შეერთებული შტატები დღეს, 6 თებერვალს, ომანში, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ - ინფორმაციას ავრცელებენ საერთაშორისო მედიასაშუალებები და იმასაც ამატებენ, რომ ეს შეიძლება გადამწყვეტი მოლაპარაკება გახდეს, რის შემდეგაც ირანი და აშშ კონკრეტულ თემებზე შეჯერდებიან ან შეთანხმება ვერ შედგება, რასაც ომის დაწყება მოჰყვება...
პრეზიდენტ ტრამპს თავიდან ჰქონდა ორი მოთხოვნა, ირანის ხელისუფლების მიმართ - ბირთვული პროგრამის შეჩერება და საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების შეწყვეტა.
მაგრამ ისრაელის მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ამერიკელებმა ირანელებს დამატებით შემდგომი პრეტენზიებიც წაუყენეს - ირანული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობისა და ფრენის სიშორის შეზღუდვა, ირანის მხრიდან სამხედრო-ფინანსური დახმარების სრული შეწყვეტა „პროქსი-ძალებისთვის“ -„ჰეზბოლასთვის“, „ჰამასისთვის“, იემენელი ჰუსიტებისთვის, რასაც საკუთარიც დაუმატეს - ჩინეთისთვის ნავთობის მიყიდვის „გაყინვა“...
აქამდე გამართულ ამერიკულ-ირანულ მოლაპარაკებებში ნამდვილი პოლიტიკური ვაჭრობა მიდიოდა - ირანი თითქოს თანახმა იყო, რომ აღარ მოეხდინა ურანის გამდიდრება 1,5%-ზე მეტად (რაც საკმარისია ატომური ელექტროსადგურების ბირთვული საწვავისთვის), თუმცა ამისთვის აშშ-ისგან შესაბამის ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვდა, ამასთან, განიხილებოდა საკითხი ირანში დაგროვებული, 60%-მდე გამდიდრებული 409 კგ ურან-235-ის მესამე ქვეყნისთვის, შესაძლოა, რუსეთისთვის გადაცემის თაობაზეც...
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც წესით, ომანში უნდა დაიწყოს, თითქოს ირანი მზადაა, განიხილოს მხოლოდ ბირთვულ თემასთან დაკავშირებული საკითხები და არ შეეხოს ბალისტიკური რაკეტებისა და პროქსი-ძალების თემებს, რაც უკვე წინასწარ მიუთითებს ამ მოლაპრაკებების უშედეგოდ დამთავრების საფრთხეზე...
ამასთან, აშშ-მა თავის მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, მოუწოდა, სასწრაფოდ იპოვონ კარგად დაცული თავშესაფარი და იქ გაატარონ უახლესი პერიოდი და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდნენ ქუჩებში...
არის თუ არა ეს იმის პირდაპირი ნიშანი, რომ ირანის გარშემო თავმოყრილი ამერიკული სამხედრო მანქანა მოძრაობაში მოვა? ამას უახლოეს დღეებში ვიხილავთ.