თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან - კვირის პალიტრა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან სასამართლოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას - პასპორტის, პირადობის შესაბამის ორგანოში ჩაბარებას სთავაზობდნენ.

ასევე, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბურჭულაძეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან.

„არც მტკიცებულებები განადგურების საფრთხეა, ბატონი პროკურორის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც კი ჩვენ სასარგებლოდ აძლევენ ჩვენებას. ვშუამდგომლობთ გირაოს, თანხა 10 000-ლარს, მაგრამ საბოლოო თანხა სასამართლომ განსაზღვროს.

დამატებით ვალდებულებზეც მოგახსენებთ, მათ შორის, თანახმა ვართ, პასპორტის ჩამორთმევაზე. მოგეხსენებათ, რომ ერთ ფაქტსაც კი ვერ დაასახელებს პროკურორი, თუ რატომ უნდა იყოს ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში... არ არის აუცილებელი პატიმრობაში იმყოფებოდეს პიროვნება, გირაო იმიტომ არსებობს, რომ გამოყენებული იყოს გირაო. არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე ბრალდებულს ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს ოჯახთან, არასრულწლოვანებთანაც კი",- განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

გააგრძელეთ კითხვა