"ლეიკემია დაამარცხა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე" - რას ჰყვებიან ახლობლები ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის ბიჭზე
ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ალექსანდრე მამალაძე დაიღუპა. ტრაგედია 6 თებერვალს, საღამოს საათებში მეგობრების თვალწინ დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, პირველადი ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მაღალი ძაბვის დენთან შეხებაა.
გარდაცვლილი ალექსანდრე მამალაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. გლოვობენ ახალგაზრდას სკოლაში, სამეზობლოში და ყველა განიცდის მომხდარს.
“პირველ რიგში ძალიან მინდა სამძიმრით დავიწყო და ღრმად მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. ეს მართლა უდიდესი ტკივილიაა ჩვენი სკოლისთვის, ოჯახისთვის და ყველანი განვიცდით მომხდარს. ეს მძიმე ამბავი ჩვენთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ რაც ვიცით, ის არის, რომ ალექსანდრე მამალაძე გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რკინიგზის ტერიტორიაზე, გადასასვლელი სადაც არის, იმ ტერიტორიაზე და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. ამ უბედური შემთხვევის მიზეზი, როგორც ამბობენ, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიასთან კონტაქტია, რასაც მოყვა ფატალური შედეგი. ამ წუთას მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მიერ შემთხვევის ადგილის ოფიციალური შესწავლა, ამიტომ ზუსტ დეტალებს ალბათ უწყება გაავრცელებს. ასეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და ვფიქრობ, ჯობია, შეფასებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ, დაველოდოთ გამოძიებას და სამძიმარი ვუთხრათ ბავშვის ოჯახს. არ მინდა გავრცელდეს რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია.

ეს ვიცი, რომ ბავშვები, მეგობრები ერთად იყვნენ ასული იქ, იმასაც ვერ ამბობენ თვითმხილველი ბავშვები, ბავშვი გადახტა თვითონ ვაგონებზე, თუ გადავარდა, რადგან ცოტა სიბნელე იყო და თვითონაც ფოტოებს იღებდნენ. ეს ვარაუდებია, მე არ მაქვს კომპეტენცია რომ დაზუსტებით მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამიტომ ჯობია, შესაბამისმა უწყებამ გააკეთოს განცხადება და მათგან მოვისმინოთ დეტალები. ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა, იქ იყო მაღალი ძაბვა სავარაუდოდ და დასრულდა ამ უმძიმესი ტრაგედიით.
ალექსანდრე ძალიან ენერგიული, ძალიან მოძრავი და კარგი ბავშვი იყო. ყოველთვის ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. ხან კაბინეტის კარს შემომიღებდა. მიზეზს ეძებდა, რომ ჰქონოდა ჩემთან კომუნიკაცია. ძალიან თბილი და მოსიყვარული იყო. გუშინ იყო სკოლაში, პირველი სმენა იყო, 2 საათზე უმთავრდებათ სწავლა, მერე წავიდა სახლში და საღამოს უბნის ბავშვები, მეგობრები იკრიბებოდნენ და ასეთ დროს მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ამის შემხედვარე ბავშვები შველას აპირებდნენ თურმე და თვითონაც აპირებდნენ გადახტომას როგორც გავიგეთ, მაგრამ იქ აღმოჩნდა თვითონ რკინიგზის თანამშრომელი და მან იყვირა და ბავშვებს მოუწოდა, რომ არ გადამხდარიყვნენ. თორემ ალბათ რა ვიცი რა მოხდებოდა.
ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბავშვია, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს და ძალიან მძიმეა ამ ამბავთან შეგუება”, - ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი ცირა ქობულაძე.
"ღმერთოო რატომ, სიკვდილს გამოგლეჯილი მეორედ რატომ სიკვდილო, რა გინდოდა, რატომ გაამწარე მისი მშობლები. მარინა, მურმანი არ ვიცი რითი განუგეშოთ, წარმოდგენაც არ მინდა, რა გითხრათ”- დაწერა სოციალურ ქსელში შორენა ჩქოფოიამ.
ჩვენ მას დავუკავშირდით, იმის გასარკვევად თუ რა პრობლემები ჰქონდა წარსულში პატარა ალექსანდრე მამალაძეს. როგორც შევიტყვეთ, ალექსანდრე მამალაძემ წლების წინ ლეიკემია დაამარცხა.
“ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენმა შვილებმა ლეიკემია ერთად გადაიტანეს. ჩვენ ვერ დავამარცხეთ და ჩემი ანგელოზი გამიფრინდა, ალექსანდრემ ისე კარგად გადაიტანა, სრულად გამოჯანმრთელდა და დაამარცხა ლეიკემია. რასაც ჰქვია სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. მაშინ ჩემი შვილი 11 წლის იყო, ალექსანდრე 3 წლის. ჩვენ რაც გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ნამდვილად ჯოჯოხეთ გამოვლილები ვართ. მას მერე ახლო ურთიერთობა გვაქვს ალექსანდრეს ოჯახთან. მათ სახლშიც ვართ ნამყოფი და ვმეგობრობდით კიდეც. მიხაროდა ასე კარგად რომ ვხედავდი ალექსანდრეს. საბოლოოდ, ლეიკემიაზე გამარჯვებულს და დღეს ეს მძიმე, თავზარდამცემი ამბავი გავიგე. ძალიან ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის საოცრად კარგ მშობლებს, მარინას და მურმანს, რომლებსაც ყოველთვის ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდათ და საოცრად გვერდში დგომა იციან. დღემდე ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან მე და ამ ტკივილისთვის ვერ ვიმეტებ ალექსანდრეს მშობლებს. ძალიან ძნელია გაძლება. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, განმიახლდა ყველაფერი, უმძიმესი ტრაგედიაა”, - გვითხრა შორენა ჩქოფოიამ.
სოციალ ქსელში სკოლის ფეისბუქ გვერდზეც დაიდო ემოციური სტატუსი და ფოტო ალექსანდრე მამალაძის. გულისტკივილით ემშვიდობებიან მას პედაგოგები, მეგობრები და ყველა ვინც იცნობდა.
“ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ცელქი, ასეთი მხიარული, ასეთი სიცოცხლით სავსე ბავშვის გზა ასე ხანმოკლე იქნებოდა. ვინ იფიქრებდა, რომ მისი მოუსვენარი ხასიათი, მისი დაუცხრომელი ენერგია ასეთ მტკივნეულ სიცარიელედ, ასეთ მძიმე სიჩუმედ, ასეთ უსიტყვო ტკივილად გადაიქცეოდა ჩვენს გულებში და ჩვენს სკოლაში... მამალაძე, ზარი დაირეკა - შედი გაკვეთილზე. მამალაძე, გარეთ გასვლა არ შეიძლება. სკოლის გარეთ გაკვეთილების დროს ვერ გაგიშვებთ.“…მამალაძე, იქ სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ. გადი სკოლის გარეთ. ირბინე დერეფანში, გთხოვთ”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სკოლას მომხდარი ტრაგედიის გამო.
(სპეციალურად საიტისთვის)