ყვავილების „კოლექციური“ ბაღი
"...გაზაფხულზე და ზაფხულში აქ დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა. ბაღის შუა ნაწილში სივრცე მაქვს, სადაც ყავას ვსვამთ და სტუმრებს ვუმასპინძლდებით. სამომავლოდ ბევრად მრავალფეროვანი მინდა გავხადო აქაურობა", - ამბობს ხათუნა კალანდაძე, რომელმაც ვანის მუზეუმის მახლობლად ულამაზესი, იშვიათი მცენარეების ბაღი შექმნა. ხათუნა კალანდაძე ვანიდან გვესაუბრება:
- კარგია, როცა ბაღში ყვავილები გაქვს, უყურებ და ტკბები მათი სილამაზით, ეს დიდ სიმშვიდეს განიჭებს. ყვავილების სილამაზეს რომ ადამიანის გადარჩენა შეუძლია, უდავოა. ყველა ვერ ამჩნევს ამ სილამაზეს, მე მშობლებმა მასწავლეს, განსაკუთრებით მამამ, მათი აღქმა. ყვავილები გარშემო სხვა ყველაფერსაც მშვენიერებას ჰფენენ. ჩემს ბავშვობაში გვქონდა ულამაზესი პატარა ბაღი, რომელსაც ჩემი მშობლები უვლიდნენ. ყვავილები ცოცხალია და და როგორც ყველაფერ ცოცხალს, მოვლა სჭირდება, აგვისტოშიც კი ვრგავ და ვახარებ. შუადღეს თავზე ვაფარებ, მზემ რომ არ დაწვას, საღამოს გადავხდი და ვრწყავ. სანამ გაიზრდებიან, ბავშვივით უნდა მოუარო.
- როგორ შექმენით ეს ოაზისი?
- ვანში მუზეუმის გვერდზე ვცხოვრობ, ოთხი წელია, რაც მცენარეების გაშენება დავიწყე. ნელ-ნელა ვამდიდრებ, ძალიან ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი. მიყვარს ეს საქმე, მსიამოვნებს მცენარეების მოვლა-გამრავლება. ოჯახთან ერთად თბილისში ვცხოვრობდით, იქაც სულ მცენარეების მოშენებით ვიყავი დაკავებული. შემდეგ ჩემს დედამთილს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რამაც განაპირობა ჩვენი ვანში გადმოსვლა.

- ვანში თქვენი გაშენებული ბაღი უკვე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა..
- ამჟამად მაქვს კაქტუსი, ამბრის ხე, ტუია, იაპონური ლონიცერები (ცხრატყავა), ჰოლანდიური შროშანების გლადიოლუსები, გეორგინები, ვარდები, ხუჭუჭა ტირიფი, პალმა, შავი არყის ხე, შოკოლადის ალბიცია, ნეკერჩხალი გარნეტი, შავფოთოლა ირმის რქა, ჰორტენზია, ეიფორია, ბუგენვილია, პლუმერია, რომელიც ქოთანში აყვავდა... კოლხური ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი და იაპონური გლიცინია, პასიფლორა, ჟასმინი, საკურა, ბურგუნდი, საკურა ჩამოკიდებული... უზარმაზარი, 30 წლის ბარაქის ხე... ოლეანდრები - ჭრელფოთოლა და ყვითელხუჭუჭი. კამელიებს თვითონ ვამრავლებ, დრო უნდა, დიდები რომ გაიზარდონ. ქოთანში მაქვს ბალბა, რომელიც სახლში რომ შევიტანე, მოიწყინა, მომდევნო წელს გარეთ დავტოვე და იყვავილა კიდეც. მაგნოლია მაქვს, მათ შორის სამეფოს პატარა ძირი, მაქვს საკოლექციო ვარდების ჯიში, ხვიარა ვარდებიც. თავად გავზარდე სამი ერთად ქოთანში, მაისში ყოველთვის ვსხლავ.
ვაშლიც დავრგე და გავახარე, ოცი წელი გამოჰყავდათ ამის ჯიში "რედ კეტი" ("წითელი კატა"). მაქვს მანდარინი, ტეკომას ხე ჯერ პატარაა. ადამიანს ქოთნის ყვავილებიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. შეგიძლია დაკიდო, გადაიტანო აქეთ-იქით, იქ დადო მცენარე, სადაც მოეწონება.
როგორ ცუდ განწყობაზეც არ უნდა ვიყო, მცენარეები დადებითი ენერგით მავსებენ, ჩემი ბაღი და ყვავილები მაძლევენ იმ მუხტს, რომ ამ საქმით არასოდეს დავიღალო. გაზაფხულსა და ზაფხულში აქ დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.
- თბილისში უფრო რთული იყო მცენარეების გახარება თუ ვანში?
- თბილისში ჩემთვის ყველაზე რთული მოსავლელი იყო ციკასი და მანდევილა. 10 წლის განმავლობაში მანდევილას ერთი ყვავილიც კი არ ჰქონია. როგორც კი დასავლეთში გადმოვედი, შევიძინე და მალევე აყვავდა. მას შემდეგ სულ ყვავის. რომ ჩამოვკიდე, ფარდას დაემსგავსა, იმდენი ყვავილი აქვს. ყველას ვურჩევ დასავლეთში, ეს ყვავილი გაახაროს, ულამაზესია! მე მაქვს ვარდისფერი, ახლა წითელი შევიძინე და როგორც ვიცი, წითელი ყველაზე ლამაზია. არსებობს თეთრიც, მაგრამ ჯერ არა მაქვს.
- ძვირი დაგიჯდათ ამ ბაღის გაშენება?
- თბილისიდან დაწყებული, დაახლოებით ათი წელიწადია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. ბევრ მებაღესა და მეყვავილეს ვიცნობ. არასდროს გადამიხდია ძვირი, თავად ვამრავლებ და ვაფესვიანებ. ყველაფერს ძალიან იაფად ვყიდულობდი. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ ინტერნეტსივრცეში ახალ ჯიშებს, ვიცნობ მებაღეებს, ყვავილების მოყვარულებს და ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას. დასავლეთ საქართველოს კლიმატიდან გამომდინარე, დიდად არ უჭირთ მცენარეებს. ყინვაგამძლეებს აივანზე ვტოვებ, დანარჩენებს ოთახში ვალაგებ, სადაც ცივა და გათბობა არ არის. იცით, აქ ბევრს არ უყვარდა ყვავილები და შევაყვარე. იმედია, ბევრ ახალ ჯიშს გავამრავლებ, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებ ჩემს ბაღს და სასიამოვნო გარემოს შევქმნი ჩემთვისაც და სტუმრებისთვისაც.