"რა უნდა დააშავო ისეთი, საკუთარი ოჯახის წევრმა ასე გაგიმეტოს?! ვერაფრით ამიხსნია" - რას ჰყვება მაკა ჩიჩუა?
მაკა ჩიჩუა: "მეც ძალიან ვდარდობ, მეც ძალიან მოვიწყინე"
"ჩვენს ქვეყანაში არსად არაფერი ხდება კარგი, პირიქით, ვხედავთ, რომ ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და ყველა მხრიდან მარწუხებში ვართ მოქცეული. ისეთი აკრძალვებია, მუდმივად გაჩუმებული და შეშინებული უნდა იყო. იმის ნაცვლად, იმაზე იმუშაონ, რომ ქვეყანაში ამდენი ქალი არ დახოცონ კაცებმა", - ამბობს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა.
დღევანდელობასა და ამ ყველაფერზე მის დამოკიდებულებაზე მაკა ჩიჩუა დუშეთიდან გვესაუბრა.
- ქალბატონო მაკა, ქვეყანაში გახშირებულ ფემიციდზე რას იტყვით? როცა პირველი ლედი იყავით, რამდენად ცდილობდით ძალადობის მსხვერპლი ქალების თანადგომას?
- მახსოვს, ერთი წელიწადი გიორგიმ ქალების წლად გამოაცხადა.
იმ წელს, რაღაც კატასტროფული, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ყოფილი თუ მოქმედი ქმრები ქალებს ძალიან ხშირად კლავდნენ, რაღაც ცუნამივით იყო. მე და გიორგიმ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები მოვიწვიეთ, ეკლესიაც რომ ჩარეულიყო, იქნებ ერთობლივად რაღაც სურათი შეგვექმნა, რომელიც ქალებს გაუსაძლის მდგომარეობას შეუმსუბუქებდა.
ამ დროს საზოგადოების ყველა წევრი უნდა ჩაერთოს, იმდენად კატასტროფაა, რაც ხდება. ჩვენ ხომ სულ ვამბობთ, რომ ძალიან მცირერიცხოვანი, პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი სისასტიკით, ასეთი სიხშირით რომ მკვლელობები ხდება, საგანგაშოა... ქალებს კლავენ, ბავშვები ობლად რჩებიან და ეს ახალგაზრდა ქალები სამყაროს ისე ტოვებენ, არაფერი დაუშავებიათ. რა უნდა დააშავო ისეთი, საკუთარი ოჯახის წევრმა ასე გაგიმეტოს?! ამაზე რომ ვფიქრობ, ვერაფრით ამომიხსნია.
ეს საკითხი განსახილველი, განსასჯელი ხდება და მინახავს ქალები, რომლებიც ამბობენ, ასე წყობიდან როგორ გამოიყვანაო... ანუ მკვლელს სადღაც ამართლებენ, რაც სიგიჟეა! როგორაც არ უნდა გამოვიდე წყობიდან, ჩემს შვილს მოვკლავ? ფაქტობრივად, ეს კაცები ხომ შვილებსაც კლავენ, როცა პატარებს დედის გარეშე ტოვებენ... ადამიანის სიცოცხლე ხომ ყველაზე უზენაესია და ამ დროს, ვიღაც სასტიკად, უხეშად ძალმომრეობით ართმევს მას.
მე მგონია, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ ძალიან ვცდილობდით რაღაც ზომები მიგვეღო, მაგრამ გიორგისაც იმ პერიოდში სულ ერჩოდნენ, სულ რაღაც პრობლემებს, ბარიერებს უქმნიდნენ და ედავებოდნენ. გიორგი ისეთი ემპათიური, გონიერი ადამიანია, პოლიტიკურად საკმაოდ ფართოა მისი თვალსაწიერი და ასე მარტო თავის თავზე ორიენტირებული ადამიანების გახდა ეს ქვეყანა. სახელმწიფო მოხელე იმას ნიშნავს, ქვეყანაზე ზრუნავდეს. ავად თუ კარგად, ჩვეულებრივი მოქალაქე უნდა ვგრძნობდე, რომ მე ჩემი ქვეყანა მიცავს. შეიძლება ვერ დამიცვას, მაგრამ მცდელობას მაინც უნდა ვხედავდე.
ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ რესურსულად ძალიან მდიდარი, ძალიან ლამაზი და ძალიან ბევრი შესაძლებლობის. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ნორმალურად ვცხოვრობდეთ. ყოველთვის იქნება - ზოგს ზედმეტი ექნება, ზოგს - ნაკლები, მაგრამ ადამიანმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს. აქ კი არავინ არაფრისგან ვართ დაცული და სახელმწიფო არის სრულიად არამობილიზებული, მიშვებულია კრიმინალი. სულ მესმის შემაკავებელი ორდერი ჰქონდაო, რომელიც არაფერს აკეთებს. უკვე ხალხი აღარ მიმართავს სახელმწიფოს, პოლიციას რადგან აღარაფრის იმედი აქვთ.
- დღეს ქვეყანაში ძალიან აქტუალურია ფასების შემცირების საკითხი, ამის შესახებ რას იტყოდით?
- კომედია და ტრაგედიაა ეს ყველაფერი... გუშინ ძალიან ჭკვიან ეკონომისტებს ვუსმენდი. იმდენად პრაქტიკოსებს, ნებისმიერი ადამიანი რომ გაიგებდა მათ საუბარს და არა მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტები. მათგან კიდევ უფრო დავრწმუნდი, რა უიმედო მდგომარეობაა. ტრაგედიაა, ქვეყანაში ადამიანი პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვერ იძენდეს. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ნორმალური კვება და ადამიანები ამ დროს რეალურად შიმშილობენ. სულ ფიქრობენ, რომ აუცილებლად შესაძენ რამეზეც კი თავი შეიკავონ და მეც გამომიცდია იგივე. მიფიქრია, დღეს რომ ეს ვიყიდო, ხვალისთვის როგორ გავანაწილო-მეთქი... ჩვენ ხომ რაღაც ისეთ იშვიათობას არ ვითხოვთ, რაც მხოლოდ მთებში მოიპოვება და განსაკუთრებულად ძვირია. ელემენტარულზე, კვერცხზე, პურზე და წიწიბურაზეა აქ საუბარი...
დღეს საქართველოში პრობლემა ასე არ უნდა იდგეს! იმ ფონზე, რაც გვესმის - სახლში რომ მიაქვთ მთელი ჩვენი ბიუჯეტი. ამიტომაც ვართ მოსახლეობა ამ დღეში.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ის ხელისუფლება, რომელიც იმ პირობით მოვიდა, რომ ჩვენ თქვენს ყოფას გავაუმჯობესებთო. ამ დროს რას ვხედავთ ჩვენ გარშემო? ხალხს, რომელიც ყველაფერზე ხელმომჭირნედ ცხოვრობს და საკვებს გრამობით იძენენ...
იქ, სადაც ხალხს უნდა ემსახურებოდნენ, რაღაც მონათმფლობელურ, ფეოდალურ სახელმწიფოს ქმნიან, სადაც ადამიანი იჩაგრება.
- რაიონში კიდევ უფრო იგრძნობა მძიმე ყოფა?
- არა, რეგიონში ნამდვილად არ არის უარესობა, მთელ საქართველოშია ტოტალური გაჭირვება. აქ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ბუნკერში იქექება, ხელგაწვდილია... თუმცა ეს არ ნიშნავს არ უჭირდეთ. უბრალოდ, აქ მეტი შესაძლებლობაა თავი გაიტანო. ქალაქში კიდევ ბევრი სხვა ტიპის გამოწვევებია, თუნდაც ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები. სოფელში ყანას დათესავს, ძროხას, ქათამს იყოლიებს და ცოტა საკვები ექნება.
ჩვენს ქვეყანაში არსად არაფერი ხდება კარგი, პირიქით, ვხედავთ, რომ ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და ყველა მხრიდან მარწუხებში ვართ მოქცეული. ისეთი აკრძალვებია, მუდმივად გაჩუმებული და შეშინებული უნდა იყო. იმის ნაცვლად, იმაზე მუშაობდნენ, ამდენი ქალი არ დახოცონ კაცებმა. ისე ვცხოვრობთ, ღმერთს ვთხოვთ, რომ გადაგვარჩინოს და ადამიანმა ცოტათი მაინც ოდესმე უნდა იგრძნოს, რომ ის ღირებულია, მისი არსებობა ამ ქვეყანაზე.
დაჩაგვრა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა და სადაც ხალხი დაჩაგრულია, იქ ერი ვერ განვითარდება. როგორ უნდა განვითარდეს კუთხეში მიმწყვდეული? -რატომ უნდა ვიყოთ ამ დღეში, როცა ამდენი საუკუნის განმავლობაში, ამდენი ცივილიზაცია დაიმარხა და ჩვენი ქვეყანა გადარჩა. რას არ გავუძელით ამ პაწაწკინტელა, ერთმა ციდა ქვეყანამ. შენ თუ არ გინდა შენი ქვეყანა განვითარდეს, ისე იქცევი, როგორც დღეს გვექცევიან და მე ამას ყოველდღე ვხედავ.
- როგორია თქვენი დღევანდელობა?
- როგორც ყველა დანარჩენის... ვცდილობთ, შვილებს სიყვარული არ მოვაკლოთ, რაც გვაქვს, ყველაფერი გავუნაწილოთ. ვიზრუნოთ, როგორც კი შესაძლებელია. ნორმალური ადამიანი ყველაფერს არ მოიპარავ და მხოლოდ შენს შვილებს კი არ დააყრი თავზე, არამედ აგრძნობინებ, რომ ზრუნავ მასზე.
გიორგი რაღაც დონეზე მკაცრიც არის, რაღაც დონეზე ძალიან მომთმენი. იმის უნარი აქვს, სწორად გადასცეს ბავშვს, რისი გადაცემაც უნდა. სიყვარულს უნერგავს და არა იმას, თუ ვინმე გაწყენინებს, წადი და კისერი მოუგრიხეო... პირიქით, სულ შენდობას და სიკეთეს ასწავლის.
ძალიან ბევრ ახალგაზრდას აღარ სურს ოჯახის შექმნა, ეშინიათ კიდეც შვილები ჰყავდეთ ასეთ ქვეყანაში. მათ როგორ არ დავეთანხმო? მე უფრო მებრძოლი ვარ, არ მჯერა, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და ბოლომდე ვიბრძვი, მაგრამ მეც ძალიან მოვიწყინე, მეც ძალიან ვდარდობ. ყოველდღე რასაც ვხედავ და მესმის, ძალიან მასევდიანებს. ალბათ პატარა რომ ვიყო, შესაძლოა მეც მეფიქრა, ოჯახი რაღატომ შევქმნა და ბავშვი ჩემთან ერთად ვაწვალო-მეთქი... უგუნებოდ რომ ვარ, ცოტა მშია, ცოტა მწყურია, არ ვიცი, ბავშვის სწავლის ფული როგორ გადავიხადო, რომ გავუშვებ, ცოცხალი მოვა თუ არა, ამ პირობებში როგორ ვუთხრა ვინმე ახალგაზრდას, გინდა თუ არა ოჯახი შექმენი-მეთქი! რაში სჭირდებათ ამათ გამრავლებული ერი, აგერ ახალგაზრდები ძვლებში გადატეხეს, დაასახიჩრეს და ციხეში ჩაყარეს. ისეთი ახალგაზრდები არიან ციხეში, ბავშვები მათგან რომ უნდა სწავლობდნენ პატიოსნებას, სამშობლოს სიყვარულს.
მაინც სიკეთის იმედად უნდა ვიყოთ. ღმერთმა გვითხრა, რწმენა, სასოება და სიყვარულიო და ამათგან ხომ სიყვარული უმთავრესია, ჩვენი ცხოვრების მორალია.
(სპეციალურად საიტისთვის)