"შესაძლოა ამ რეფორმამ ტექნიკური უნივერსიტეტის გაქრობა გამოიწვიოს“
"ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით, ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტი - თსუ და სტუ გაერთიანდებიან. სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. "გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა მხოლოდ გაერთიანების პროცესზე მსჯელობა შეიძლება", - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. დამსწრე საზოგადოების თქმით, მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი - ეს გაერთიანება გააუმჯობესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს, თუმცა როგორ, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს...
კონსტანტინე მჭედლიშვილი, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი: - დიდი ისტორიის მქონე ორი უნივერსიტეტი უნდა შეერწყას ერთმანეთს. მოტივად ამბობენ, ტექნიკური მიმართულება უნდა გავაძლიეროთო. მგონია, გაერთიანებით პირიქით იქნება, ვინაიდან, როდესაც უმაღლესი სკოლა განვითარდა, მას გამოეყო ტექნიკური მიმართულება და ჩამოყალიბდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი - ეს იყო ბუნებრივი პროცესი, ჰუმანიტარული დარჩა თსუ-ში. დღეს ამის უკან მიბრუნება ალოგიკურია, რადგან ეს უნივერსიტეტები დასუსტებული რომ იყოს, მაღალ დონეზე არ აკეთებდნენ საქმეს ან დაშლის პირას იყვნენ, მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, მაინც ვერაფერს აკეთებენ, მოდი, საწყის წიაღში გავაერთიანოთ და ასე განვითარდესო. სტუ-ს სახით ჩვენ გვაქვს თანამედროვე მაღალხარისხოვანი უნივერსიტეტი, შესანიშნავი კაბინეტ-ლაბორატორიებით, გვაქვს მიწისქვეშა უნიკალური სამთო ლაბორატორია, სამშენებლო ფაკულტეტს აქვს შესანიშნავი კვლევითი ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი...
გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში არსებობდა მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ტრანსპორტის ინჟინერთა საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტი ბრწყინვალე ლაბორატორიებით და ტექნიკური ბაზით. ის შემდეგ შეუერთდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტს სატრანსპორტო ფაკულტეტის სახით. მას შემდეგ გავიდა რამდენიმე ათეული წელი და სტუ-ს დღევანდელი სატრანსპორტო ფაკულტეტი აჩრდილიც აღარ არის იმ ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტისა.

საქართველოში არაჩვეულებრივი ზოოვეტერინარული ინსტიტუტი იყო. არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა კრწანისში - ბრწყინვალე შენობა-ნაგებობებით, ლაბორატორიებით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, სამეცნიერო კადრებით და ა.შ. მერე ის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შეუერთეს. ბოლოს სასოფლო-სამეურნეო აგრარული უნივერსიტეტი დღევანდელ ბენდუქიძის უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ფაქტობრივად, ჩვენ დავკარგეთ ორი სკოლა - აგრარული და ზოოვეტერინარული. ამ გაერთიანებამ კარგი არაფერი მოგვიტანა და ეს ახალი გაერთიანებაც საკითხავია, რა შედეგს მოიტანს. ის ფაკულტეტები, რომლებიც არ არის ტექნიკური მიმართულების და რომლებიც ბოლო წლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა, ეკონომიკური გაჭირვების ბრალია - მეტი სტუდენტი უნდა მოგვეზიდა. თუ საჭიროა, ის დამატებული ჰუმანიტარული ფაკულტეტები თბილისის უნივერსიტეტში გადაიტანონ, მაგრამ რას ვერჩით ტექნიკურ ფაკულტეტებს, რომელთაც განსხვავებული სპეციფიკა აქვთ?
თსუ ფუნდამენტური მეცნიერების განმავითარებელი და შესაბამისი კადრების შემქმნელია, სტუ კი გამოყენებითი მეცნიერების და მისი შესაბამისი კადრების, მკვლევრებისა და საინჟინრო პერსონალის. ამათ სხვადასხვა მიდგომა, ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები და სხვა განსაკუთრებული თვისებები აქვთ და მათი გაერთიანება დაუშვებელია!
შესაძლებელია ამ რეფორმამ საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის გაქრობა გამოიწვიოს, ვინაიდან შემდეგ იტყვიან: ზოგი დეპარტამენტი ზედმეტია და გავაუქმოთ, ზოგი შევაერთოთ, კათედრები გავაერთიანოთ, ლაბორატორიები გავაუქმოთო, მერე ამას მოჰყვება კადრების შემცირება და ა.შ. შედეგად მივიღებთ უმაღლეს სკოლას, რომელიც იქნება გაცილებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის.
ტექნიკური უნივერსიტეტის გაძლიერება თუ უნდათ, ამისთვის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დამატებითი თანხები, პირველ რიგში, უნდა მოხდეს პროფესორ-მასწავლებელთა დაინტერესება. პროფესურის უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული და 80-ს მიღწეული კადრია. უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდა სპეციალისტის საწყისი ხელფასი სხვადასხვა ორგანიზაციაში 2-3 და მეტი ათასი ლარია, ჩვენს სრულ პროფესორებს კი უკეთეს შემთხვევაში 1.500 ლარი აქვთ. უმაღლესი სკოლის რეფორმა დასაწყებია პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასების ზრდით.
უნივერსიტეტების შეერთების მომხრე ჩვენს ინსტიტუტში არავინაა, ყველა ემხრობა, რომ უნივერსიტეტი დარჩეს ძველი სტატუსით - დამოუკიდებელი. იგივე განწყობაა ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს ორი ტრადიციული კერა არ ავურიოთ ერთმანეთში და უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.