„ვთანხმდებით, რომ რეფორმა საჭიროა, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„ვთანხმდებით, რომ რეფორმა საჭიროა, მაგრამ...“

რას ფიქრობენ გაერთიანებაზე თსუ-ში, გვესაუბრება ალექსანდრე შენგელაია, აკადემიკოსი,­ თსუ-ს პროფესორი, ფიზიკოსი:

- როგორც განათლების მინისტრმა თქვა, ეს გაერთიანება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ არის ორი მარტივი და ლეგიტიმური კითხვა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული: 1. რატომ არ შეიძლება ხარისხი ამაღლდეს ისე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩეს დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად და 2. თუ მაინცდამაინც აუცილებელია გაერთიანება, ეს როგორ აამაღ­ლებს განათლების დონეს, როგორ გააძლიერებს თუნდაც საინჟინრო მიმართულებას? სავსებით შესაძლებელია ტექნიკურ უნივერსიტეტს თუ რაღაც არაპროფილური მიმართულებები აქვს, ჩამოსცილდეს, მაგრამ დარჩეს ძირძველი კლასიკური მიმართულებები, რისთვისაც შეიქმნა ეს უნივერსიტეტი და გააგრძელოს საქმიანობა, მოხდეს დაფინანსება, იყოს მაღალი სტანდარტების მოთხოვნა და განხორციელება. ეს თუ არ არის შესაძლებელი, აგვიხსნან, რატომ.

ყველანი ვთანხმდებით, რომ რეფორმები საჭიროა სისტემაში, მაგრამ არის ეს ის გზა, რომელიც მართლაც გააუმჯობესებს განათლების სისტემას? აკადემიურ საზოგადოებას გვინდა უკეთესი განათლების სისტემა გვქონდეს, მაგრამ ბუნდოვანია, როგორ აპირებენ ამის მიღწევას. არავის დაუსაბუთებია და აუხსნია, რატომ არის ამ ორი სრულიად განსხვავებული პროფილისა და დანიშნულების უნივერსიტეტის გაერთიანება აუცილებელი.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანას ვერ იპოვით, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე არ არის. ყველა თანამედროვე ქვეყანას სჭირდება მაღალკვალიფიციური ინჟინრები, მაღალტექნოლოგიური კადრები, რის გარეშეც ის ვერ განვითარდება - ეს არის საერთაშორისო გამოცდილება.

რაც შეეხება პრეტენზიებს, რატომ დაეცა­ ხარისხი, რატომ ვერ ვამზადებთ იმდენ ინჟინერს, რამდენიც საჭიროა. ჯერ ერთი, საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ ინდუსტრიული ბაზა განადგურდა. ქვეყანაში­ დღემდე ვერ აღდგა წარმოება. ასევე, ამ დარგების დაფინანსება ძალიან მწირია და შესაბამისად, არც სტუდენტებს შორის არის პოპულარული ეს მიმართულებები. ტექნიკურ, საინჟინრო დარგებს მეტი დაფინანსება სჭირდება, ვიდრე ჰუმანიტარულს. რაც გასაკეთებელი იყო, ეს არის ის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოშორდეს არაპროფილური სპეციალობები - იურიდიული, სამედიცინო, ჰუმანიტარული და ა.შ. დატოვონ ტექნიკური უნივერსიტეტი ტრადიციული დარგებით და მათ მაღალ დონეზე განვითარებას შეუწყონ ხელი.

როცა უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდაზე არავინ საუბრობს, ასეთი მექანიკური გაერთიანება არაფრის მომტანია, უფრო დააზიანებს ჩვენი განათლების სისტემას და ამ შედეგების გამოსწორებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.

გვპირდებიან, კადემიურ პერსონალს არ შევამცირებთო და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შეაერთო და იქ შემცირება არ მოხდეს? ასეთი ძალადობრივი მეთოდით თუ გადაწყვეტენ რეფორმის გატარებას, ძალიან ცუდი იქნება. ნებისმიერი ასეთი დაუგეგმავი და გაუაზრებელი, სპეციალისტებთან შეუთანხმებელი პროცესი საშიშია და გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს, ამიტომ არაპროგნოზირებადია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ რეფორმას.