„იმედი“ ირაკლი რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა“
"ამ ადამინების ჭმუნვა ფარისევლობა და ცინიზმია, გათვლილი ადამიანების სიბრიყვეზე", - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომ პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ ყველაზე გონივრულ გამოსავლად "იმედთან" დამშვიდობება გადაწყვიტა. როგორც უკვე ვიცით, ახალი მფლობელი იქნება ილია მიქელაიშვილის კომპანია "პრაიმ მედია გლობალი", რომელიც არხის 50%-ს ფლობს, ხოლო დარჩენილი 50% არხის გენერალურ დირექტორს მაკა ლომიძესა და მის ოთხ მოადგილეს გადაეცემა. ახალი მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ არხის დაფინანსება და შეინარჩუნონ მოქმედი მენეჯმენტის როლი სარედაქციო პოლიტიკაში. ამ პროცესს პოლიტოლოგები მედიაში გავლენის გადანაწილების სტრატეგიულ მანევრად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად უკავშირდება "იმედის" წარსულში აღიარებულ როლს ქვეყნის "პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაში". ვრცლად ამ საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ირაკლი რუხაძე არასოდეს ყოფილა ტელეკომპანია "იმედის" რეალური მფლობელი, მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო, რასაც ყველა კარგად აცნობიერებდა. თუმცა ამ ნომინალურ პოზიციაში რუხაძემ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა, ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო "მწვანე შუქი" მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა თავისი ინტერესებისთვის. "იმედის" შენახვა რუხაძეს ბევრი არაფერი დაუჯდა, ხელისუფლება რეგულარულად უხდიდა ვალებს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ვალები მაინც ძალიან იზრდებოდა. დღეს, როდესაც "იმედი" ფაქტობრივად პროპაგანდისტულ კონგლომერატად გადაიქცა, რუხაძემ ვალებთან ერთად მოიშორა.
- თქვენ "იმედთან" განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...
- "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე მქონდა მორალური ვალდებულება ბადრის მიმართ, რომელიც უნდა შემესრულებინა. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი "იმედის" ოჯახისთვის დაბრუნება იყო და ჩემი ინიციატივით ასეც მოხდა. მაშინ ბადრის მეუღლეს, ინას, ვუთხარი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ტელევიზიის გაკეთება, რომელიც ბადრის ძეგლს დაუდგამდა. მე მას შევპირდი, რომ ტელევიზია პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იქნებოდა. ერთი თვის შემდეგ ბიძინამ შეხვედრა მთხოვა. როდესაც მასთან მივედი, მითხრა, რომ ღარიბაშვილი ჩემზე საჩივრით მისულა. საქმე ის იყო, რომ "იმედის" ერთ-ერთ ჟურნალისტს ღარიბაშვილისთვის გაუგზავნია კითხვები, რომლებიც მას არ მოეწონა. ღარიბაშვილმა ბიძინას შესჩივლა, "იმედი" მებრძვის, ამ ტელევიზიას კი ხუხაშვილი აკონტროლებს და შესაბამისად, ხუხაშვილი მებრძვისო. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური აბსურდი იყო და ბიძინასაც განვუმარტე, რომ არც ღარიბაშვილს ვებრძოდი და არც "იმედს" ვაკონტროლებდი. ვუთხარი, რომ "იმედზე" კონტროლის მოპოვებას არასოდეს ვეცდებოდი, ამას არც ბადრის ხსოვნას ვაკადრებდი, არც მას და არც საკუთარ თავს. იცით, ბიძინამ რა მიპასუხა? ძალიან ცუდია, თუ არ აკონტროლებო. მეორე დღეს მთავრობის სხდომიდან პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ხომ მშვიდობა გაქვთო? მე გაოგნებულმა იქით შევაგებე კითხვა, რა ხდება-მეთქი? როგორც მისგან გავიგე, ბიძინა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, მთავრობის სხდომაზე განუცხადებია, ხუხაშვილმა იჩქარა, "იმედი" რომ ბადრის ოჯახს დაუბრუნაო. როგორც ხედავთ, ბიძინამ ტელევიზიის კონტროლზე უარის თქმა შეცდომად ჩათვალა და მედიაში გავლენის მექანიზმები ისე დაალაგა, როგორც საჭიროდ მიიჩნია.
- რისი თქმა შეგიძლიათ "იმედის" ახალ მფლობელ ილია მიქელაიშვილზე?
- ილია მიქელაიშვილზე ბევრი არაფერი, ვიცი, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის იბრძოდა და "ქართული ოცნების" შავ საქმეებს აკეთებდა. როგორც ჩანს, დაასაჩუქრეს, თუმცა კი გამკვირვებია, მან ან დანარჩენმა ჟურნალისტებმა როგორ აიღეს საკუთარ თავზე 500 მილიონი ვალი, რაზე ფიქრობენ? ხვალ შეიძლება სახლების გაყიდვამ მოუწიოთ. დავიჯერო, მაგალითად, ირაკლი ჩიხლაძეს, რომლის წილად "იმედში" 1 პროცენტია, 500 მილიონი აქვს?
- რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, როგორც თქვენ უწოდებთ, პროპაგანდისტული კონგლომერატები გააერთიანოს?
- გამორიცხული არაფერია, ახლა როცა ლაინერებისგან კატამარანების შექმნა მოდურია, რატომ არ უნდა გააკეთონ კიდევ ერთი კატამარანი?
- ახლა რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ანალიტიკოსების აზრით, პარლამენტში ინიცირებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, ვინც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს ანალოგიური ქმედებისკენ, შიდაპოლიტიკური პროცესები ახალი, უფრო მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოსკენ გადააქვს. რამდენად შესაძლებელია ობიექტურად განისაზღვროს, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო ქმედება?
- ხელისუფლების ლოგიკა ნათელია, ისინი ინარჩუნებენ ერთგვარ ავტორიტარიზმს და ცდილობენ ყველა შესაძლო რისკი წინასწარ გაითვალისწინონ. მხოლოდ იმას კი არ ცდილობენ, რომ პროტესტი სამზარეულოებში გამოკეტონ, არამედ ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ სამზარეულოშიც სახიფათო იყოს ხელისუფლებაზე უკმაყოფილების გამოხატვა.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება შექმნას მექანიზმები მისი დაცვისთვის და მაგალითად მოჰყავს საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი, რისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს.
- რაც შეეხება ანალოგიებს, ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლება ცნობილია მანიპულირებით. კანონში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რას ნიშნავს "არცნობა". არის ორი ვარიანტი: პოლიტიკური არცნობა, როცა რიტორიკის დონეზე უარყოფენ არჩევნების შედეგებს, ლეგიტიმურობას და ა.შ. და მეორე ვარიანტი - სამართლებრივი არცნობა. როდესაც კობახიძემ გერმანია ახსენა, სწორედ სამართლებრივ არცნობაზეა იყო საუბარი. ე.ი. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც არ ცნობენ კანონებს, არ ემორჩილებიან ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს, თუნდაც იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ უსამართლოა. ასეთები კანონთან კონფლიქტში არიან. ჩვენს შემთხვევაში ადამინებს აზრის გამოხატვის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ, რაც წარმოუდგენელი სიტუაციაა. ყველაზე ცუდი ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებში ის არის, რომ არ არის ზუსტად გაწერილი, რა ითვლება კანონდაუმორჩილებლობად, რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს მეწარმე და რას ნიშნავს მისი პოლიტიკაში მონაწილეობა. ბუნდოვნად ტოვებენ ამ განსაზღვრებს იმისთვის, რომ კანონმდებლობა შერჩევითად გამოიყენონ, ადამიანები დაითრგუნონ, შეშინდნენ და არ იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად, სრულიად გაუგებარია მეწარმის 20.000 ლარით დაჯარიმება იმის გამო, რომ საჯაროდ გამოხატოს აზრი იმ სფეროზე, სადაც არ მუშაობს. ე.ი. მეხინკლეს ქაბაბზე საუბარი ეკრძალება? ეს განმარტებები ბუნდოვანია, მიზანი კი ის არის, რომ ადამიანები ისე შეაშინონ, რომ ხმა აღარაფერზე ამოიღონ. ძალადობით ცდილობენ ნებისმიერი ალტერნატიული აზრისა და ქმედების ჩახშობას.
- ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენას?
- ეს კანონები არათუ ხელს უშლის ახალი პოლიტიკური სუბიექტებისა და პარტიების ჩამოყალიბებას, არამედ შეუძლებელსაც ხდის, რადგან არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლებას შეუძლია ქოთანს ყური იქით მოაბას, სადაც სურს. ამას იზამს მაშინ, როცა საფრთხეს დაინახავს, ხოლო თუ საფრთხეს ვერ დაინახავს, რეაგირება არ იქნება. მაგალითად, "გირჩის" განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ, ამ შემთხვევაში დემოკრატიის მანტიას მოირგებენ, მაგრამ თუ სადმე საფრთხეს დაინახავენ, მერე ოპერატიულად იმოქმედებენ. შეიძლება ითქვას, კანონმდებლობით ხელისუფლება ხელში იღებს ოპერატიული მართვის ინსტრუმენტებს.
ხათუნა ბახტურიძე