თეირანის დილემა - „სირიული ქაოსი“ თუ ენერგეტიკული აპოკალიფსი?!
დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გამოყენება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის სტრატეგიულად აუცილებელი არ არის, რადგან აშშ-ის საზღვაო და რეგიონული ბაზები სპარსეთის ყურეში სავსებით საკმარისია. თუმცა ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აშშ-ში ვიზიტმა გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ვაშინგტონს სჭირდება საქართველოს თუნდაც ტექნიკური დახმარება და "ქართული ოცნება" ამის გამოყენებას ცდილობს... რა შანსია ირანში ხელისუფლების გარე სამხედრო ძალებით ჩანაცვლების და რამდენად რეალური შეიძლება იყოს "ოცნების" ცდა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- ირანის რეჟიმმა კრიზისის ურთულესი ფაზა დაძლია - ეს ერთი; მეორე - ახლა დარჩა გარედან ჩარევა, მაგრამ საკითხავია, რომ ჩაერიონ, რა უნდა ქნან? დაბომბონ შენობები, "ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" შტაბები, მაგრამ მერე რა, სხვა შენობაში ვერ გადავლენ? ამასთან, როცა უცხო ქვეყანა გბომბავს, რაც არ უნდა ცუდი რეჟიმი გქონდეს, ეს ზოგიერთი გიჟის გარდა, ალბათ, არც ერთ ქვეყანას არ ესიამოვნება. დიდი შანსია, ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაერთიანდეს, დაირაზმოს მთავრობის გარშემო. მსგავსი რაღაცები არაერთხელ მომხდარა.
- მხოლოდ მთავრობის დაწუნებაზე არ არის საუბარი, არამედ ირანის ხელისუფლების სისასტიკეზე, ათასობით ადამიანია დაღუპული...
- ასეთი რამ ირანში ხშირად ხდებოდა. ახლა მასშტაბი შეიძლება უფრო დიდია, მაგრამ მსგავსი მღელვარება იქ სულ არის... ვთქვათ, დაბომბა ამერიკამ ირანი, დაეხმარა ამერიკას ისრაელი, საშუალოსტატისტიკურ ირანელს რატომ უნდა გაუხარდეს ეს? ირანელი თავის თავს ხომ ჰკითხავს, დაგვბომბა ამერიკამ, დაემხო რეჟიმი, მაგრამ მერე ხომ შეიძლება ქვეყანა დაიშალოს და სირიის მსგავსი ქაოსი დაიწყოს? სირიაში ასადის მთავრობა რომ არ იყო კარგი, ცხადია, მაგრამ მის დამხობას ისეთი სამოქალაქო ომი, ნგრევა და უბედურება მოჰყვა, საერთოდ ღირდა კი ეს ყველაფერიო? მსგავსი კითხვა ირანშიც გაუჩნდებათ - კი, რეჟიმი დაემხო, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ, რა გველის?
საქართველოში შესაძლოა ბევრს აქვს ილუზია, რომ ირანი რეჟიმის დამხობისთანავე წესიერ ქვეყანად გადაიქცევა. მაგრამ იქ დემოკრატია შეიძLლება ასე მარტივად არ ჩამოყალიბდეს. უფრო დიდი შანსია, ქაოსი დაიწყოს, მით უმეტეს, ირანი ეთნიკურად ძალიან ჭრელი და უზარმაზარი ქვეყანაა, იქ არაერთი უმცირესობა ცხოვრობს - აზერბაიჯანელები, ქურთები და ა.შ. თუ დაიშალა და ქაოსი დაიწყო, ვინ არის მიმხედავი? ამერიკა შეინარჩუნებს ერთიანობას თუ ისრაელი? ისრაელს, პირიქით, ალბათ, გაუხარდება კიდეც ირანის დაშლა. მგონი, ამერიკამაც სწორედ იმიტომ შეიკავა თავი, რომ იგივე კითხვა დაებადათ, მერე რა იქნებაო. დაბომბავ, მაგრამ მთავრობა რომ არ დაემხოს, მერე რას იღებ? გამოვა ტრამპი და იტყვის, დავბომბეთო, მაგრამ თუ შედეგი ვერ მიიღე, გამოდის, ვერაფრისთვის მიგიღწევია, მთავრობა ხომ ვერ გადააგდე?

შარშან რომ დაბომბა, თქვა, ბირთვული ობიექტები გავანადგურეთ და მიზანი მიღწეულიაო. აბა, მიდი და შეამოწმე, მართლა განადგურდა თუ არა! ამას ვერავინ შეამოწმებს - თქვა და უნდა დაუჯერო. ახლა რომ დაბომბონ და მთავრობა არ დაემხოს, ამის შემოწმება მარტივია. იტყვიან, მისია ჩაფლავდაო. ბირთვული ობიექტებისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ხელისგულზეა - დაბომბე იმ მიზნით, რომ დაამხო ხელისუფლება, მაგრამ ვერ დაამხე. მერე? ჯარს შეიყვან? არმიის შეყვანა არავის ინტერესში არ შედის, ეს არ არის მარტივი საქმე. ამას ემატება ისიც, რომ ირანის არევა არ აწყობს არც თურქეთს, არც სირიას, რადგან ირანის დაშლა ავტომატურად გაამწვავებს ქურთულ პრობლემას, რაც თურქეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
- ირანთან მოლაპარაკების შანსი არის?
- შეიძლება დახურული მოლაპარაკება მიდის. ირანმა თავისი ურანი რუსეთში გადაიტანა და შესაძლოა საინტერესო რაღაცები მართლაც ხდება, რასაც მოგვიანებით გავიგებთ. ტრამპიც ბოლო დროს იშვიათად ახსენებს ამ სიტუაციას. ამ რეგიონში დიდი ომი ახლა არავის აწყობს, არც ჩვენ. ჩვენთან ვიღაცებს უხარიათ, ამერიკამ ირანი უნდა დაბომბოსო, მაგრამ არ არის ასე მარტივად საქმე. როცა ამერიკამ ომი დაიწყო ერაყში, საბოლოოდ ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა. ამერიკა ერაყში ომმა ძალიან დაასუსტა. დაბომბვა ავტომატურად მიზნის მიღწევას არ ნიშნავს.
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამერიკაში შეხვედრებმა გააჩინა ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს აშშ-ის ირანში შესაძლო სამხედრო ჩარევას, რომ საქართველოს აეროდრომები იქნეს გამოყენებული?
- აზრი, რომ თითქოს საქართველო ამ კონფლიქტში უნდა ჩაერიოს, სისულელეა. ეს იმპულსური მოსაზრებებია, რომლებიც ვიღაცებს აწყობთ, თითქოს კარგი იყოს საქართველოს ვინმეს ომში გახვევა. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ აზერბაიჯანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას ირანთან ომისთვის მისი ტერიტორია ან საჰაერო სივრცე გამოიყენოს. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველოს გამოყენება? აშშ-ს ეს არ სჭირდება. არც ერთი ჭკვიანი ქვეყანა არ ჩაერთვება საკუთარი ნებით ირანთან ომში. რაც მთავარია, ამერიკას არ სჭირდება ირანის დაბომბვა საქართველოს ტერიტორიიდან. მას აქვს ამის სრული შესაძლებლობა სხვა ბაზებიდან, მით უმეტეს, ზღვიდან. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრინციპულ სიფრთხილეს იჩენს. მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია შარში თავი არ გაყოს. რატომ უნდა გაეხვიონ ირანთან დაკავშირებულ შარში, მით უმეტეს, როცა ამერიკას მსგავსი მოთხოვნა, სავარაუდოდ, არც აქვს.
- გასაგებია, რომ სამხედრო ინტერვენცია ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხომ არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებას გარდაუვლად აყენებს? თუნდაც ნავთობის საკითხი ხომ შეიძლება ირანმა ბერკეტად გამოიყენოს?
- რა თქმა უნდა. ირანს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ჯერჯერობით არ აუმუშავებია. შარშანაც კი, როცა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ქვეყანა მუქარაზე გადავიდა, ეს ზომა არ დასჭირვებიათ. ეს ბერკეტი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა, რაც მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს, რადგან მთელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტი შეწყდება. ნავთობის ექსპორტის ბლოკადა საწვავს მსოფლიო ბაზარზე საშინლად გააძვირებს, რაც მძიმედ დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ საქმე სულაც არ არის ისე მარტივად, რომ ადგე, ირანი მიწასთან გაასწორო და რეჟიმი შეცვალო. საბოლოოდ, თუ ეს ცვლილება ირანელმა ხალხმა არმოახდინა, გარედან ჩარევით ამის მიღწევა, არსებული რისკების გათვალისწინებით, ძალიან რთული წარმოსადგენია.
რუსა მაჩაიძე