ცნობა-არცნობის დილემა ანუ დაიჭერენ თუ არა მეხუთე პრეზიდენტსა და პირველი პრეზიდენტის მომხრეებს?! - კვირის პალიტრა

ცნობა-არცნობის დილემა ანუ დაიჭერენ თუ არა მეხუთე პრეზიდენტსა და პირველი პრეზიდენტის მომხრეებს?!

ცნობა-არცნობა ქართული პოლიტიკური ტრადიციაა. ოპოზიციის ნაწილი არ აღიარებდა ლეგიტიმურად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, საბჭოთა არჩევნებში გაიმარჯვაო. დამხობის შემდეგ, უკვე პირველი პრეზიდენტის მომხრეები არ ცნობდნენ არც შევარდნაძის და საერთოდ არანაირ ხელისუფლებას - დღემდე "თავისი" უზენაესი საბჭო აქვთ. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი არც სააკაშვილის პრეზიდენტობას აღიარებდა და არც პარლამენტს. 2020 წლის საარჩევნო პროცესის შემდეგ არცნობის ტრადიცია გაგრძელდა, თუმცა შარლ მიშელის ჩარევის წყალობით შეწყდა. დღეს უკვე მეორე წელია ოპოზიციის ნაწილი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად. 2026 წლამდე არც ერთ ხელისუფლებას არ მოსვლია თავში აზრად, რომ ეს ცნობა-არცნობა საკანონმდებლო ნორმებით დაერეგულირებინა. ვგულისხმობთ დეპუტატ არჩილ გორდულაძის ინიციატივას, რომლის მიხედვით, თუ პირი არ აღიარებს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას და საჯაროდ აკეთებს მოწოდებებს ამის თაობაზე, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, "ოცნება" აპირებს ამ ინიციატივის გაზიარებას.

"ოცნების" წარმომადგენლები ზემოხსენებულ საკითხზე საუბრისას ძირითად აქცენტს სალომე ზურაბიშვილზე აკეთებენ, რომელიც დღემდე თავს მიიჩნევს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, წერილებს გზავნის პრეზიდენტის ბლანკით და აქვს პრეზიდენტის­ შტანდარტი. თუმცა, თუ ეს ნორმა ამოქმედდა, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს არ შეეხება, შეეხება ყველა პარტიას, გარდა იაგო ხვიჩიას "გირჩისა".

კერძოდ, "ნაცმოძრაობა", "კოალიცია­ ცვლილებებისთვის", "ფედერალისტები" თუ "თავისუფლების მოედანი" საერთოდ არ აღიარებენ არაფერს - დაწყებული პრეზიდენტით და საკრებულოებით დამ­თავრებული. "ლელომ" კი მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც მოქმედი ხელისუფლების ცესკომ ჩაატარა, მაგრამ არ ცნობს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას.­ გახარიას პარტია საერთოდ უცნაურ მდგო­მარეობაშია - პარლამენტში შევიდა, მაგრამ აცხადებს, რომ ეს ლეგიტიმურობის აღიარება არ არის. არადა, დეპუტატის ხელფასს იღებენ და ფასების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაშიც აპირებენ მონაწილეობას.

მოკლედ, თუ კანონი ამოქმედდა, მარტო­ სალომე ზურაბიშვილი კი არ იქნება დასაჭერი (თუ, რა თქმა უნდა, გახარიას არ მიჰბაძა და პარიზში არ გაიქცა), არამედ ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსების შემდეგ, ალბათ, უნდა დავიჭიროთ ის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებიც, რომლებიც აქციებზე დადიან და ხმამაღლა ამბობენ, ხელისუფლებას არ ვცნობთო. ვინც აქციებზე არ დადის, ის სოცქსელებში აქტიურობს და ამასაც სჭირდება გაკონტროლება. რა თქმა უნდა, დასაჭერი არიან გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს ის დეპუტატები, რომლებიც არც შევარდნაძეს ცნობდნენ, არც სააკაშვილს და არც "ოცნებას" ცნობენ.

კანონების გამკაცრება გამოსავალი არ არის. ამისთვის საჭიროა ისეთი საარჩევნო კანონმდებლობისა და სისტემის შექმნა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ცნობა-არცნობის დილემა. თუ არჩევნები კითხვებს აღარ გამოიწვევს, კურიოზული და ანეკდოტური იქნება, ვინმემ რომ თქვას, არ ვაღიარებო. მთავარი კი, აი, რა არის - მასშტაბური რეფორმების გატარება სასამართლოში და რეალურად, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შექმნა. საარჩევნო დავები ირჩევა სასამართლოში. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისების წამალი არის მოსამართლე, რომელსაც საზოგადოება ენდობა. კანონების გამკაცრება ყველა მიმართულებით იწვევს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გაღიზიანებას, მათ შორის ე.წ. ნეიტრალური ელექტორატის. ორთქლს თუ გამოშვების საშუალებას არ მისცემ, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.

თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური­ აზრით, პირიქით, მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, აქციები მასშტაბური არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს (მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ),­ რომ უკმაყოფილება გაქრა ან ათასობით ადამიანმა აზრი შეიცვალა. უბრალოდ, ხალხი­ გადაერთო ყოველდღიურობაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ქუჩაში­ არ გამოვა. დაძაბულობის განმუხტვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები იქნებოდა აქციებისას დაკავებულების ამნისტირება. თუ "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ხელისუფლების უკან დახევად აღიქვამს, ძალიან ცდებიან­. მეორე ნაბიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზება ფორმატით "ყველა ყველასთან". იმ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებს, ვინც არ დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, თავისი სახელი დაერქმეოდათ. მესამე ნაბიჯი ერთ-ერთი რთულია - ფიქრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. ამ სტატიის ავტორის სუბიექტური აზრით, თუ საზოგადოება (პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც "ოცნებას" ხმა მისცა ბოლო არჩევნებისას) დაინახავდა, რომ დიახ, ხელისუფლება­ დგამს შემრიგებლურ ნაბიჯებს, ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, პოლიტიკური პროცესის ნორმალურ კალაპოტში­ გადაყვანას - "ოცნება" გაიმარჯვებდა არჩევნებში... და ოპოზიციაც შევიდოდა, მივიღებდით სრულყოფილ პარლამენტს და გაჯანსაღებულ პოლიტიკურ გარემოს. ვიღაცას შეიძლება მიამიტურად მოეჩვენოს ეს მსჯელობა, მაგრამ რეალურად სხვა გზით პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა - ცუდი, სარისკო და ქვეყნისთვის დამანგრეველი... ვინც რევოლუციაზე ოცნებობს, მან უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია ყოველთვის მშვიდობიანი არ არის და გარე მტრები აუცილებლად ისარგებლებენ ქვეყანაში შექმნილი­ გაურკვეველი მდგომარეობით.

მოდი, ხელისუფლების ოპონენტზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა და დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილით. ალბათ, უკვე დროა ქალბატონი სალომე გამოვიდეს პრეზიდენტის­ "ობრაზიდან" და კიდევ ერთხელ სცადოს, რომ ოპოზიციის არანაცური ნაწილის გამაერთიანებელ-მაკოორდინირებელი ლიდერი გახდეს. თუ არ გამოუვა, საჯაროდ თქვას, ვინ ეწინააღმდეგება ასეთ ერთობას და ვინ ასრულებს მთავარი ჩამშლელის როლს. როდესაც ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, "ერთობას ერთობისთვის" არ ვგულისხმობთ. დღეს საქართველოში მეტ-ნაკლებად სანდო­ პოლიტიკური რეიტინგები არ ქვეყნდება, მაგრამ ისედაც ძალიან კარგად ჩანს, რა დღეშია ოპოზიცია. საზოგადოებრივ აზრზე გავლენა კი არა, ოპოზიციონერ ლიდერებს თავიანთ საახლობლოზე თუ აქვთ გავლენა, საინტერესო აი, ეს არის. სუსტი ოპოზიცია ქვეყნისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც დაუკრეფავში გადასული ხელისუფლება.

საჭიროა პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. საზოგადოებამ რომ დაინახოს - არის მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი ჯგუფის ლიდერად სალომე ზურაბიშვილი იდეალური კანდიდატია. ეს პოლიტიკური ჯგუფი უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის - რიგგარეშე იქნება ის თუ 2028 წელს ჩატარდება. გაიაზროს ოპოზიციის ძველი შეცდომები. მაგალითად ის, რომ მოსახლეობასთან სოფელ-სოფელ სიარულია საჭირო და არა თბილ ტელესტუდიებში ჯდომა; უნდა ჰქონდეს გეგმა თითოეულ მტკივნეულ თუ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით - მხოლოდ "რუსებო" და "გადადექი, გადადექის" ძახილით პარტია შორს ვერ წავა.

ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვისი გამარჯვებისაც სჯერა და სწორედ ასეთი რწმენის გაჩენა უნდა იყოს ახალი პოლიტიკური ალტერნატივის მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, თუ რა მოხდება. აგერ, სააკაშვილი პოსტს პოსტზე აცხობს და ოპოზიციას მოუწოდებს, ჩემ გარშემო გაერთიანდითო. დიდი ალბათობით, სააკაშვილის გარშემო მისი ყოფილი თანაგუნდელებიც არ გაერთიანდებიან. სწორედ სააკაშვილი და მისი მომხრეები ასრულებენ მთავარ როლს იმაში, რომ ოპოზიციურ ველზე დღევანდელი მძიმე სტატუს-კვო­ შენარჩუნდეს; მეორეც - წარმოვიდგინოთ, მოხდა სასწაული და მთელი ოპოზიცია სააკაშვილის გარშემო გაერთიანდა. ეს არის წინასწარ წაგებული თამაში. საზოგადოების დიდი ნაწილი არ მისცემს ხმას იმ გაერთიანებას, სადაც ლიდერი სააკაშვილია და, მინიმუმ, არჩევნებისას სახლში­ დარჩება. სააკაშვილის დაძახილზე ქუჩაში გასვლაზე საუბარიც ზედმეტია. ახალი პოლიტიკური ალტერნატივის მიზანი ისიც უნდა იყოს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს დაანახოს - სააკაშვილიც პოლიტიკური წარსულია.

თუმცა... არ ვიცი, რომელი უფრო მიამიტურია - იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლებამ შემრიგებლური ნაბიჯი გადადგას, თუ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახალი პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას.

რა გვაჩვენა დებატებმა

"რუსთავი 2"-ზე გაიმართა პირველი დებატები ასეთ შემადგენლობით: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ხალხის ძალიდან" სოზარ სუბარი, "ნეიტრალური საქართველოდან" კოტე ჟღენტი,­ "გირჩიდან" იაგო ხვიჩია და ნინო ჩხობაძე, როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელი. მიწვეული იყო გახარიას პარტია, მაგრამ საბოლოოდ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებმა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სტუმრები შემდეგი მეთოდით შეირჩა - ჩვენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები კი ვართ, მაგრამ სინამდვილეში ერთ აზრზე ვართ (ნინო ჩხობაძეს არ ვგულისხმობ) და ჩვენი სამიზნე არის ერთი მთავარი ოპონენტი, რომელსაც დავჩაგრავთ და შერცხვენილი წავა დებატებიდანო. თუმცა შესაძლოა ვცდებით.

სავარაუდოდ, ეს საფრთხე დაინახეს გახარიას პარტიაში და იმიტომ არ მივიდნენ­ დებატებზე. თუმცა ბრძოლისგან თავის არიდება პოლიტიკურად მომგებიანი­ ყოველთვის არ არის. კერძოდ, მიუხედავად­ ფორმატისა, ეს შანსს გაძლევს, რომ დიდი აუდიტორიის წინაშე უთხრა ხელისუფლებას­ ის, რასაც მასზე ფიქრობ. ამას კი ნიჭი და გამოცდილება სჭირდება, რათა მართლაც წინასწარ გასალახად განწირულ ბიჭად არ იქცე. თუმცა შეუძლებელი არ არის. მაგალი­თად, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"­ ნიკა მელიას წინ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი ეჯდა, მაგრამ ხმა არ ამოაღებინა. თუ დებატებში სუსტი ხარ, ჯობს მართლაც არ მიხვიდე, რადგან პოლიტიკურად დაზარალდები.

რაც შეეხება ფორმატს - "ნეიტრალურ­ საქართველოსა" და "ხალხის ძალას" "ოცნების" ოპოზიცია შეიძლება უწოდოს მხოლოდ იმან, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა­ პოლიტიკაში. ამიტომ ყველაზე სამართლიანი ფორმატი იქნებოდა სამი-სამზე­: ზემოხსენებული პარტიები და გახარიას გუნდი, "ლელო" და სხვა რომელიმე პარტია (თუმცა "ოცნებას", გახარიას პარტიის გარდა, არ სურს სხვა ოპოზიციონერებთან დებატი, რადგან დესტრუქციულ ძალად მიიჩნევს); მეორეც - "ხალხის ძალას" თავი დავანებოთ, ის ფორმალურად საპარლამენტო პარტიაა. აი, "ნეიტრალური საქართველოს" მოწვევას რა მიზანი ჰქონდა?­ რომელი წონიანი ან გავლენიანი პარტია ეგ არის?

თუმცა... "ნეიტრალურმა საქართველომ" გაავრცელა განცხადება და დებატები მოითხოვა ევროინტეგრაციის თემაზე. "ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია", - ნათქვამია ამ პარტიის განცხადებაში.

იმედია, დებატების იდეა და "ნეიტრალური საქართველოს" წინა პლანზე წამო­წევა არ ემსახურება იმას, რომ დისკუსია ზემოხსენებულ ჭრილში გადავიდეს. მაშინ უკვე ყველაფერი ნათელი იქნება და ქვეყანას დამშვიდება დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად არ უწერია.

გიორგი კვიტაშვილი