დიდი სკანდალი და ცემა-ტყეპა აფხაზეთში: მილიციის ოფიცერი „აფხაზური წესით“ გაასამართლეს - "ეს არის ტრადიციებისა და კრიმინალური სამყაროს გაგების ნაზავი" - კვირის პალიტრა

დიდი სკანდალი და ცემა-ტყეპა აფხაზეთში: მილიციის ოფიცერი „აფხაზური წესით“ გაასამართლეს - "ეს არის ტრადიციებისა და კრიმინალური სამყაროს გაგების ნაზავი"

ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკორეიდის დროს დე ფაქტო სამართალდამცავების ძალადობა კონფლიქტში­ გადაიზარდა. ე.წ. შს მინისტრმა კრიმინალური გამოძიების­ დეპარტამენტის თანა­მშრომლების­ მიერ ნაცემი ახალგაზ­რდის­ ოჯახის წევრებს მილიციის ოფიც­რის ვინაობა გაუმხილა და მისი "აფხაზური­ წესით" გასამართლების უფლება მისცა, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება, სროლა, დაშავებულები და "სამინისტროში" შიდადაძაბულობა მოჰყვა.

როგორ გადაიზარდა ნარკორეიდი ძალოვან სკანდალში

ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეგრამარხმა "აიაშარამ" გაავრცელა. თავდაპირველად ე.წ. ძალოვანი უწყებები ამ ფაქტს უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი­ დადასტურდა. ინციდენტი 26 იანვარს დაიწყო. "აიაშარას" წყაროს ცნობით, გულრიფშის რაიონში დე ფაქტო შსს-ს კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის ე.წ. დეპარტამენტის (UKON) თანამშრომლებმა დააკავეს­ და სასტიკად სცემეს სამ ახალგაზრდას. ერთი მათგანი კლინიკაში მოათავსეს კეფის­ ძვლის მოტეხილობის დიაგნოზით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია შეცდომით­ ჩატარდა: მილიციელები ნარკომომხმარებლებზე რეიდს გეგმავდნენ, თუმცა რეალურად უდანაშაულო პირები დააკავეს. ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და აბსურდამდე მივიდა. თავიდან ნაცემი ახალგაზრდების, ჯელიასა და კაკუბავების ნათესავებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდებს­ UKON-ის თანამშრომლებმა სცემეს, ამიტომ შურისძიება გადაწყვიტეს, იმავე დღეს იპოვეს UKON-ის რამდენიმე თანამშრომელი და ისე სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ისინიც­ საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. მალევე გაირკვა, რომ გულრიფშის რაიონში ახალგაზრდები არა UKON-ის თანამშრომლებმა დააკავეს, არამედ სს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებ­ლებმა. ამის შემდეგ ჯელიასა­ და კაკუბავე­ბის ოჯახის წევრებმა ე.წ. შს მინისტრს მიმართეს საჩივრებით. "მინისტრმა"­ რობერტ­ კიუტმა დაზარალებულების ოჯახებს­ უფლება მისცა მილიციის ოფიცერთან, ვინმე მიჩბასთან ურთიერთობა "აფხაზური წესით" გაერკვიათ... წყაროს ცნობით, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მილიციის სხვა ოფიცრები­ ნაცემი კოლეგების დასაცავად­ საავადმყოფოში მიცვივდნენ და ნაცემი ახალგაზრდის, ჯელიას ბიძაშვილის გატაცება სცადეს. მილიციელებისა და დაზარალებულის ნათესავების დაპირისპირებას სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც თავად UKON-ის თანამშრომლებიც დაშავდნენ... კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საქმეში მილიციის ოფიცერ მიჩბას გვარის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. ისინი ნაცემი ახალგაზრდე­ბის ოჯახებს დაჰპირდნენ, რომ მილიციელს თავად დასჯიდნენ და დასაჯეს კიდეც, რის შემდეგაც მიჩბასაც დასჭირდა საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი - იგივე წყარო ამბობს, რომ ამ ტრაგიკომიკური ინციდენტის შედეგად ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა სამსახურიდან გაათავისუფლა მიჩბა და დროებით დაითხოვა­ UKON-ის ის თანამშრომლებიც, რომლებიც საავადმყოფოში მიუცვივდნენ დაზარალებულებს...

როგორც "აიაშარა" იუწყება, ამ გადაწყ­ვეტილებით "შს სამინისტრო" შესაძლოა თანამშრომლების გარეშე დარჩეს, რადგან არავის სურს ისეთი ადამიანის ხელმძღ­ვანელობით მუშაობა, რომელიც თანამშრომელს სხვებს მიუგდებს ლინჩის წესით დასასჯელად. "მინისტრს" დაუპირისპირდა UKON-ის ხელმძღვანელი ასტამურ ფაჩალია, რომელიც ზემოთ აღწერილი მოვლენების დროს აფხაზეთში არ იმყოფებოდა და თუ კიუტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, UKON-ის მთელი დეპარტამენტი მზადაა გადადგეს. ძალოვანები აღშფოთებულნი არიან, რომ "სამინისტროს" ხელმძღვანელობამ ისინი არ დაიცვა.

დე ფაქტო სამინისტრო უარყოფს მიჩბას­ გარდა სხვა თანამშრომლების გა­თავი­სუფლებას და უწყებაში დაძაბულობას,­ ოპოზიციურ მედიას კი კითხვები აქვს - ინციდენტში მიჩბას გარდა სხვა მილიციელებიც თუ მონაწილეობდნენ და რატომ მალავს "სამინისტრო" სხვა პირების ვინაობას, რატომ აგრძელებენ ისინი მუშაობას გამოძიების დასრულებამდე, თითქოს არაფრი მომხდარა? აკრიტიკებენ "მინისტრ" კიუტსაც და ოფიცრის ცემის ნებართვის გაცემის გამო "მინისტრის" პასუხისმგებლობას ითხოვენ. "შინაგან საქმეთა უწყებამ სამართლებრივი პროცედურები გვერდზე გადადო და მილიციის ოფიცრის არაოფიციალური,­ ლინჩის წესით ძალადობრივად "გასამართლება" დაუშვა", - წერენ ოპოზიციური გამოცემები.

10fd57e4-a33f-4c46-898c-40efd90bbfc3-cx0-cy18-cw0-w1597-n-r1-s-s-1770571654.jpg

"აფსუარა" მათი მთავარი ტრადიციაა"

მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: - აფხაზეთში კანონი არ მუშაობს, იქ არიან გავლენიანი კლანები და ისინი მართავენ აფხაზებს. ეს ბევრ რამეში ხელს უშლიდა რუსებს, რადგან როდესაც დაზარალებული რუსები იყვნენ, აფხაზურ სასამართლოში საქმეები გავლენიანი კლანების სასარგებლოდ წყდებოდა. გასულ წელს რუსებმა აფხაზებს მიაღებინეს კანონი, რომ რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებებს აფხაზეთშიც ცნობენ და ამით ერთგვარად დააბალანსეს კლანების თავნებობა. ძალადობა, ყაჩაღობა, დაპირისპირება, მათ შორის ძალოვანებსა და ადგილობრივებს შორის, ხშირია. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამნაშავე გავლენიანი კლანის წევრია და მისი სანათესაო ან მოლაპარაკებით აგვარებს საქმეს ძალოვანებთან, ან არის თავდასხმები მილიციელებზე.­ აფხაზეთში ასევე ძალიან ძლიერია ე.წ. შავი სამყარო. როცა რამე ხდება, საქმის გასარჩევად ჯერ ე.წ. ქურდებთან მიდიან. მოსახლეობა ანგარიშს ქურდებს უწევს.

ძალოვან სტრუქტურებს პატივს არავინ სცემს. ხშირია კორუფცია, ქრთამი, ძალადობა, ნარკოტიკების ჩადება. იქ მოქმედებს საგზაო მილიცია, რომელიც ძალიან კორუმპირებულია. ტურისტულ სეზონზე თავად მილიციელები არღვევენ კანონებს, ჩართული არიან ტურისტულ მომსახურებაში და ქრთამს იღებენ. საგზაო წესების დარღვევისთვის ხშირად აჯარიმებენ ტურისტებს ისეთ ადგილებში, სადაც ნიშნები­ არ არის. გაზაფხულზე ე.წ. შს მინისტრმა მკაცრად გააფრთხილა მილიციელები, რომ რუსულნომრიანი მანქანები არ გაეჩერებინათ და ქრთამი არ აეღოთ, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. რუსები ინტერნეტში მუდმივად ჩივიან აფხაზური მილიციის თავნებობაზე.

მთელი აფხაზეთი იყო ჩართული ამ საქმის "აფხაზური წესით" მოგვარებაში. იწერებოდა, ისეთი სიტუაცია იყო, ყველამ ერთმანეთს სცემაო. ითხოვდნენ, რომ კიუტს პასუხი ეგო იმის გამო, რომ თანამშრომლები სხვებს საცემად­ გადასცა. ნაწილი ითხოვდა, საჯაროდ დასახელებულიყო ყველა იმ მილიციელის გვარი, ვინც თავიდან წამოიწყო კონფლიქტი. საჯაროდ მხოლოდ ერთი ოფიცრის გვარი დასახელდა, კიუტმა სხვებს ხელი დააფარა და მხოლოდ მიჩბა მიუგდო ბიჭის ნათესაობას.

- რას ნიშნავს "აფხაზური წესი"?

- "აფხაზური წესი" მათი მთავარი ტრადიციაა, მას "აფსუარა" ჰქვია, თუმცა ეს არსად წერია. გაუკუღმართებული ტრადიციები აქვთ - ერთმანეთშია შერეული აფხაზური ტრადიციები, ქურდული სამყაროს გაგება და თანამედროვე წესები. ამ ნაზავით უნიკალური სუბკულტურა აქვთ შექმნილი. როცა დანაშაული ხდება, ქურდების­, კლანების და გავლენიანი პირების ჩარევით­ არჩევენ საქმეებს და დამნაშავეს ასამართლებენ. შენარჩუნებული აქვთ სისხლის აღების წესიც.

ასევე დაგაინტერესებთ: „ფული მოგვეცით და ჩვენ გადავწყვეტთ, რაში დავხარჯოთ“ - რუსი პროპაგანდისტის სტატია, რომელმაც სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია

ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზები და ოსები უკრაინის ომში

გასტერბაიტერები აფხაზეთში და აფრიკელი სტუდენტი, რომელიც ოჩამჩირეში შემზარავი მეთოდით მოკლეს

„მე ახლა ჩემს სამშობლოშივე გამოძევებული ვარ“ - რას ჰყვება გაგლოევის კრიტიკის გამო დაკავებული და არაოკუპირებულ მხარეს გამოძევებული თამარ მეარაყიშვილი

- ეს ბოლო ინციდენტი ნარკორეიდს მოჰყვა.­ რამდენად დიდი პრობლემაა ნარკომანია აფხაზეთში?

- მთელი აფხაზეთი, ახალგაზრდების­ დიდი ნაწილი, ნარკოტიკებზეა დამოკიდებული და ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მთელი ხმით გაჰყვირიან, რომ დემოგრაფიული კატასტროფა ხდება და ნარკოტიკებით იღუპება თაობა.­ ბოლო დროს ყოველკვირეულ რეიდებს აწყობენ და შემდეგ სიუჟეტებს აკეთებენ, სადაც ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ პირებს აჩვენებენ და მათ სახელებსა და გვარებს ასახელებენ. თუმცა მხოლოდ მათ აჩვენებენ, ვისაც გავლენიანი ნათესავები არა ჰყავს. გავლენიან ფიგურებს გაჩერებას და ვიდეოების გადაღებას ვერ გაუბედავენ. ყოველთვის ყველაფერს ქართველებს და საქართველოს აბრალებენ, თუმცა ნარკოტიკების თემაში საქართველოს არ ახსენებენ, რადგან იციან, რომ ნარკოტიკების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, ფსოუდან შემოდის. რუსების მიზანიც ის არის, რომ აფხაზი ერი გაქრეს.

ეკატერინე ბასილაია