კონტროლი „დიდ ბირთვულ რაკეტებზეც“ შეწყდა - საით მიექანება მსოფლიო?
რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული და ფართომასშტაბიანი ომის, ღაზის სექტორის დაბომბვისა თუ ირანზე შეტევა-არშეტევის ყოველდღიური მძიმე მოლოდინის გამო როგორღაც მეორე პლანზე გადაინაცვლა იმ უმთავრესმა საკითხმა, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ ჩვენი დედამიწა შეიძლება გამოუსწორებელ კატასტროფას გადაარჩინა. ეს იყო სტრატეგიულ შემტევ ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება იმ დროისთვის მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, რამაც შემდგომ წლებში ბირთვული დაპირისპირების მნიშვნელოვნად შემცირებას შეუწყო ხელი, თუმცა...
2026 წლის 5 თებერვალს ოფიციალურად დასრულდა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების (New START) მოქმედების ვადა, რაც ნიშნავს, რომ ეს ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს ვეღარ გაუკონტროლებს სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას და საკუთარი სურვილის მიხედვით გააძლიერებენ მას, რაც ჯამში უფრო სახიფათოს გახდის დღევანდელ ისედაც ომებში ჩაძირულ და მოშლილ მსოფლიო წესრიგს.
"ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ჩვენ ვდგავართ სამყაროს წინაშე, როდესაც რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალზე დაწესებული სავალდებულო შეზღუდვები აღარ არსებობს. ეს ორი სახელმწიფო მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის მარაგების უდიდეს ნაწილს ფლობს. მოვუწოდებ ორივეს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მართლაც, მსოფლიო 1970-იანი წლების დამდეგს, ურთულეს პერიოდს დაუბრუნდა, როდესაც პირველი "ცივი ომის" დროს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბირთვულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და დედამიწა მესამე მსოფლიო, მაგრამ ამჯერად ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები, რამაც ბირთვული განიარაღების პროცესის დაწყება განაპირობა?
მცირე ისტორიული ექსკურსი...
უმთავრესი შეთანხმება, რომელმაც პირველი "ცივი ომის" დროს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, მსოფლიო მესამე ბირთვულ ომს გადაარჩინა, იყო 1972 წელს ჰელსინკიში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება "შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ" (ვაშინგტონში მას SALT-I-ს უწოდებდნენ, მოსკოვში - ОСВ-I-ს), რომელმაც შეზღუდა ორი ზესახელმწიფოს შეიარაღებაში არსებული ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების რიცხვი, რითაც შენელდა გამალებული ბირთვული შეიარაღება.
1979 წელს ვენაში ამ ხელშეკრულების "გაუმჯობესებულ ვარიანტს, SALT-II-ს, იმავე ОСВ-II-ს მოაწერეს ხელი, რომელიც ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას კრძალავდა.
1991 წლის მიწურულს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საჭირო შეიქნა ამ ხელშეკრულების განახლება, რომელშიც საბჭოთა მემკვიდრედ გამოდიოდა რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებიდან სტრატეგიული დანიშნულების (მანამდე ტაქტიკური დანიშნულების) სარაკეტო შეიარაღება და ბირთვული ქობინები თავისთან გადაზიდა, რაც ასევე აწყობდათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რათა თავი არ ეტეხათ უკრაინაში, ბელარუსსა თუ ყაზახეთში დარჩენილი ყოფილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებისა და მით უმეტეს ბირთვული მუხტების ირანისა ან ჩრდილო კორეის არსენალში აღმოჩენის საფრთხეზე; ან უფრო უარესი - კორუმპირებული ყოფილი საბჭოთა გენერლებისაგან თერმობირთვული ბომბი "მერსედესის" ლიმუზინის ფასად რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას არ ჩაეგდო ხელში. შესაბამისად, 1994 წლის დეკემბრიდან აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ამოქმედდა "სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების" ხელშეკრულება START- I (რუსულად СНВ-I), რომლის თანახმადაც, თითოეულ მხარეს 6 ათასზე მეტი სტრატეგიული დანიშნულების (ამ რიცხვში არ შედიოდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები) ბირთვული ქობინი არ უნდა ჰქონოდა, ხოლო უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში დარჩენილი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება, ლისაბონის პროტოკოლის თანახმად, რუსეთში გადაიზიდებოდა.
1993 წელს აშშ-რუსეთის ფედერაციას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება START-II (რუსულად }{[СНВ-II), რომელიც ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინებით აღჭურვილი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების აკრძალვას ითვალისწინებდა, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ ამოქმედებულა, რადგან კრემლმა ის რუსეთისთვის წამგებიანად ჩათვალა.
2010 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა ახალ, START-III (რუსულად СНВ-III) ხელშეკრულებას, "სტრატეგიული შემტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ" მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს და რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მზადყოფნაში შეიძლებოდა ჰქონოდათ არაუმეტეს (თითოეულ მხარეს) 700 კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტისა, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტისა და მძიმე ბომბდამშენისა, რომლებზეც განთავსებული შეიძლება ყოფილიყო არაუმეტეს 1 550 ბირთვული ქობინისა, ასევე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი არაუმეტეს 800 სარაკეტო გამშვები დანადგარისა.
2020 წლის 1-ლი სექტემბრისთვის აშშ-ის შეიარაღებაში ირიცხებოდა 675 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 457 ბირთვული ქობინი და 800 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი.
რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება 2020 წლის მონაცემებით ასეთი იყო: 510 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 447 ბირთვული ქობინი და 764 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი.
ამ ათწლიანი შეთანხმების 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელებას, მართალია, 2021 წელს ხელი მოაწერეს მოსკოვში, მაგრამ 2023 წლის 21 თებერვალს, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, პუტინმა ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება გამოაცხადა. გასულ წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-ისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
აშშ-ისა და რუსეთის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზები ამ ხელშეკრულების გაგრძელების საწინააღმდეგოდ იყო: პირველი - აშშ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ახალ ხელშეკრულებაში მესამე ქვეყანა, კერძოდ, ჩინეთიც ჩართულიყო, სადაც გამალებული ბირთვული გადაიარაღებაა (მკვეთრად ზრდის ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების რაოდენობას) და თავისი ბირთვული არსენალის სიძლიერით მალე დაეწევა აშშ-ს.რუსეთი გინდაც დასთანხმებოდა აშშ-ის ამ დაჟინებულ მოთხოვნას, ჩინეთი კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა;
მეორე - რუსეთიც მოითხოვდა, რომ ახალ ხელშეკრულებაში ჩართულიყვნენ ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებსაც ასევე აქვთ ბირთვული შეიარაღება. ბრიტანეთიც და საფრანგეთიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ ჩართულიყვნენ აშშ-რუსეთის ორმხრივ სტრატეგიული შეტევითი ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის ახალ ხელშეკრულებაში.
რუსეთის მიერ ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკებისა" და წყალქვეშა ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი "პოსეიდონების" გამოცდა-წარმოების დაწყება, ხოლო აშშ-ში ახალი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების შემუშავება იმაზე მიუთითებს, რომ მეორე "ცივ ომში" ბირთვული დაპირისპირების ზენიტი უფრო სახიფათოდ მიუახლოვდება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარს.
მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე გლობალური მნიშვნელობის ხელშეკრულება გახლდათ "ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყლის ქვეშ აკრძალვა", რომელსაც 1963 წელს მოაწერეს ხელი მოსკოვში საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.
1945-დან 1963 წლის ჩათვლით აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიწის ზემოთ, ატმოსფეროში, წყალზე, წყლის ქვეშ (ხოლო ვაშინგტონმა და მოსკოვმა კოსმოსშიც კი) რამდენიმე ასეული ატომური და თერმობირთვული საგამოცდო აფეთქება მოაწყვეს, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს ჩვენი პლანეტის ეკოსისტემას.ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მიწისქვეშა ბირთვული გამოცდების ჩატარებას უშვებდა. 1990 წელს საბჭოთა კავშირმა ბოლო მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ჩაატარა, რის შემდეგაც მოქმედებს მორატორიუმი ასეთ გამოცდაზე, რასაც მთავარი ბირთვული ქვეყნები კი იცავენ, მაგრამ 1998 წელს ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის "ჯიბრზე" ორ-ორი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეამ 2006 წლიდან არანაკლებ 11 მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოახდინა საკუთარი თერმობირთვული ქობინების შესაქმნელად.
1963 წლის ხელშეკრულების ბაზაზე 1996 წელს ამოქმედდა ხელშეკრულება "ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ", რომელზეც 2023 წლისთვის მსოფლიოს 187 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი (საქართველოს 2002 წელს), თუმცა "ბირთვული კლუბის" წევრი ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებენ ხელმოწერაზე. 2023 წლის 2 ნოემბერს მათ რიცხვს რუსეთის ფედერაციაც შეუერთდა, პუტინმა ხელშეკრულების რატიფიცირება უკან გაიწვია.
2025 წლის მიწურულს კი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა თითქოს აპირებს ბირთვული გამოცდების აღდგენას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს ეს მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებების ხელახლა დაწყებას, თუ მხოლოდ ბირთვული ქობინების გადამტანი სტრატეგიული დანიშნულების ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდებით შემოიფარგლება;
მესამე - დიდი მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული მსოფლიოში მშვიდობის დაცვა, არის "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულება, რომელიც 1990 წელს პარიზში გაფორმდა ნატოს წევრ 16 სახელმწიფოსა და ვარშავის პაქტის მონაწილე 6 ქვეყანას შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე, მდინარე ურალამდე და კასპიის ზღვამდე წესდებოდა შეზღუდვები ჩვეულებრივი შეიარაღების ხუთ ძირითად კატეგორიაში - ნატოსა და ვარშავის პაქტს ცალ-ცალკე შეიძლება ჰქონოდათ ტანკების (40 ათასი), საბრძოლო შეჯავშნული მანქანების (60 ათასი), 100 მმ-ზე მსხვილი არტილერიის (40 ათასი), დამრტყმელი შვეულმფრენებისა (4 ათასი) და საბრძოლო თვითმფრინავების (13 600) კონკრეტულ რაოდენობაზე არაუმეტესი შეიარაღება. მაგრამ მალე ჯერ ვარშავის პაქტი დაიშალა (მისი ხუთი ყოფილი წევრი იქით შევიდა ნატოს რიგებში), რასაც საბჭოთა იმპერიის დამხობაც მოჰყვა და მის ადგილზე დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები გაჩნდნენ. ამიტომაც 1999 წელს სტამბოლის სამიტზე ამ ხელშეკრულების ადაპტაციის აუცილებლობა შეიქნა, რაც ზუსტად გადაანაწილებდა მასში მონაწილე ქვეყნებს შორის (მათ შორის საქართველოსთვისაც) ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტებს.
2007 წლის ნოემბერში კრემლმა ოფიციალურად შეაჩერა ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა, რათა ამ ხელშეკრულების კვოტების დარღვევით მნიშვნელოვნად გაეზარდა მძიმე შეიარაღების რიცხვი ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოზე სამხედრო შეტევის დაწყების წინ, რაც გამოჩნდა კიდეც აგვისტოს ომის დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის დროს იმდენი რუსული საბრძოლო ტექნიკა შემოიჭრა ქართულ მიწაზე, რომლის ამ რაოდენობით საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან თავმოყრის უფლება ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად მოსკოვს არ ჰქონდა.ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთს ამ ხელშეკრულებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული, აგვისტოს ომის შემდეგაც, 2011 წლის ჩათვლით, რუსეთი ოფიციალურად იღებდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ საბრძოლო ტექნიკის რაოდენობისა და დისლოკაციის ადგილებზე, რომლებსაც საერთაშორისო ვერიფიკატორები წელიწადში რამდენჯერმე გვიმოწმებდნენ.
2023 წლის 29 მაისს პუტინმა ხელი მოაწერა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების დენონსაციას - რუსეთმა ამ მხრივაც შეწყვიტა თანამშრომლობა ნატოსთან. კრემლის საპასუხოდ 2023 წლის 7 ნოემბრიდან ნატოს წევრმა ქვეყნებმაც დროზე ადრე შეაჩერეს თავიანთი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაში.
რას მოუტანს "მეორე ცივი" ომის პერიოდში შესულ მსოფლიოს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებისა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მექანიზმების მოშლა და ბირთვული გამოცდების შესაძლო აღდგენა?
"მსოფლიო პოლიციელი" ზესახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნაწილში კანონებით დაარეგულირებდა წესრიგს, აღარ არსებობს. დედამიწა ომებმა მოიცვა. ამჟამად ჩვენს პლანეტაზე არანაკლებ 55 დიდი და მცირე მასშტაბის ომი და შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და ახალი ფრონტების გახსნაზე ზოგიერთი ქვეყანა უკვე "რიგში" დგას. ასეთ დროს ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებაზე წლობით მეტ-ნაკლებად წარმატებით მოქმედი მექანიზმების სრული მოშლა ჩვენს პლანეტას მესამე, ამჯერად ბირთვული ომის შესაძლო გაჩაღების დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.