ქართული საინჟინრო სკოლის ინოვატორი ფუძემდებელი
ქართული საინჟინრო სკოლის ფუძემდებელი გიორგი ნიკოლაძე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა საქართველოს ტექნიკური განათლების ისტორიაში. მისი კარიერა აერთიანებს მეცნიერებას, პედაგოგიკას, ინჟინერიას და სპორტს, ხოლო მის მიერ შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო პროგრამები დღემდე ემსახურება ქვეყნის განვითარებას.
გიორგი ნიკოლაძე იყო:
პირველი ქართულენოვანი მათემატიკური სახელმძღვანელოების ავტორი;
ქართულ ენაზე ტექნიკური ტერმინოლოგიის შემქმნელი;
ფეროშენადნობი ღუმელის ინოვატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინდუსტრიას;
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თანადამფუძნებელი;
ალპინიზმის პიონერი;
ტანმოვარჯიშე და ტანვარჯიშის პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი.
მამის გზის გამგრძელებელი
გიორგი ნიკოლაძე დაიბადა 1888 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ქართველი განმანათლებლისა და რეფორმატორის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში, სადაც სიტყვა "განათლება" მხოლოდ სიტყვა არ იყო - ეს იყო ცხოვრების წესიც. მამა ვაჟისთვის მხოლოდ ავტორიტეტი არ ყოფილა, იგი იყო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ცხოვრება ქვეყნის სამსახურში.
გიორგი ბავშვობიდანვე იზრდებოდა გარემოში, სადაც საუბრობდნენ მეცნიერებაზე, პროგრესზე, ევროპაზე, განათლების ძალაზე... და ეს არ იყო მხოლოდ თეორიული იდეალები - ნიკოლაძეების ოჯახში სჯეროდათ, რომ განათლებული ადამიანი ქვეყნის მომავლის მშენებელია.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გიორგიმ სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მიიღო საინჟინრო განათლება მეტალურგიის სპეციალობით. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი მრავალმხრივი ნიჭი: იგი ერთდროულად იყო მათემატიკოსიც, ტექნიკოსიც და მოაზროვნეც. ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს. მისთვის მეცნიერება არ ყოფილა მხოლოდ ფორმულები, იყო ინსტრუმენტი ქვეყნის გარდასაქმნელად.
1918 წელს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, გიორგი ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა. ქვეყანა ახალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას იწყებდა და სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც ახლებურ იდეებს ხორცს შეასხამდნენ. დონეცკის აუზის მეტალურგიულ ქარხნებში მუშაობით მიღებული გამოცდილებით ნიკოლაძე ჩაერთო ტექნიკური განათლების ორგანიზებაში, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც ქართულ საინჟინრო სკოლას ჩაუყარა საფუძველი. მისი ლექციები მკაცრი სიზუსტითა და ლოგიკური აზროვნებით იყო ცნობილი. სტუდენტები ამბობდნენ, რომ ნიკოლაძე ასწავლიდა არა მხოლოდ საგანს, არამედ აზროვნების წესს.

სამეცნიერო მიღწევები
1920-იან წლებში გიორგი ნიკოლაძე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას ევროპაში. 1927 წელს მან შექმნა თეორია ალგებრული სისტემების შესახებ.& ეს თეორია საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა და პარიზში წიგნად გამოვიდა, რაც მისი მეცნიერული რეპუტაციის კიდევ ერთი მტკიცებულება და მნიშვნელოვანი მიღწევა იყო იმ დროის ქართველი მეცნიერისთვის.
ევროპული აკადემიური გამოცდილება მან საქართველოში ჩამოიტანა როგორც ცოდნა, რომელიც ქვეყანას უნდა მოხმარებოდა.
პირველადი სახელმძღვანელოები და ტერმინოლოგია
ნიკოლაძე იყო პირველი, ვინც ქართულ ენაზე შექმნა მათემატიკური სახელმძღვანელოები და შემოიღო სისტემური საინჟინრო და ტექნიკური ტერმინოლოგია.
მოამზადა რუსულ‑ქართული და ქართულ‑რუსული მათემატიკური ტერმინების ლექსიკონი (1920-იანი წლები). მონაწილეობდა სპორტული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებაშიც. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშშიც.
ინდუსტრიული ინოვაციები
1929-1930 წლებში თბილისში (დიდუბეში) გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზე ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს. ეს პროექტი არ იყო ფანტაზია - ნიკოლაძის მეთოდები და ექსპერიმენტები გადმოიტანეს ინდუსტრიაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მცდელობა, შეექმნა მექანიკური გამომთვლელი აპარატი, რომელიც საინჟინრო გამოთვლებს გაამარტივებდა. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი ხელით კეთდებოდა, ეს თითქმის ფანტასტიკის სფერო იყო. თუმცა, სწორედ ასეთი იდეები აჩვენებდა ნიკოლაძის მასშტაბს: ის არა მხოლოდ ქმნიდა პროექტებსა და სწავლების მეთოდებს, არამედ ცდილობდა მოემზადებინა საქართველო მომავლისთვის.
ალპინიზმი და გეოგრაფია
გიორგი ნიკოლაძე მხოლოდ მეცნიერი არ ყოფილა. იგი იყო სპორტისა და ალპინიზმის პიონერი საქართველოში. ნიკოლაძე მონაწილეობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შექმნაში, რადგან იცოდა, რომ ტექნიკური პროგრესი შეუძლებელია ქვეყნის ბუნების, რელიეფისა და რესურსების ცოდნის გარეშე. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924 წელს დაარსდა და ნიკოლაძე მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილებას თავმჯდომარეობდა. მისთვის გეოგრაფია იყო რუკა, რომელიც მომავლის პროექტებს აამოქმედებდა. 1923 წელს მისი ხელმძღვანელობით პირველი ქართული ჯგუფი მყინვარწვერზე ავიდა, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ალპინიზმის განვითარებას. 1925 წელს მან 19-კაციანი ჯგუფი აიყვანა იალბუზზე. 1929 წელს კი ავიდა თეთნულდზე. ამავე წელს მისი თაოსნობით შეიქმნა კავკასიის უღელტეხილთა შემსწავლელი კომპლექსური ექსპედიცია. ალპინიზმი მისთვის იყო სწავლისა და დისციპლინის მეთოდი, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდა გეგმის შექმნას, ორგანიზებულ მოქმედებას და მოთმინებას რთულ პირობებში.
სპორტი და საზოგადოება
გიორგი ნიკოლაძე მონაწილეობდა ქართული სპორტული მოძრაობის შექმნაშიც, ავითარებდა ფიზიკურ კულტურას და ახალგაზრდებში ამკვიდრებდა იდეას, რომ ძლიერი გონება და ძლიერი სხეული ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია.
1918 წელს მან დააარსა საქართველოში პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენი". 1921 წელს კი "საქართველოს შევარდენთა კავშირი", რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თვითონ იყო. გამოსცა პირველი ქართული ტანვარჯიშის სახელმძღვანელო და დაამკვიდრა თავად ტერმინი "ტანვარჯიში". ასევე, მის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარება. მანამდე კი, 1912 წელს, ის სანკტ-პეტერბურგის გუნდ "სოკოლის" შემადგენლობაში ირიცხებოდა და მონაწილეობა მიიღო მე-6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში, სადაც 2000 ტანმოვარჯიშეს შორის მე-15 ადგილი, მძლეოსნურ მკლავჭიდში კი მე-19 ადგილი დაიკავა.
პირადი ცხოვრება
გიორგი ნიკოლაძემ ცოლად შეირთო პარიზში მცხოვრები ემიგრანტის ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილი ჟორჟეტა ღამბაშიძე, რომელიც გახდა მისი პარტნიორი როგორც საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე ალპინისტურ ექსპედიციებში. თუმცა მათი სიყვარულის დასაწყისიც გიორგი ნიკოლაძის გაბედულ ნაბიჯს უკავშირდება. როგორც თავად ჟორჟეტა იხსენებდა, 1926 წელს პარიზში მათ ოჯახს სტუმრად ეწვია გიორგი ნიკოლაძე, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდათ ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის პერიოდიდან. თუმცა, მაშინ საბჭოთა მოქალაქეებს ემიგრანტებთან სტუმრობა ეკრძალებოდათ. მიუხედვად ამისა, გიორგიმ მაინც მოინახულა ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც მაშინ ქართველთა კოლონიის პრეზიდენტი იყო.
მალე წყვილმა ყველა ბიუროკრატიული დაბრკოლება დაძლია და 1927 წელს პარიზში იქორწინა. გიორგი და ჟორჟეტა საქართველოში დაბრუნდნენ, შეეძინათ ქალიშვილი რუსუდანი, თუმცა, მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა, საბჭოთა რეჟიმმა ჟორჟეტა სახლში გამოკეტა. ქალმა მაინც მოახერხა მოსკოვში გაპარვა და იქიდან პოლონეთში გადავიდა. ჟორჟეტა ღამბაშიძე 1931 წელს ჩავიდა პარიზში მშობლებთან. 1937 წელს პოლკოვნიკ რობერტ ნილ სტიუარტზე იქორწინა და შოტლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა 1931 წლის 5 თებერვალს, 42 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, სადაც განისვენებენ საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები. მისი ბიოგრაფია დღესაც რჩება ინჟინერიის, ალპინიზმისა და ზოგადად, განათლების სიმბოლოდ საქართველოში. და მაინც, ყველაზე უცნაური ის არის, რომ მისი არსებობა არ დასრულებულა იმ დღეს... იგი დარჩა იმ სტუდენტებში, ვინც მისგან სიზუსტე ისწავლა ტერმინებში, რომლებმაც ქართული ტექნიკური ენა შექმნეს; იდეებში, რომლებიც სხვებმა გააგრძელეს. ოჯახისთვის ეს იყო ტკივილი, ქვეყნისთვის - მემკვიდრეობა. იგი დარჩა როგორც აზროვნების სტილი, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და სიმამაცე ცოდნასთან ერთად: „ინჟინერმა ან უნდა იცოდეს, რას აკეთებს, ან საერთოდ არ უნდა აკეთებდეს!“
ზოგი ადამიანი სიცოცხლეს ისე ტოვებს, თითქოს ოთახიდან გავიდა და კარი ბოლომდე არ გაიხურა. გიორგი ნიკოლაძეც წავიდა, მაგრამ ბოლომდე არ გამქრალა... ადამიანი, რომელიც ეპოქას კი არ ემორჩილებოდა, თავად ქმნიდა მას. მის ცხოვრებაში ყველაფერი მოძრაობა იყო: მეცნიერება, პედაგოგიკა, საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი ეკუთვნოდა იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს, რომლებიც ერთდროულად ქმნიან ინსტიტუტებს, იდეებს და მომავალ თაობებს. მან დატოვა არა მხოლოდ ნაშრომები და პროექტები, არამედ ტექნიკური აზროვნების კულტურა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული საინჟინრო განათლების განვითარებას.
დღეს გიორგი ნიკოლაძის სახელი უკავშირდება საქართველოს ტექნიკური მეცნიერების დასაწყისს - ეპოქას, როცა ქვეყანა საკუთარი ხელით შენებას სწავლობდა.
შორენა ბიწაძე