რა უნდა გააკეთოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ დამქირავებელმა სახლში ფარულად კამერა დააყენა - იურისტის რჩევები: სესხებზე, იპოთეკაზე და ქონების წილებზე - კვირის პალიტრა

რა უნდა გააკეთოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ დამქირავებელმა სახლში ფარულად კამერა დააყენა - იურისტის რჩევები: სესხებზე, იპოთეკაზე და ქონების წილებზე

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ქონება თანაბრად იყოფა ცოლსა და შვილებზე, თუ ამ შემთხვევაში წილის მოთხოვნის უფლება აქვს გარდაცვლილის მშობელსაც?

- დიახ, წილის მოთხოვნის უფლება აქვთ გარდაცვლილის მშობლებსაც, ვინაიდან ისინიც პირველი რიგის მემკვიდრეები არიან როგორც ცოლი და შვილები.

დედა ხდება პენსიონერი ორ თვეში, არ იმყოფება საქართველოში, არის ემიგრაციაში. პენსიის თანხა რომ არ დაიკარგოს, რა შეიძლება გაკეთდეს? ჯერჯერობით ჩამოსვლას ვერ ახერხებს და ბანკში ვერ მივა.

- შესაძლებელია თქვენს სახელზე გააკეთოს მინდობილობა და თქვენი წარმომადგენლობის მეშვეობით გახდეს პენსიონერი და მიიღოს პენსია.

სოფლის სახლი, რომელიც იყო მამაჩემის ბაბუის სახელზე, წლებია გაუფორმებელია. გვინდა გაფორმება, მამა არ არის ცოცხალი. როგორ შეგვიძლია ამ ქონების გაფორმება? აქვე გეტყვით, რომ ცოცხალია ჩვენი მამიდა, რომელიც გათხოვილია და არ ცხოვრობს საქართველოში. დაგვჭირდება თუ არა მისი თანხმობაც?

- თუ მამის გარდაცვალების შემდგომ არ მიგიღიათ სამკვიდრო, მიმართეთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მიზნით. შესაძლოა ნოტარიუსმა უარი გითხრათ სამკვიდროს გახსნაზე, ვინაიდან კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა უკვე გასულია. ამიტომაც დაგჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა იურიდიული ფაქტის დასადგენად, რათა დაადასტუროთ, რომ ბაბუის გარდაცვალების შემდგომ მის სახლს მამა ფლობდა ფაქტობრივად, ხოლო მამის გარდაცვალების შემდგომ თქვენ ფლობთ მას.

როცა პირს აქვს ბანკის ვალი, არა აქვს გადაცდენა, იხდიდა წლების განმავლობაში, მოულოდნელად გარდაიცვალა (მიზეზი თრომბია), მოუწევთ თუ არა ამ სესხის დაფარვა მემკვიდრეებს, თუ ბანკმა უნდა გაანულოს სესხი?

- როგორც წესი, მემკვიდრეობით გადადის გარდაცვლილის აქტივები და პასივები, რაც ნიშნავს, რომ მემკვიდრე იღებს როგორც მამკვიდრებლის ქონებას, ასევე მის ვალდებულებებს, თქვენს შემთხვევაში - სესხს. თუმცა ცალსახად გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მემკვიდრეს მოუწევს სესხის გადახდა, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების დეტალების ცოდნა, ასევე ჰქონდა თუ არა მამკვიდრებელს სიცოცხლის დაზღვევა.

უცხოელს, კერძოდ, არაბს, აქვს თუ არა უფლება შეიძინოს სოფელში სახლი? ან ამას როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ? როგორც გავიგე, ჩემი მეზობელი აპირებს მიჰყიდოს კერძო სახლი მიწით.

- კანონით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება აქვს უცხოელს, შესაბამისად, ამ უფლებას თქვენ ვერ შეუზღუდავთ.

მოულოდნელად გარდამეცვალა მეუღლე, ჩემი მეუღლისთვის ეს იყო მეორე ქორწინება, გვყავს ორი შვილი. მას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები, რომლებსაც წლების წინ უყიდა ბინები და ჰყავს ყველაფრით უზრუნველყოფილი. ქონება რაც ჰქონდა, სიცოცხლეში ჩემს სახელზე გააფორმა, რომ მერე არ შექმნილიყო პრობლემები. ახლა მისი შვილები ითხოვენ წილს, რამდენად აქვთ მოთხოვნის უფლება? ქონება გადაფორმებულია ჩემს სახელზე 8 წლის წინ და მე ვარ მესაკუთრე. ჩუქება არ გაუკეთებია, სადავო რომ არ გამხდარიყო, გაკეთდა ნასყიდობა.

- იმ მოცემულობით, რასაც თქვენ მიუთითებთ, მათ არ ეკუთვნით წილი, მაგრამ რთულია ზუსტი კონსულტაცია გაგიწიოთ. აუცილებელია ვიცოდეთ, რა სახით ითხოვენ ისინი წილს, რამდენი წლის წინ გარდაიცვალა თქვენი მეუღლე და სხვა დეტალები. უნდა ვიცოდეთ, ხომ არ გთხოვენ ქონებიდან წილს, როგორც თქვენი და თქვენი მეუღლის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან.

როცა ქორწინება ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაგრამ გვაქვს ჯვრისწერის მოწმობა, შეუძლია თუ არა ყოფილ ცოლს ამ საბუთის საფუძველზე მოითხოვოს ჩემი ქონებიდან წილი? შვილი არა გვყავს.

- ჯვრისწერის მოწმობა არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ საფუძველს.

ვცხოვრობ კორპუსის ბოლო სართულზე ბინაში, სადაც წლებია წყალი ჩამოდის. რამდენჯერმე ჩემი ხარჯებით შევაკეთე სახურავი, რადგან არც ერთ მეზობელს არ სურს ბოლო სართულის პრობლემებში მონაწილეობა. ჩვენს კორპუსს ემსახურება `სითიკომი~ და კორპუსის ბალანსზე არის საკმაო თანხა დაგროვილი, რომელიც, წესით, მსგავსი საჭიროებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამხანაგობის თავმჯდომარეს ვუხდით ყოველთვე ხელფასს და ვთხოვე შესაკეთებლად მოეცა ეს თანხა, მაგრამ უარი მივიღე, მითხრა, რომ რაიონის გამგეობაში აქვს შეტანილი სამი წლის წინ განცხადება და უნდა დაველოდო რიგს. ამბობს, რომ ვერ შეიწუხებს თავს და მოსახლეობას ვერ მოსთხოვს თანხის დადებას, რადგან იცის, რომ არავინ დადებს. რა შეიძლება გავაკეთო? ახალი კრების მოწვევა და საჭირო რაოდენობის მეზობლების მოგროვება გაჭირდება, რადგან ბევრს გაქირავებული აქვს ბინა და ნაწილი არც ცხოვრობს საქართველოში. მერიაშიც ვერ შემაქვს განცხადება, რადგან ითხოვენ ამხანაგობის თავმჯდომარის მოსვლას, ეს კი ამბობს, რომ ერთხელ შეიტანა სამი წლის წინ და თავიდან ვერ შეიტანს.

- ამხანაგობის თავმჯდომარეს შეუძლია მიმართოს მერიას განცხადებით, განცხადების რაოდენობაში არა ხართ შეზღუდული, ასევე შესაკეთებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამხანაგობის თანხა, რადგან ამის შესაძლებლობა არის. ამხანაგობის თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე შეგიძლიათ ინფორმაციაც მოსთხოვოთ თავმჯდომარეს.

მეზობელმა თვითნებურად მიიმატა ტერიტორია, რომელიც, წესით, არის გზა, შემოღობა და ამიტომ ვერ ვახერხებ კუთვნილი მიწით სარგებლობას. მივმართე განცხადებით იუსტიციას, ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ვერ მოგვარდა. სასამართლოში რომ ვუჩივლო, აქვს აზრი?

- თუ მეზობელმა თვითნებურად დაიკავა საერთო სარგებლობის მიწა და მისი საკუთრებაში რეგისტრაცია არ მომხდარა, ამ შემთხვევაში სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვაზე. თუ მიწის ნაკვეთი, რომელიც მიიზომა, მის საკუთრებაშია რეგისტრირებული, მაშინ გასარკვევია, რამდენად დაცულია შესაბამისი პროცედურები, მით უმეტეს, თუ მიწის ნაკვეთი გზას მოიცავს. უნდა შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

მინდა უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ჰყავს კერძო იპოთეკარი. მეპატრონე მეუბნება, რომ ერთდროულად მოხდება ბინის გამოხსნა და მერე გადაფორმება. რა რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება?

- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიძლება იყოს რისკის შემცველი. თუმცა მსგავს ურთიერთობაში ყურადღება გასამახვილებელია გამყიდველის საკრედიტო ისტორიაზე, ანუ შესაძლებელია თუ არა ნასყიდობის თანხით გამყიდველის კრედიტის სრულად დაფარვა, ვინაიდან, თუ სესხი სრულად არ დაიფარა, შეიძლება მყიდველს იპოთეკით დატვირთული ქონება დარჩეს შეძენილი. რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მყიდველს ჰქონდეს ინფორმაცია გამყიდველის კრედიტის შესახებ და ამასთანავე დარწმუნდეს, რომ ნასყიდობის თანხით ნამდვილად სესხი დაფარა და ბანკმა ვალდებულების შესრულების საფუძველზე გააუქმა ქონებაზე იპოთეკა. თუ სესხი სრულად არ დაიფარა, შეიძლება მყიდველს იპოთეკით დატვირთული ქონება დარჩეს შეძენილი. ვალდებულების შესრულების საფუძველზე უნდა გაუქმდეს ქონებაზე იპოთეკა და მერე უნდა გადაფორმდეს ახალ შემძენზე.

მეგობრის თავდები ვიყავი ბანკში, მან ვერ გადაიხადა სესხი და ამის გამო მეც გამიფუჭდა საქმე. წლები გავიდა უკვე ამ ამბიდან. მობილბანკითაც რომ ვამოწმებდი, მე მიფიქსირდებოდა სესხი ამის გამო, მაგრამ არ გადამიხდია. ხელფასს ვიღებდი ხელზე. ახლა აღმოვაჩინე, რომ არ ჩანს ეს სესხი ჩემს მობილურში, ბანკშიც რომ შევამოწმე, მითხრეს, რომ არ ჩანს. რა შეიძლება მომხდარიყო და შემიძლია თუ არა, რომ ამ თავდებობას თავი დავაღწიო?

- გაადამოწმეთ თქვენი საკრედიტო ინფორმაცია `კრედიტინფოში~, თუ მოთხოვნა ხანდაზმული აღმოჩნდა, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს მისი ხანდაზმულად ცნობის თაობაზე.

მინდა ბინის დაგირავება. მეპატრონე მეუბნება, რომ ჩამიდებს სხვა ბინას გირავნობაში და შემიშვებს მეორე ბინაში, რადგან სადაც შევდივარ, ის ბინა ჯერჯერობით არა აქვს ოფიციალურად რეგისტრირებული რეესტრით, რადგან არის ახალაშენებული. რამდენად სარისკოა ასეთი ხელშეკრულების დადება? როგორც მეუბნება, ნოტარიუსთან ხელშეკრულებაში ჩამიწერს, რომ მაქვს იმ ბინაში ცხოვრების უფლება. რასაც დებს, ის არის მის სახელზე და არ არის რაიმე ვალდებულებით დატვირთული. რა რისკებს შეიცავს ასეთი ხელშეკრულება? თუ ვერ გადამიხდის თანხას, შევძლებ თუ არა იმ ბინაში შესვლას, რომელსაც ტვირთავს ნოტარიულად?

- თუ ბინა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული იპოთეკით დასატვირთად, არის მის სახელზე, არ ადევს რაიმე სახის ვალდებულება, მაშინ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება არ არის სარისკო. რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომ თუ მეპატრონე თანხას არ დაგიბრუნებთ, გექნებათ თუ არა იქ შესვლის შესაძლებლობა, დამოკიდებულია ხელშეკრულების შინაარსზე.

ვარ მარტოხელა დედა, მყავს ორი პატარა, ბანკიდან მქონდა კრედიტი გამოტანილი და ვიხდიდი სამი წლის განმავლობაში. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ვეღარ ვმუშაობ. არანაირი ქონება არ არის ჩემს სახელზე, თუმცა ჩაწერილი ვარ მშობლების საცხოვრებელ ბინაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დედაჩემის ბინას ხომ არ შეექმნება საფრთხე? ვცხოვრობ დედის ბინაში ჩემს შვილებთან ერთად, რადგან ვარ ქმარს გაშორებული.

- დედათქვენის ბინას არ შეექმნება საფრთხე, თუ ის არ არის თქვენი თავდები ამ სასესხო ურთიერთობაში, ან სესხი არ იყო აღნიშნული ბინით უზრუნველყოფილი.

- ვმუშაობ ოჯახში ბავშვების ძიძად, ახლა აღმოვაჩინე, რომ ბინის მფლობელს სახლში დაუმონტაჟებია კამერები. იყო თუ არა ვალდებული, რომ ეს ჩემთვის ეთქვა?

- ასეთ დროს უნდა მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ვინაიდან დაუშვებელია ფარულად კამერების დაყენება. მეპატრონე ვალდებულია, იქ, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს, გააკეთოს აღნიშნულის შესახებ მითითება, ანუ გააკრას სტიკერი, რომელიც მიუთითებს ვიდეომონიტორინგზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ის დაჯარიმდეს.