რა იწინასწარმეტყველა ბაბა ვანგამ 2026 წლისთვის?! - "დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და კაცობრიობა პირველად შეხვდება უცხოპლანეტელებს" - კვირის პალიტრა

რა იწინასწარმეტყველა ბაბა ვანგამ 2026 წლისთვის?! - "დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და კაცობრიობა პირველად შეხვდება უცხოპლანეტელებს"

ვინ იყო ვანგა - მისი მიმდევ­რები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ის იყო ზებუნე­ბრივი ნიჭის ნათელმხილველი ქალი, რომლის ბევრი წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით ასრულდა, სკეპტიკოსები კი მის ნიჭს ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში ის სპეცსამსახურების მიერ კარგად მოფიქრებული პროექტის ნაწილი იყო. ვანგასთან დაკავშირებული რეალური ფაქტების გადამოწმება შეუძლებელია, ასევე წარმოუდგენელია დაზუსტდეს მისი წინასწარმეტყველებებიც, რომელთა ჩაწერის უფლებას ნათელმხილველი არავის აძლევდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ბრმა მისტიკოსმა, რომელსაც ხშირად "ბალკანეთის ნოსტრადამუსს" უწოდებენ, 2026 წელი აპოკალიფსური მოვლენებით გამოარჩია...

საბედისწერო შემთხვევა

1911 წლის 31 იანვარს, დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში, ერთ ღარიბ ბულგარულ ოჯახში, ერთმანეთზე მიკრული თითებით დაიბადა დღენაკლული გოგონა, რომელსაც, მაშინდელი ტრადიციის მიხედვით, ქუჩაში ერთ-ერთმა გამვლელმა ვანგელია დაარქვა, რაც "კეთილი ამბის მომტანს" ნიშნავს. როგორც მოგვიანებით მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, ახალშობილის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული. მისი ნამდვილი სახელი იყო ვანგელია პანდევა დიმიტროვა (გათხოვების შემდეგ ვანგელია პანდევა გუშჩეროვა), თუმცა მსოფლიომ ის ბაბა ვანგას სახელით გაიცნო - ბრმა მისტიკოსისა და მკურნალის, რომელიც ხედავდა იმას, რასაც სხვები­ ვერასდროს დაინახავდნენ. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, როცა 12 წლის იყო, ის ძლიერმა ქარიშხალმა შორს გაიტაცა და მინდორში დააგდო. როდესაც იპოვეს, თვალები ქვიშით ჰქონდა სავსე, რამაც მოგვიანებით მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვია. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ისტორია, რომელსაც­ ვანგა და მისი ოჯახი ჰყვებოდა, გამოგონილია, რადგან 1923 წელს ქვეყანაში ქარიშხალი არ ყოფილა და გოგონას დაბრმავება სინამდვილეში საზარელ ისტორიას უკავშირდება: ამ ვერსიით, მოზარდი ვანგელია უცნობებმა გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და თვალები დასთხარეს, რათა ვერასდროს ამოეცნო ისინი. თითქოს ამავე­ ვერსიას ამყარებს ვანგას უშვილობაც, რასაც ის საშინლად განიცდიდა (მოგვიანებით მან გოგონა იშვილა და საკუთარივით­ ზრდიდა). ამბობენ, ამ მძიმე სულიერი ტრავმის შემდეგ მასში ნათელმხილველის უნარმა გაიღვიძა. უჩვეულო შემთხვევა, როგორც თავად ჰყვებოდა, 1941 წელს მოხდა, როცა მას ხილვაში "იდუმალებით მოცული ოქროსფერი მხედარი" გამოეცხადა.

ნისლიან ქოხში მჯდომარე, შავებში ჩაცმული ბაბა ვანგა გახდა ფიგურა, რომელიც მასებს ერთდროულად აღაფრთოვანებდა და აფრთხობდა. პასუხების საძიებლად მასთან ზღვა ხალხი მიდიოდა - გლეხები­ და­ პრეზიდენტები, მღვდლები და მეცნიერები. ის მათ ხელებს თავის ხელებში მოიქცევდა და იდუმალ სიტყვებს წარმოთქვამდა... ამბობენ, რომ მან საკუთარი სიკვდილიც კი გასაოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა.

ნათელმხილველი და მკურნალი

1925 წელს ვანგელია მამამ სერბეთის ქალაქ ზემუნის უსინათლოთა სასწავლებელში­ მიაბარა, სადაც მან სამი წელი გაატარა და ბრაილის შრიფტით წერა, კულინარია და ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა. დედინაცვლის გარდაცვალების შემდეგ იძულებუ­ლი გახდა შინ დაბრუნებულიყო და პატარა და-ძმებზე ეზრუნა. 1942 წელს ვანგა ბულგარელ სამხედროზე, დიმიტარ გუშჩეროვზე დაქორწინდა და ბულგარეთის ქალაქ პეტრიჩში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხმები ვანგას წინასწარმეტყველური და ექსტრასენსული უნარების შესახებ სწრაფად გავრცელდა და ის მალევე გახდა ცნობილი.

წინასწარმეტყველების სანაცვლოდ ვანგა­ არასდროს ითხოვდა ანაზღაურებას, თუმცა მადლიერებით იღებდა საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ბედის საძიებლად მოსულ სტუმრებს ის არა მხოლოდ დაკარგული ახლობლის პოვნაში ეხმარებოდა, არამედ ნებისმიერ ავადმყოფობას უცებ "პოულობდა" და მკურნალობდა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ექსტრასენსული სეანსების დროს ვანგას მოულოდნელად ეცვლებოდა ხმა და მამაკაცის ტემბრით საუბრობდა.

ცნობილი სტუმრები

უკვე სახელგანთქმულ ნათელმხილველს არაერთი ცნობილი პიროვნება და ისტორიული ფიგურა სტუმრობდა. ერთ-ერთი იყო ბულგარეთის მეფე ბორის III, რომელსაც, როგორც ამბობენ, ვანგამ უთხრა, რომ მზად ყოფილიყო "სახლში კაკლის ნაჭუჭით დასაბრუნებლად", რაც 1943 წლის 28 აგვისტოს 49 წლის მეფის გარდაცვალებით აცხადდა. არსებობს ლეგენდა ბაბა ვანგასთან მე-20 საუკუნის ცნობილი ფაშისტი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის სტუმრობაზეც, რომელმაც თითქოს გულიანად იცინა, როცა ნათელმხილველმა ომში დამარცხება უწინასწარმეტყველა. თუმცა, ფიურერის ვიზიტის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არსებობს.

"ოფიციალური" მკითხავი

1944 წლის 9 სექტემბერს კომუნისტური­ გადატრიალების შედეგად ბულგარეთში ათეისტური რეჟიმი დამყარდა. ვანგას პირველი წლები რთული იყო. "პეტრიჩის მკითხავის" წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და ის თაღლითად გამოაცხადეს. იუგოსლავიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გაჩხრიკეს მისი სახლიც. სახელმწიფო უშიშროება მის ყველა ნაბიჯს აკვირდებოდა.

1960-იან წლებში ყველაფერი შეიცვალა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ვანგა და კომუნისტი დიქტატორი ტოდორ ჟივკოვი ერთმანეთს შეხვდნენ. ტოდორ ჟივკოვის ქალიშვილი ლუდმილა ჟივკოვა,­ რომელიც მისტიკით იყო გატაცებული, ხშირად მიმართავდა მას კონსულტაციებისთვის. ვანგას­ "ზებუნებრივი ძალები" მთავრობამ­ მოგების წყაროდ აქცია. 1967 წელს ის ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის სუგესტოლოგიის ინსტიტუტში "მკითხავად" დაინიშნა ყოველთვიური ხელფასით - 200 ლევი. მთავრობამ მისი ვიზიტების ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო, მათ შორის, დააწესა ვიზიტის გადასახადი, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მიდიოდა. უშიშროების თანამშრომლები არა მხოლოდ აღრიცხავდნენ ვიზიტორებს, არამედ სწავლობდნენ ვიზიტის მიზეზებსაც და, შესაბამისად, აგროვებდნენ მათზე პირად ინფორმაციას. ამრიგად, ვანგა გახდა პირველი და შესაძლოა, ერთადერთი "ოფიციალური" ნათელმხილველი, რომელიც ათეისტურ სახელმწიფოში დაიქირავეს.

საიდუმლო ექსპედიცია

1981 წელს ვანგას წინასწარმეტყველების საფუძველზე თანამედროვე ბულგარეთის­ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური "სცენა" გათამაშდა. ლუდმილა ჟივკოვას მხარდაჭერით მოეწყო საიდუმლო ექსპედიცია იმ დამარხული სარკოფაგის აღმოსაჩენად, რომლის კედლებზეც მსოფლიოს ნამდვილი ისტორია უნდა ყოფილიყო დაწერილი. გათხრები სტრანძას მთებში, გოლიამო­ გრადიშტეს მწვერვალზე დაიწყეს, საბოლოოდ, ააფეთქეს და დატბორეს. თუმცა, იქ რა აღმოაჩნდა, დღემდე საიდუმლოდ რჩება. ფართო საზოგადოებამ ამ მოვლენების შესახებ 1990-იანი წლების დასაწყისში შეიტყო, როდესაც კრასიმირა სტოიანოვამ გამოაქვეყნა თავისი დეიდის, ბაბა ვანგას პირველი ბიოგრაფია, რომელიც მყისიერად ბესტსელერი გახდა.

საკუთარი ეკლესია

ვანგას ფენომენი აუხსნელი რჩება, მაგრამ თეორიები უხვად არსებობს. ისინი,­ ვისაც ვანგა ჯანმრთელობის აღდგენაში ან გარდაცვლილი ნათესავების მოძიებაში­ დაეხმარა, მას წინასწარმეტყველად და წმინდანად მიიჩნევენ. ზოგი დარწმუნებულია, რომ ნათელმხილველს კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან. სკეპტიკოსები კი მას შარლატანობაში სდებენ ბრალს. ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შეფასებით, ვანგა მართლაც ფლობდა ზებუნებრივ ძალებს, თუმცა ეს ძალა ეშმაკისგან მოდიოდა და ის ხალხის სულებისთვის ბრძოლაში სატანის იარაღად აქცია.

ავსული იყო თუ არა, არავინ იცის, მაგრამ როდესაც ვანგა 1996 წელს მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, მის დაკრძალვას რუპიტეში, პეტრიჩის მახლობლად მდებარე სოფელში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, 15 000 ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ პრეზიდენტი ჟელიუ ჟელევი და თითქმის მთელი მთავრობა. ბაბა ვანგა წმინდა პეტკას ბულგარული ეკლესიის გვერდით დაკრძალეს. საკუთარი სიკვდილი ნათელმხილველმა ერთი თვით ადრე იწინასწარმეტყველა, თუმცა ანდერძად­ დაიბარა, რომ არ ეგლოვათ, რადგან ის იმ უმძიმესი ტვირთისგან თავისუფლდებოდა, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება მოუხდა.

ვანგა მართლმადიდებლობის ერთგული­ მიმდევარი იყო და ეკლესიის აშენებაზე ოცნებობდა. სამლოცველო 1994 წელს დასრულდა და კურთხევისთვის მზად იყო, მაგრამ ბულგარეთის მართლმადიდებლურმა­ ეკლესიამ უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეკლესია სრულიად არაკანონიკური იყო. მართლაც, პირამიდული ფორმის სალოცავი­ დაფარულია არაკანონიკური ფრესკებით, რომლებიც ვანგას წმინდანად გამოსახავს.საბოლოოდ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება შეცვალა და ტაძარი მაინც აკურთხეს.

როგორც ცნობილია, ბაბა ვანგამ ანდერძად დაიბარა, რომ მისი სახლი პეტრიჩში მუზეუმად გადაკეთებულიყო. ის 2008 წელს გაიხსნა და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

რა ასრულდა?

ამტკიცებენ, რომ ბაბა ვანგამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ისეთი მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენები, როგორიცაა: ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, "ხავერდოვანი რევოლუცია" ჩეხოსლოვაკიაში, ჩერნობილის კატასტროფა, პრინცესა დაიანას სიკვდილი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდის მკვლელობა, აშშ-ის 11 სექტემბერი, კურსკის წყალქვეშა ნავის ტრაგედია და ბარაკ ობამას პრეზიდენტობაც კი, რომელიც "ამერიკის პირველ შავ კაცად" მოიხსენია. როგორც ამბობენ, მან ასევე იწინასწარმეტყველა ბრექსიტი, რომელსაც "ევროკავშირის დაცემა" უწოდა.

"ბალკანელმა ნოსტრადამუსმა" ასევე იწინასწარმეტყველა­ ვირტუალური რეალობის აღზევება მსოფლიოში, წყლის დეფიციტი, შიმშილი, ინდოეთში კალიების შემოსევა და კოვიდპანდემიაც კი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა, უამრავ ადამიანს შეიწირავდა და "არსაიდან მოსული, ისევ არსაით გაქრებოდა".

2026 წლის პროგნოზი

ჩვენთვის შეიძლება ყველაზე საინტერესო­ აღმოჩნდეს ის, რაც ბაბა ვანგამ 2026 წლისთვის იწინასწარმეტყველა: დამანგრეველი მიწისძვრები, ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები და ექსტრემალური ამინდი, რაც პლანეტის ხმელეთის 7-8%-ს დააზარალებს. თუმცა მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ბაბა ვანგამ ამავე წლისთვის იწინასწარმეტყველა სამედიცინო გარღვევა კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. რამდენიმე მიმდევარი მას მიაწერს გაფრთხილებას, რომ 2026 წლიდან ხელოვნური ინტელექტი ძირითად სექტორებში დომინირებას დაიწყებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რაც ნათელმხილველმა ასევე 2026 წლისთვის იწინასწარმეტყველა - მესამე მსოფლიო ომის დაწყება და კაცობრიობის პირველი შეხვედრა უცხოპლანეტელებთან, რომელიც 2026 წლის ნოემბერში უნდა მოხდეს... თუმცა, ბაბა ვანგას წინასწარმეტყველებებს ბრმადაც რომ ვენდოთ და მესამე მსოფლიო ომი მართლაც წელს დაიწყოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცობრიობა განადგურდეს, რადგან მისივე წინასწარმეტყველების თანახმად, სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება!

რა გველის მომავალში?

მანამდე კი მსოფლიო ცივილიზაცია, ბაბა ვანგას წინასწარმეტყველებით, არა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევისა და აღმოჩენის მომსწრე გახდება. გადმოცემის თანახმად, ნათელმხილველმა სრული სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში დახატა მომავალი: 2028 წელს კაცობრიობა პლანეტა ვენერადან ენერგიის მოპოვებას დაიწყებს; 2033 წელს ქალაქები მასობრივად დაიტბორება; 2046 წლისთვის მსოფლიო სინთეზურ ორგანოებს მასობრივად აწარმოებს; 2088 წელს ვირუსები სწრაფ დაბერებას დაიწყებენ, 2097-ში კი სრულად განადგურდებიან; 2100 წლისთვის კაცობრიობა ხელოვნურ მზეს შექმნის; 2111 წლისთვის ადამიანები რობოტებს დაემსგავსებიან, ხოლო 2154-ში ცხოველები ევოლუციურად ადამიანის მსგავსებად გარდაიქმნებიან; 2167-ში ახალი რელიგია გლობალურ პოპულარობას იძენს; 2196 წელს ევროპული და აზიური რასის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ახალი ევრო-აზიური რასა; 2288 წლიდან იწყება დროში მოგზაურობა; 2378 წელს დედამიწაზე ადამიანთა სულ ახალი რასა ჩნდება; 2480 წელს ორი ხელოვნური მზის შეჯახებით სრული დაბნელება იქნება; 3005 წელს მარსზე ანარქია და ომი იწყება, იცვლება პლანეტარული ღერძები...

ეს იმ წინასწარმეტყველებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბაბა ვანგას­ მიაწერენ და მსოფლიო მედიაში დღემდე აქტიურად ვრცელდება. ძნელად დასაჯერებელია, ჩვეულებრივ გლეხ ქალს, რომელსაც არანაირი სამეცნიერო განათლება არ მიუღია, მსგავსი მოვლენების შესახებ თუნდაც სერიოზული მსჯელობა შეძლებოდა, თუმცა, წინასწარმეტყველება და რწმენა ხომ მეცნიერულ ცოდნას არ ეფუძნება!

ასეა თუ ისე, ბაბა ვანგა დღემდე რჩება­ მე-20 საუკუნის ყველაზე მისტიკურ და ლეგენდარულ ქალად მსოფლიოში, რომელიც სიკვდილს არაერთხელ სასწაულით გადაურჩა და ურთულესი და უცნაურობებით აღსავსე გზა განვლო. ბაბა ვანგა ამბობდა, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი ძალაა სამყაროში, ხოლო ტკივილი ადამიანს ან ანგრევს, ან აძლიერებს - და თავად მეორე გზა აირჩია.

შორენა ბიწაძე