"დღეს გელათში კრიტიკული კერა აღარ გვაქვს!“
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და საზოგადოება ტრადიციულად შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრში, გელათში აღნიშნავს, რომელიც გაენათს ანუ ახლის ამობრწყინებასაც ნიშნავს. დღეს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ. იმავდროულად, კვლავ ისმის კრიტიკაც ქართული აკადემიური წრეებიდან. კითხვა, როდის დასრულდება გელათში პროცესი და იქნება თუ არა ის "ახლით ამობრწყინება", ფართო საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია. "კვირის პალიტრა" გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს (ონიანი) ესაუბრა:
მოზაიკის ფერთა გამა
- ერთი წლის წინ, ჩვენი საუბრის დროს, აღვნიშნავდით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევის პირისპირ აღმოვჩნდით - ეს იყო ტაძრის მოზაიკა, რომლის 89%, როგორც სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, უკვე საფუძველს მოშორებული იყო. სრული ჩამოცვენისგან მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს კარლო ბაკურაძის მიერ გაკეთებული კლამერები ანუ თითბრის სარჭები იცავდა. ამიტომ გვსურს ჩვენი საუბარი სწორედ მოზაიკის მდგომარეობით დავიწყოთ.
- მოზაიკაზე მუშაობა 2024 წლის მარტიდან დავიწყეთ და 2025 წლის მარტის ჩათვლით რობერტო ნარდიმ სრულად შეისწავლა მისი ბუნება, ყველა სავარაუდო საფრთხითა და პრობლემით. დღეს გადასული ვართ პრევენციულ კონსერვაციაზე. ნარდიმ ჩაატარა მოზაიკის პირველადი გასუფთავება, რის შემდეგაც გაეკრა წებოვანი მარლა. საუკუნეების განმავლობაში მოზაიკა ისე იყო დაბინძურებული, გასუფთავების გარეშე მარლის გაკვრა მოზაიკის სტრუქტურასა და კენჭებში ჭუჭყს შეიტანდა.
- გასუფთავების შემდეგ, ალბათ, ის სულ სხვანაირად წარმოჩნდებოდა.
- რა თქმა უნდა, ჩვენ დაკარგული გვქონდა ვარდისფერი, ერთგვარი ხორცისფერი, დღეს ის წამოვიდა და სულ სხვა ფერთა გამას გვთავაზობს. 2026 წლის სექტემბერში ათენში დიდ კონფერენციაზე რობერტო ნარდი აპირებს წაიკითხოს ლექცია გელათის მოზაიკის შესახებ. ის გაოგნებულია, მის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული, გელათში კი გვაქვს უნიკალური მოზაიკა, სადაც გამოყენებულია 23 ფერი, რაც წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვისო. ამდენი წლის განმავლობაში ფრესკა ისე იყო გაჭვარტლული, ფერების სიხალასეს ვერ ვხედავდით, დღეს კი სათითაო კენჭია გაწმენდილი. წებოვანი მარლა მოზაიკას კენჭების ჩამოცვენისგან იცავს. რობერტომ თავიდან ხარაჩო მოითხოვა, რომელსაც უნდა დაეფარა მოზაიკის ქვეშ სივრცე. იქ დაიგო ლინოლეუმი, რომ თუ კენჭი ჩამოვარდებოდა, შეგვენახა. თვის განმავლობაში ერთ-ორ კენჭს ყოველთვის ვპოულობდით და ვაგროვებდით. ვინაიდან რობერტოს მოზაიკის კვლევის ფაზაში გადაღებული აქვს 3 D ფოტოგრამეტრია, მათი დაბრუნება ადგილზე პრობლემა არ არის. მადლობა ღმერთს, მხოლოდ 10-მდე კენჭია და ისინიც შენახული გვაქვს. მეტიც, გასუფთავების წინ მოზაიკა ნახევრად მყარი ფუნჯით დამუშავდა, რათა ფუნჯს ჩამოეყარა ჩამოსავარდნი კენჭები, რომლებსაც იქვე ამაგრებდა. იგეგმება ასევე ბამბის მატერიის გაკვრა მოზაიკაზე. თებერვლის ბოლოს იტალიიდან მოზაიკის დამჭერი სტრუქტურა ჩამოდის, ნაწილს საქართველოში ვახტანგ ზესაშვილი ამზადებს. რობერტო ნარდის ასეთი მიდგომა აქვს, სანამ არ დარწმუნდება, რომ არ არსებობს მოზაიკის ჩამოვარდნის რისკი და უკვე შესაძლებელია უსაფრთხო საკონსერვაციო სამუშაოები, მანამდე არ დიწყებს.
- ანუ მოზაიკის კომპოზიციაში დანაკარგები აღარ გვაქვს და ის დაცულია?
- დიახ, დანაკარგები ნულის ტოლია.
მხატვრობა
- შეგვიძლია ასეთივე დამაიმედებელი პროგნოზები მხატვრობაზეც გვქონდეს?
- ყველა კრიტიკულ კერაზე ჩატარებულია პრევენციული კონსერვაცია და უსაფრთხო მდგომარეობაშია. შარშან მთლიანად დამთავრდა გელათის ცენტრალური ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის კონსერვაცია.
ყველგან სტაბილური მდგომარეობაა. ამის გარდა, აფრები და მრავალი ლოკაცია ტაძრის სხვადასხვა მონაკვეთში მთლიანად გაკეთებულია. გელათის რეაბილიტაციის ჰოლისტიკურ გეგმაში (რომელიც გასაცნობად "იუნესკოშია" წარგზავნილი) ცალკეა მხატვრობის კონსერვაცია, სადაც მხატვრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ბატონმა სტივენ რიკერბიმ და ქალბატონმა ლიზა შეკედემ გაწერეს, რომ გელათის ტაძრის მხატვრობის სრული კონსერვაცია 2030 წელს დასრულდება.
- ძალიან დიდი დრო ხომ არ არის?
- პირიქით, ისეთი ინტენსიური მუშაობა, როგორიც გელათში მიმდინარეობს, საქართველოში არ ყოფილა. თვეში 2 კვირას ჯგუფი ტაძარში მუშაობს, დანარჩენ დღეებში ნამუშევრის დოკუმენტირება ხდება.
მნიშვნელოვანია ერთი რამ - ჩვენ, კომიტეტი, მივყვებით ევროპის სტანდარტს, რისი პრეცედენტიც საქართველოში არ ყოფილა. ჯვარი წერია გელათს, მაგრამ, ვთქვათ, ნახევარი საუკუნის შემდეგ მხატვრობას ხელახლა დასჭირდა მიზერული, მაგრამ მაინც აქა-იქ ხელის შევლება, რაც მისი სიძველიდან და ტაძრის ტენიანობიდან გამომდინარე ბუნებრივია, ვინც მომავალში ამ სამუშაოებს შეასრულებს, გადაშლის ჩვენს დოკუმენტაციას და ისეთი ცოდნა და გამოცდილება დახვდება, თითქოს ის თავად იყო ჩართული კონსერვაციის პროცესში. ყველა დეტალი აღწერილი და დოკუმენტირებულია.
- რაც მანამდე, მიუხედავად "იუნესკოს" მოთხოვნებისა, არ არსებობდა?
- არა, არ არსებობდა. ამიტომ ამ საქმიანობის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ დრო დიდი კი არა, პირიქით, ძალიან მცირეა. წინა საუბარში თქვენთან აღვნიშნე, რომ იტალიაში ჯოტოს ფრესკის მხოლოდ ერთი კომპოზიციის კონსერვაციას 4 წელი მოანდომეს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გელათის მხატვრობის ფართობი 2500 კვმ-ს შეადგენს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივ კედელზე სამუშაო. წარმოიდგინეთ, მუშაობა მიდის პიპეტებით, მილიმეტრ-მილიმეტრ. როცა საუბარია 2500 კვ.მეტრზე, პირიქით უნდა დაისვას კითხვა, ჩავეტევით თუ არა ამ დროში.
- სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია ევროპული სტანდარტის გამოცდილება და მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში მხატვრობის კონსერვაცია, ისევე როგორც სხვა სამუშაოები ძეგლებზე, ერთ წელიწადშიც მთავრდებოდა.
- 2030 წელი იმით არის ჩვენთვის საიმედო, რომ მთავარი პრობლემები ძეგლზე უკვე გადალახულია. ჯგუფი პროფესიულად საგრძნობლად გაიზარდა, უკვე დამოუკიდებლად მიმდინარეობს საკონსერვაციო სამუშაოები. ვინაიდან ჯერ ახალგაზრდების გამოცდილება არ არის იმდენად სათანადო, რომ მათ ვანდოთ მთლიანად პროცესი, ამიტომ არიან ჯგუფში სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელებად.
ჯგუფში მინერალოგიის კუთხით ჩართულია პროფესორი შტეფან ლაუე, რომელიც მხატვრობის კონსერვაციაში მინერალოგიის მიმართულებას კურირებს. ასევე ჩართულია იტალიიდან მიკრობიოლოგი დანიელა იზოლა, რომელიც ასევე კურირებს მიკრობიოლოგიის პროფილს. ყველა ამ მეცნიერს ჰყავს ასისტენტად ქართველი სპეციალისტები, ეს ნიშნავს, რომ როცა მოვრჩებით რეაბილიტაციას, საქართველოს ეყოლება ერთი დიდი ძლიერი გუნდი სრული გამოცდილებითა და ცოდნით აღჭურვილი.
- როდესაც თქვენთან ბოლო ინტერვიუში ვსაუბრობდით, გადარჩებოდა თუ არა მხატვრობა, მაშინ იყო ისეთი პროგნოზი, რომ მხოლოდ დანაკარგის შემცირებას შევძლებდით, ახლა, როცა ამ მასშტაბის კვლევები და სამუშაოა ჩატარებული, ხედვა ხომ არ შეიცვალა?
- ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს საკონსერვაციო დანაკარგი, რომლის გადარჩენასაც ვერ შევძლებდით. ვგულისხმობ 20-25 სმ კედელს, სადაც მარილებს ბათქაში ისე ჰქონდა შეჭმული, არაფერი იკითხებოდა. მხატვრული ღირებულების მხრივ დანაკარგი არა გვაქვს. ამ მხრივ კრიტიკული კერები დასტაბილურებულია. ყველაზე რთული ადგილია დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედელი, რომლის სველ ბათქაშზე გამოიყენეს მხატვრობისთვის მძიმე მასალები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს აგრესიული საკონსერვაციო მასალების ამოტუმბვაზე. იმდენად ჭარბი დოზითაა გამოყენებული აკრილები და პოლიმერები, რომ სპეციალური ქაღალდით ამოტუმბვის შემდეგ ჩემ თვალწინ მიაკრეს ქაღალდი ხარაჩოს ძელზე და ისე მიეკრა, ვეღარ ავახიეთ. სწორედ ამან გამოიწვია ამ მხატვრობის ფენაში ფორების ჩაკეტვა, აორთქლების პროცესის გაჩერება. ეს ყველაფერი მხატვრობას მოაწვა, რასაც მოჰყვა ბათქაშის განშრევება და მხატვრობის ფენის აქერცვლა. მადლობა ღმერთს, უკვე აქაც სტაბილურად ვართ, დღეს გელათში კრიტიკული კერა აღარ გვაქვს.
გადახურვა
- ცენტრალური ტაძრის ერთიანი გადახურვა იყო საკითხი, რომელსაც ჩანასახშივე დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა...
- საწყენია, რომ ზოგიერთი დარგის სპეციალისტი არაეთიკურად, არაპროფესიულად იქცევა. როდესაც შენთან ჩამოდის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი ნიკოლა ბერლუკი, რომელსაც მსოფლიოში 400 კულტურული მემკვიდრეობის დიდი და მცირე ძეგლი აქვს აღდგენილი, უნდა გესმოდეს, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. ბერლუკი გაოცებას ვერ მალავს და გვეუბნება, რომ ასეთი რამ ჯერ არ უნახავს, ვერც წარმომედგინა, თქვენ თუ ამას შეძლებდით, ჩვენ რატომღა გვეძახითო. უმაღლესი შეფასება გვაქვს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრიდანაც (იუნესკო). გვთხოვენ, თუ შეიძლება თქვენი პროექტი გადმოგვეცით ექსკლუზიურად, რომ სხვა ძეგლებზეც გამოვიყენოთ ეს მოდელიო. ამ დროს აქ ზოგიერთი მუდმივად პანიკას თესავს.
გელათის ერთიანი გადახურვის პროექტმა მთლიანად შეცვალა საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის სტანდარტი. მთავრობა აპირებს რამდენიმე ძეგლის საფუძვლიან რეაბილიტაციას სწორედ ამ სტანდარტით. ეს უნიკალური კონსტრუქციაა, ძეგლს სრულად იცავს ნალექისგან. კონსტრუქციის საინჟინრო გადაწყვეტის რამდენიმე ვერსია გვქონდა და ყველა რისკი გათვალისწინებულ იქნა. ამიტომ შეიქმნა ეს ახალი პვც-მატერია, რომლის მოქსოვას სამი თვე სჭირდება და ისიც მხოლოდ სპეციალიზებულ ქარხანაში. ეს მატერია შეგვიძლია 0.6 მმ თუნუქის ფირფიტას გავუთანაბროთ. ამ ზომის თუნუქით არის გადახურული ყველა სახლი გელათში. თუმცა არავინ ნერვიულობს, ჩემი თუნუქი ხომ არ ჩამოიქცევა, წყალს ხომ არ გაატარებსო.
გელათის ერთიანი გადახურვის მთავარი პრინციპი იყო, თუ გელათს ერთგვარი ქოლგის ქვეშ ვერ მოვაქცევდით, ვერ შევძლებდით სახურავების ახდას და ახლით შეცვლას. საკმაოდ მასშტაბური ძეგლის ერთიან გადახურვაში მოქცევა ისე, რომ არც ერთ წერტილში არ დაეყრდნო ძეგლს, შეუსრულებელ მისიას ჰგავდა. მადლობა ღმერთს, ქართველი ექსპერტების თაოსნობით, ვახტანგ ზესაშვილი და კომპანია "ლეიერის", აგრეთვე კულტურის სპეციალისტების ჩართულობით შევძელით პროექტის შექმნა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს საინჟინრო სამუშაოებთან იყო დაკავშირებული, ეს ამოცანა შეასრულა. ერთიანი გადახურვა გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი მონაკვეთი, რომელთა გადახურვა უხარისხოა და კატასტროფული მდგომარეობაა, ავხადოთ, ღია სივრცეში დავაკვირდეთ, პრობლემები შევისწავლოთ და შემდგომ შევქმნათ პროექტი, რითაც გადაიხურება გელათი.
- ჯერ სახურავი ახდილი არ არის, ნაწილი მაინც?
- სანამ არ გადავწყვეტთ, რითი გადავხურავთ ტაძარს, მანამდე სახურავის ახდა არაფერში გვჭირდება. სავარაუდოდ, ამ თვეში ეს საკითხი გადაიჭრება და გელათის გადახურვის ახდა დაიწყება. ევროპელი სპეციალისტები არასდროს ჩქარობენ. ყველაფერს დეტალურად წონიან და შესაბამისად შეცდომებსაც არ უშვებენ. ჩვენც მათ გამოცდილებას მივყვებით. დღეს გელათი ღვთის წყალობით დაცულია კლიმატური პირობებისგან. ერთიანი გადახურვა საშუალებას გვაძლევს წლის ნებისმიერ პერიოდში და თუნდაც მთელი დღის განმავლობაში ჩავატაროთ საკონსერვაციო სამუშაოები საპირე წყობებზე. დასავლეთ მკლავს ჰქონდა ძალიან რთული სტრუქტურული ბზარი, რომელზეც თავის დროზე ისე ჩატარდა სამუშაოები, არც დააფიქსირეს, ისე გადაასხეს დუღაბი და დააფინეს კრამიტი. 2021-2022 წლებში დასავლეთი მკლავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო სისველის გამო, მხატვრობა ზიანდებოდა და აუცილებელი შეიქნა კრამიტის ახდა, რათა მკლავი ამომშრალიყო. ამ დროს გამოჩნდა კიდეც ეს ბზარი, რომლის აღდგენაც შემდგომ მოხდა.
- ასე შემთხვევით?
- დიახ. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაა სხვა მკლავებზე. როცა მათ ავხდით, სიღრმისეული დაკვირვება იქნება საჭირო, რომ დაზიანებები არ გაგვეპაროს. ბერლუკიმ მოითხოვა, რომ ახდამდე უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ამ გადახურვის სტრუქტურის შიგნით, რათა მეთოდოლოგია სწორად დაიწეროს. მან მოითხოვა მთავარ გადახურვაში ზონდაჟების გაკეთება, რამაც კატასტროფული შედეგები დაგვანახა. პროექტის მიხედვით უნდა ყოფილიყო პემზის ღორღი, შემდეგ 15 სმ კირდუღაბის ბალიში, შემდგომ საიზოლაციო ფენა, შემდგომ 5 სმ კირდუღაბის ფენა და ბოლოს იგებოდა მოჭიქული კრამიტი.

როცა ყველა მთავარ გადახურვაზე, მკლავებზე, ფერდზე ზონდაჟები გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ გადახურვის ქვეშ შემავსებლად ყველანაირი ნაგავი იყო გამოყენებული(?!). მაგალითად, ერთ მკლავში მიწასთან აზელილი ნამტვრევი აგურები. ბერლუკი გაოგნებული იყო, ვერ წარმოედგინა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავს რამეს თუ ნახავდა. ასევე შემავსებლად იყო გამოყენებული ცემენტის პენაბლოკები, ასევე თითქოს პემზის ღორღი, მაგრამ უცნაურად დიდი ბლოკები. მოგეხსენებათ, პემზა ვულკანური წარმოშობის ქანია და ამ ბლოკებს რომ შეხედავთ, გარედან ფერი და ფაქტურა პემზის აქვს, მაგრამ უცნაურად დიდი წონისაა. როცა ზონდაჟებიდან ამ დიდი ლოდების ამოღება დავიწყეთ, არანორმალურად მძიმე იყო, გადავწყვიტეთ დაგვემტვრია და ისე ჩაგვეტანა, მაგრამ ვერ დავამტვრიეთ, ეტყობა, პემზის კარიერიდან, სადაც ნარჩენები იყრება, პირდაპირ წამოიღეს და გელათის გადახურვაში ჩაყარეს, რაც კატასტროფაა. ნიკოლა ბერლუკიმ აგვიხსნა ტაძრის ქცევა მიწისძვრის დროს. თუ ჩვენ ვავსებთ გადახურვის ქვეშ სიცარიელეს, ის უნდა იყოს ერთგვაროვანი მასა, რომელიც მიწისძვრის დროს არ იმოძრავებს. თუ იმოძრავებს, ბლოკები გადაადგილდება, რაც გამოიწვევს თაღების ჩანგრევას. ამიტომ ის უნდა იყოს ან სრულად ცარიელი, ან ერთგვაროვანი მასით შევსებული.
მოკლედ, მთელი შიდა მასა ჭარბად ნესტიანი იყო, რადგან ნაგვის შემავსებლებს ზემოდან 15 სმ კირდუღაბის ბალიში დაედო, ამან ყველა ფენა ჩახუთა, ბოლოს დაემატა მოჭიქული კრამიტიც, უკვე არსებული ნესტი ვერსად წავიდა, შიგნით გაიარა, გაატარა მთელი ეს ნაგავი და დააწვა მხატვრობას, რომელშიც 12 სახის აგრესიული ტიპის მარილი შეიტანა. სწორედ ეს უბედურება გახდა მხატვრობის დაზიანების მიზეზი.
- ამ გამაოგნებელი ფაქტების შემდგომ რატომ არ იყო სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება, რატომ არ დაეკისრათ პასუხისმგებლობა პროცესში ჩართულ იმ პირებს, რომლებიც დღესაც მოკალათებული არიან სხვადასხვა საბჭოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში?
- როდესაც მიწაში აზელილ დამტვრეულ აგურებს ჩაყრი გელათის გადახურვის ქვეშ შემავსებლად, ეს არაპროფესიონალიზმი კი არა, გულგრილობაა და ამას სახელმწიფომ და საზოგადოებამაც წერტილი უნდა დაუსვას. თავიდან, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ამ საქმეში, რომ გვეუბნებოდნენ, მამა კირიონ, ძეგლი არ შეაწუხოთ, ძეგლს ფრთხილად მოექეცითო, ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს ხალხი დღედაღამ ამ ძეგლზე ზრუნვასა და ფიქრში ათენ-აღამებდა. დავინახეთ ბევრი ფარისეველიც, რომლებიც წლების განმავლობაში რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ და დღეს, როდესაც გელათის რეაბილიტაციის სახით არნახული პროცესი მიდის, როცა წმინდა გიორგის ეკლესიაში მხატვრობის კონსერვაციაში ბოლოსკენ ვართ გასული, დამთავრდა მოლაპარაკება იტალიის ყველაზე ცნობილ სკოლასთან და ისინი შემოდიან წმინდა გიორგის მხატვრობის კონსერვაციაზე, შემდგარია ჯგუფი ლელა ნინოშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც იტალიელებთან ერთად იმუშავებს, ამ პროცესსაც უდგებიან კრიტიკით.

როცა ხარ დარგის სპეციალისტი და ხედავ, რა გაკეთდა გელათის გადასარჩენად, ეს მხოლოდ უნდა გახარებდეს და არა ნაცარს იყრიდე თავზე. არ დაგიმალავთ, თავიდან ამ საქმეში პრობლემის შემქმნელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მეგონა. როცა ჩავიხედე საქმეში, ყველაზე ნაკლები დანაშაული მას მიუძღვის, ვიდრე იმ საბჭოებს და სპეციალისტებს, რომლებიც ყველა პროექტსა და შესრულებულ სამუშაოებზე ხელს აწერდნენ. ნიკოლოზ ანთიძეს, რომელიც პროფესიით იურისტია, არ ევალებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის აღება. მას სააგენტოში ჰყავდა სპეციალისტები, საბჭოები და ისინი აწერდნენ ხელს ყველაფერს, ეთანხმებოდნენ, სამუშაოებს იბარებდნენ. ჩემთვის დანაშაული იქ უფრო არის, ვიდრე ხელმძღვანელთან. დღეს კომიტეტის ხელმძღვანელია მეუფე შიო, მე - მისი მოადგილე, რომელიც პრაქტიკულ სამუშაოებს ვუძღვები, რა თქმა უნდა, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავექცევი, ისევე როგორც მეუფე შიო, რომელსაც სისტემატურად ვაბარებ ანგარიშს, შემდეგ მეუფე შიო და მეც ანგარიშს ვაბარებთ მის უწმინდესობას. მე მუდმივად ვენდობი და ვეყრდნობი სპეციალისტებს, თუ შეცდომა მოხდა, ეს პირველ რიგში სპეციალისტების ბრალი იქნება, რომლებსაც მე ხშირად ვეკითხები, კარგი პროექტია? როგორ მიდის მუშაობა-მეთქი, და დამიდასტურეს კიდეც. მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის წილი აქვთ, ვიდრე მე, რომელიც ვხელმძღვანელობ ამ სამუშაოებს და ყველა პირობას ვუქმნი სპეციალისტებს, რათა რეაბილიტაცია მაღალ დონეზე ჩატარდეს.
- დიდთოვლობა ერთგვარი ტესტი იქნებოდა კონსტრუქციისთვის, უხვ ნალექსა და ქარს გაზაფხულზეც უნდა ველოდოთ. როგორ ფიქრობთ, ჩააბარა ტესტი?
- ერთიან გადახურვაში დაყენებულია გათბობა-ვენტილაციის სისტემა. ზამთარში, როცა მოვა უხვი ნალექი, დაედება, ვთქვათ, 30 სმ თოვლი, ჩვენ მეტი რაოდენობის თოვლზე უნდა ჩავრთოთ გენერატორები, რომლის დროსაც ამ მაღალტექნოლოგიური მატერიის ძირები შეთბება და შედეგად თოვლი დაცურდება. ზაფხულში, თუ მაღალი ტემპერატურის დროს მუშაობა გართულდება, ჩაირთვება გაგრილების რეჟიმი. ახლა თოვლის ნალექი 1-1.20 მეტრი იყო და მადლობა ღმერთს, ყველა სისტემამ გამართულად იმუშავა, თოვლი მთლიანად ჩამოცალა.
ამის შემდეგ უცნაური ბრალდებები დაიწყო - რადგან სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს დადგა 3-მეტრიანი თოვლის გორა, ტაძარს საძირკველში წყალი ჩაუვა და ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევსო. ტაძარს საძირკველში წყალი ვერ ჩაუდგება, რადგან სადაც ერთიანი გადახურვის კონსტრუქცია მთავრდება, გაკეთებულია დრენაჟირება, რომელსაც წყალი ეზოს გარეთ გააქვს; მეორე - თოვლი ჩამოიცალა ტაძრის ძირიდან 12 მეტრში, ტაძარი კი მშრალ გარემოშია, რადგან მას ერთიანი გადახურვის სტრუქტურა ფარავს; მესამე - თოვლი ჩვენ გარედან მანქანებით არ მოგვიტანია, ეს ის თოვლია, რომელიც ტაძარს ედებოდა და ზედვე ადნებოდა, ამ შემთხვევაში კი თოვლი ტაძარს აღარ შეეხო, გვერდზე ჩამოიყარა.
დღეს რაც გელათში ხდება, მართლაც საეტაპო მოვლენაა, რომლის მსგავსი არასდროს ყოფილა. ჩვენ გვაქვს ნახაზები, აღარ მინდა სახელების და გვარების ხსენება, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ტაძრისა და სამრეკლოსი, სადაც არქიტექტურულ ნახაზებში სარკმლები საერთოდ არ ემთხვევა, ტაძარს იმ მხარეს არა აქვს სარკმელი. როცა ამნაირი დოკუმენტაციის შემქმნელი ხალხი გველაპარაკება დღეს კომიტეტს, რომელიც ნახაზებს ქმნის 3D-ფორმატით და დეტალური მონაცემებით, მგონი, უხერხულია.
- საუკუნეების წინ და ბოლოს, მე-19 საუკუნეში, გუმბათის რამდენიმე სარკმელი ამოქოლეს, რათა ტაძარი წყლის შეღწევისგან დაეცვათ. დღეს შეიძლება ამ სარკმელთა გახსნაზეც ვიფიქროთ?
- არის ამაზე საუბარი. როდესაც სარკმლები ამოაშენეს, მაშინ სახელმწიფოს არ ჰყავდა პროფესიონალი ხელოსნები და არც საშუალება, რომ ის სარკმლები ჩაესვა, რომლებიც წყლის შეღწევას გამორიცხავდა, ამიტომაც ამოშენდა ასე სტიქიურად.
ეს არის სწორედ ის სარკმლები, რომლებიც პასუხისმგებელია მოზაიკის განათებაზე, მოზაიკა არის აღმოსავლეთ მხარეს, გუმბათის დასავლეთით ამოშენებულია 5 სარკმელი, ესე იგი, ამ უნიკალური კომპოზიციის გამნათებელი ნაწილი დაგმანულია. ამის გამო მოზაიკის, სულ მცირე, 40% ვერ ვხედავთ. რობერტო ნარდი ამბობს, რომ მხატვრობისგან განსხვავებით, მოზაიკა ერთადერთია, რომელიც სხივს ირეკლავს. სწორედ ამაშია მოზაიკის მშვენიერება, ის უნდა ლივლივებდეს სხივზე. გარდა ამისა, როგორც ბატონმა ნიკოლო ბერლუკიმ თქვა, მთავარია, საკითხი ინჟინრული კუთხით გავარკვიოთ - კერძოდ, სარკმელი თავის დროზე ამოშენდა წყლის შეღწევის გამო, თუ გუმბათს ჰქონდა რაიმე პრობლემა და გამაგრდა სტრუქტურულად? დღეს ეს ყველაფერი რომ მოიხსნას, სტრუქტურულად რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნის? ამის შემდგომ უკვე გემოვნების და ძეგლის იერის ამბავია - სარკმლით გვქონდეს გელათი, თუ ისევ ამოშენებული, ცემენტით და სკიპიდრის ცვილით გადალესილი. როდესაც ამ ამოშენებულში ძალოვანი ძელისთვის ნიშა გავჭერით, სულ მცირე, სამი კვირა ნალექი არ იყო. აგურები და დუღაბი იმდენად სველი იყო, რომ ჭრის დროს თიხასავით იგლისებოდა. ძალიან უცნაური აგურია გამოყენებული, გამომწვარი, ფოროვანი. ამან დაგვანახა ძალიან სახიფათო ამბავი: წვიმის დროს (თან ეს გელათში წვიმის მიღების ყველაზე ინტენსიური მხარეა) ამოშენებული აგურები ჭარბად იჟღინთება და თუ წვიმის დასრულების შემდეგ გელათი შრება 2-3 დღეში, ეს 10-14 დღის განმავლობაში წყალს ნელ-ნელა ცლის სტრუქტურაში. დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე მძიმე დაზიანება ტაძრის აფრებს ამ მხარეს აქვს, როგორც ნალესობას, ისე მხატვრობასა და ქვის წყობას, მარილებისგან ყველაზე გაჯერებული მხარეა. ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ეს ამოშენებული სარკმლების შედეგია. საკითხი დგას სამსჯელოდ, არ ვჩქარობთ, რათა რაიმე შეცდომა არ დავუშვათ.