"სულ ვცდილობ, შეყვარებული ვიყო, ეს გრძნობა ბევრ რამეში მეხმარება... ადრე მეგონა, როგორც მე ვგრძნობდი და განვიცდიდი, სხვებიც ისე გრძნობდნენ და განიცდიდ - კვირის პალიტრა

"სულ ვცდილობ, შეყვარებული ვიყო, ეს გრძნობა ბევრ რამეში მეხმარება... ადრე მეგონა, როგორც მე ვგრძნობდი და განვიცდიდი, სხვებიც ისე გრძნობდნენ და განიცდიდნენ. ასე არ ყოფილა, ნდობის საკითხი გადასახედი გამიხდა"

"გამოვიდა სერიალი, რომელშიც შარშან გადამიღეს. ეს არის ფრანგული პროექტი ღვინის ისტორიის შესახებ", - ამბობს მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი. რა დროს კარგავს წონასწორობას, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რას ნანობს და რა იყო მისი ყველაზე დიდი სისუსტე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1978 წლის 26 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- ექიმი, ქირურგობა მიტაცებდა და ეს ოჯახის გავლენაც იყო. დედა ექიმია, ბაბუაც ექიმი იყო, მათ ჰქონდათ სურვილი, მეც ეს გზა ამერჩია. დროთა­ განმავლობაში ადამიანს ინტერესები ხომ ეცვლება, მე ცოტათი ვიზარმაცე კიდეც და საბოლოოდ არჩევანი სამსახიობო ფაკულტეტზე შევაჩერე. ეს არჩევანი არასდროს მინანია, თუმცა დავფიქრებულვარ, ხომ არ აჯობებდა, სხვა გზას დავდგომოდი-მეთქი? მსახიობობა მაინც სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა.

- ჩემზე ამბობენ...

- წესიერი კაციაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. უფრო მეტს ვისწავლიდი, უფროსებს უფრო მეტს მოვუსმენდი, უფრო მეტს დავაკვირდებოდი, რიგ საკითხებს უფრო გონივრულად მივუდგებოდი... კიდევ "უფრო მეტი" იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.

shvili-1770577145.jpg

- ჩემი პირველი წარმატება...

- მასშტაბურობის თვალსაზრისით, "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღება იყო. ამ სერიალმა უდიდესი პოპულარობა მომიტანა. მაყურებლმა მალე აიტაცა და შეიყვარა. 12 წელი მიდიოდა გადაღებები, 19 სეზონი მთავარ როლს ვთამაშობდი. ასეთი პროექტი ქართულ რეალობაში არც ყოფილა. როგორც მსახიობმა, უდიდესი გამოცდილება მივიღე. მართალია, სერიალი აღარ გადის, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რაც გულწრფელად მახარებს. ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, სერიალი ეკრანზე დაბრუნდეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- "ფორმულა კრეატივს", თავის დროზე­ დიდი ნდობა გამომიცხადეს. მანამდე­ პირველი სერიალი იყო "ქაღალდის ტყვია". აკა მორჩილაძის ნაწარმოების მიხედვით, ლევან თუთბერიძემ გადაიღო. ჩემი პირველი ეკრანული სახე ამ სერიალში შევქმენი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- მყავს ძალიან კარგი შვილები, როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი ისე მიდის და ეს მაბედნიერებს. ჩემი კესო 27 წლის არის, საჯარო მართვის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ მაგისტრატურაში საზღვარგარეთ ისწავლა, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ხმა. სავიზიტო ბარათია პერსონაჟი­ (დათო გოცირიძე) "ჩემი ცოლის დაქალებში"­.

- შემოქმედებით საქმინობაში რა სიახლე გაქვთ?

- გამოვიდა სერიალი, რომელშიც შარშან გადამიღეს. ეს არის ფრანგული­ პროექტი ღვინის ისტორიის შესახებ, გმირებს ღვინო ამოგზაურებს და კვალი საქართველოში მოდის... პირველი სერიალია, რომელიც ქართულ ღვინოს მიეძღვნა.

deda-1770577145.jpg

- მიზიდავს პერსონაჟები...

- რომლებსაც აქვთ მთავარი სათქმელი. ისეთი პერსონაჟები მეტად მაინტერესებს, ჩემგან შორს რომ დგანან, რომლებთანაც საერთო ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერი მაქვს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ადამიანების თანაგრძნობა შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ასეთი ძალიან ბევრია. რიტორიკულ შეკითხვას, - სარკეში რომ იხედები, ვის ხედავ? მე ვპასუხობ: კაცს, რომელთანაც უამრავი შენიშვნა და შეკითხვა მაქვს. ჩემში ბევრი რამ მინდა გამოვასწორო.

- მაგალითად?

- ზოგჯერ უყურადღებო ვარ, ეს თვისება ძალიან გამჯდარი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, გამოვსწორდე. იმ ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებსაც საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლიათ. სულ ვუსმენ, სულ ვუყურებ, სულ ვცდილობ, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი მქონდეს და თავადაც უკეთესი ვიყო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ბევრი რამ, ადრე მეგონა, როგორც მე ვგრძნობდი და განვიცდიდი, სხვებიც ისე გრძნობდნენ და განიცდიდნენ. ასე არ ყოფილა, ნდობის საკითხი გადასახედი გამიხდა. ცოტა გვიან კი მივხვდი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. იმასაც გაგიმხელთ, რომ ეს თვისება ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე იყო.

- ვნანობ...

- მშობლებს მეტად რატომ არ მოვუსმინე.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- უზრდელობას, მაღიზიანებს ფამილარობა, ადამიანები არაფერს ანგარიშს რომ არ უწევენ. ამ დროს ჩუმად ყოფნა არ შემიძლია, ყოველთვის მივანიშნებ, რომ ეშლება, მაგრამ ვაკეთებ ისე, რომ ტაქტი დავიცვა. არ არის გამორიცხული, ამ დროს აგრესიის ობიექტი თავად მე გავხდე. არ მინდა, მერე მეც იმას დავემსგავსო, ვინც არ მომწონს.

- მეზარება...

- მაღაზიებში სიარული.

- სიყვარული ეს...

- ანგარიშის გაწევაა. ადამიანები ერთმანეთის აზრებს სურვილებს რომ ითვალისწინებენ. ჩემთვის ძალიან უბრალო დეტალის გათვალისწინებაც კი მნიშვნელოვანია. ის რომ გეტყვის, კარგი მაისურია, მაგრამ ნუ ჩაიცვამ, არ გიხდებაო და ამის მერე ყოველ დღე იმ მაისურით დაენახვები და თან ეუბნები, მიყვარხარო, სინამდვილეში არ გიყვარს...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- პატარა ლევანი ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი და იმ გოგოს მერხთან რომ გავივლიდი, ყვავილს დავუდებდი ხოლმე. სანამ ჩემს მერხამდე მივიდოდი, უკან ვიხედებოდი, მისი რეაქცია რომ დამენახა, თან გული მიჩქარდებოდა, ისე ძლიერად მიცემდა.

- მეუღლეს დაშორებული ხართ, არა?

- დიახ.

- ახლა თუ ხართ შეყვარებული?

- სულ ვცდილობ, შეყვარებული ვიყო, რადგან ეს გრძნობა ბევრ რამეში მეხმარება. რამდენად მზად ვარ ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, ამის თქმა ნაადრევია, ჩვენი ოჯახი არ იყო 2-3 წლის, ამიტომ რთულია გადაწყვეტილების მიღება.

- მაკვირვებენ...

- ადამიანები რაღაც ამბებს ისე შეიცხადებენ, თითქოს მათთვის აქ არ თენდება და ღამდება. სიტუაციების აღქმის უნარი არა აქვთ, ან არ უნდათ, რომ დაინახონ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ადამიანმა, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს. ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მოტივაციას მიმაღლებს.

- ვრისკავ...

- იშვიათად, ძალიან ფრთხილი ვარ, სპონტანურობაც ნაკლებად მჩვევია.

- მეშინია...

- ახლობლების დაკარგვის, ასევე სიმაღლის და კრაზანის, იმიტომ რომ ალერგია მაქვს. ფრენის არ მეშინია, მაგრამ მაღალ სართულზე მდებარე ბინის აივანზე ვერაფრით გამიყვან.

- ვიტყუები...

- ზოგჯერ რაღაც ამბავზე ან სიტუაციაზე ვამბობ, რომ "არ მაინტერესებს", არადა მაინტერესებს. შეიძლება მინდოდეს კიდეც იმ ამბის მონაწილე ვიყო.

- თავისუფლებაა...

- როცა ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადადიხარ მიწისქვეშა გადასასვლელით და არა - ზემოდან, საავტომობილო მაგისტრალზე. ეს სიტყვები ბავშვობაში მოვისმინე და ისე ჩამრჩა გონებაში, ალბათ, არც არასდროს დამავიწყდება. თავისუფლებაა, როცა შენ არავის საფრთხეს არ უქმნი, არც - საკუთარ თავს.

- როცა მარტო ვარ...

- ვფიქრობ და ვფიქრობ ყველაფერზე. იყო დრო, როცა მარტოობა არ მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლოს შევეჩვიე და მომწონს, თავისი "პლიუსიკები" აქვს.

- ინტუიცია...

- მაქვს რენტგენივით. ჩემს წინათგრძნობებს სათანადოდ ყურს არ ვუგდებ, თორემ ბევრ რამეში დამეხმარებოდა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ამაზე არასდროს მიფიქრია, ზუსტად ვიცი, ადამიანებს მდგომარეობას ცოტა ხნით მაინც შევუმსუბუქებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამომიჩნდეს სამუშაო და მერე ჩემს საქმეში თავით გადავეშვა. ეს ყველაზე უებარი წამალია, გულს ვაყოლებ.

- რომ არა მსახიობი, ვიქნებოდი...

- კარგი ქირურგი. ექიმობა მოწოდებაა, პროფესია არ არის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- მშობლები მეუბნებოდნენ, ადამიანი ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ გამოცდის, ამისთვის არსებობს წიგნები, დაკვირვება, მოსმენა... რადგან ეს სიტყვები სულ მახსოვდა, სხვის დაშვებულ შეცდომებზეც ვსწავლობდი. პროფესიული დარიგებებიც მახსოვს. თეატრალურში გვეუბნებოდნენ, რომ მსახიობობა ძალიან პრეტენზიული საქმიანობაა, ადამიანები მოდიან, რომ მოგისმინონ, გიყურონ, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, სანახაობა შესთავაზოო.

- თეატრში დიდი ხანია არ გითამაშიათ, რატომ?

- რაც სერიალი დაიწყო, აღარ მითამაშია. მაშინ გადაღებები იმდენ დროს მოითხოვდა, დამატებით საქმეზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ჩემს პერსონაჟთან ბევრი გმირი იყო "მობმული". მსახიობი ვერ ირჩევ, შენ უნდა აგირჩიონ. თეატრის რეჟისორების მხრიდან საინტერესო წინადადებების მისაღებად მზად ვარ. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნება საინტერესო იქნება.

- დაბოლოს გეტყვით...

- ძალიან მინდა ყველამ ვიცხოვროთ მშვიდ, თავისუფალ, ერთიან, წარმატებულ საქართველოში. ერთხელ ვთქვი, "სუხიშვილები" რომ არიან, მინდა, ისეთი ქვეყანა გვქონდეს-მეთქი: გამართული, ენერგიული, აწყობილი, ლამაზი, წარმატებული, სადაც ყველამ თავის საქმე იცის და აკეთებს.

თამუნა კვინიკაძე