"გეტყვით იმას, რაც ხალხმა არ იცის" - კვირის პალიტრა

"გეტყვით იმას, რაც ხალხმა არ იცის"

"ყველა ადამიანისგან შეიძლება რაღაც ისწავლო, ზოგიერთი გლეხიც კი უდიდესი სიბრძნის მატარებელია. ცხოვრებამ ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომცა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ გამიმართლა", - ამბობს მსახიობი ზურა ნიჟარაძე და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს.

გურამ საღარაძე

234519997-0-0-1000-1411-1440x900-80-0-1-231b376838365e89d1cdfc91e624bc05-1770577145.jpg.jpg

- გურამ საღარაძე თეატრალურში მხატვრულ კითხვას გვასწავლიდა. შეხვედრის პირველ დღეს ჩვენს ჯგუფში დასვა­ შეკითხვა: გვიყვარდა თუ არა პოეზია? მერე სათითაოდ აგვიყანა სცენაზე და გვითხრა, ერთი ლექსი წაგვეკითხა. ბავშვობიდანვე პოეზიის დიდი მოყვარული ვიყავი. ავედი სცენაზე და დავიწყე "ტა, ტა, ტა! რანაირად ბრდღვინავს არაგვი..." შემაქო, ყოჩაღ! კარგი ბიჭი ხარ, ოღონდ სხვა დროს ცოტა­ ნელა წაიკითხე, არ იჩქაროო. ამ პირველი ლექციიდან დაიწყო და აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ჯგუფში განსაკუთრებულად ვუყვარდი და ჩემთვისაც გამორჩეული ადამიანი იყო, უთბილესი, მზრუნველი... ვერც თეატრში და ვერც მის გარეთ ამ კაცზე ცუდის მთქმელს ვერსად ნახავდი.­ მოგეხსენებათ, თეატრისთვის ინტრიგა უცხო რამ არ არის. ვიღაცაზე ცუდს თუ ამბობდნენ, ის იქაურობას ეცლებოდა, არ ისმენდა, ეგ ჩემი საქმე არ არისო, იტყოდა და წავიდოდა. ძვირს ვერავისზე დააცდენინებდი.

19 აგვისტოს მისი მეუღლის (ტანია ბუხბინდერი) დაბადების დღე იყო. ამ ქალბატონს მე ვერ მოვესწარი, ბატონი გურამი რომ გავიცანი, ის უკვე გარდაცვლილი­ იყო. გურამის მეგობრები "გაზაფხულის დედოფალს" ეძახდნენ და ყოველ 19 აგვისტოს მას როგორც ცოცხალს, დაბადების დღეს უხდიდნენ... საინტერესო ამბავია "გაზაფხულის დედოფალს" რატომ ეძახდნენ. თურმე ერთ დღეს მან გურამის სამეგობრო თავისთან შეკრიბა. ყველანი მივიდნენ, მაგრამ არ იციან, რა ხდება. ეუბნებიან, ტანია, გვითხარი, რატომ მოგვიყვანეო? მაგრამ ის არაფერს ამბობს. რაც მთავარია, ამ შეკრების ამბავი გურამმაც არ იცოდა. შინ მისულს მეგობრები რომ დაუნახავს, შეშინებია, ყველანი აქ რატომ ხართ, რამე ცუდი ხომ არ მოხდაო? იმ დღეს ტანიას არაჩვეულებრივი­ სუფრა გაუშლია და ბოლოს უთქვამს: დღეს 1-ლი მარტია, გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთო! ამ დღის შემდეგ მას "გაზაფხულის დედოფალი"­ შეარქვეს. როდესაც დაბადების დღეს უხდიდნენ, გურამის მეგობრები სულ ასე იხსენიებდნენ... ფოტო, რომელსაც გიგზავნით, სწორედ ტანიას დაბადების დღეზე ქობულეთშია გადაღებული. დიდებული საზოგადოება იყო შეკრებილი - ბორია წიფურია, ოთარ მეღვინეთუხუცესი... არა მხოლოდ მსახიობები. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ყველას დიდი ინტერესით ვუსმენდი. უნდა გენახათ, როგორ მღეროდნენ, ლექსებს როგორ კითხულობდნენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. ბატონმა გურამმა მიმიწვია, მოდი, კუკლა (სტუდენტებს ასე გვეძახდა), მოდი, კარგი­ ქეიფი გავაჩაღოთ! ეს შეკრება, ის დიალოგები, ის ლაღი იუმორი მართლა არასდროს დამავიწყდება.

არ ვილაპარაკებ, როგორი მსახიობი იყო გურამ საღარაძე, ან ლექსის როგორი წამკითხველი, ეს ყველამ იცის, გეტყვით იმას, რაც ხალხმა არ იცის. გურამს რამდენიმე ძმაკაცი ჰყავდა გარდაცვლილი. როცა ხელფასს აიღებდა ან ჰონორარს ჩაურიცხავდნენ, მიდიოდა ამ ძმაკაცების ოჯახებში და ეხმარებოდა. თავად შევესწარი, ძმაკაცის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, მისი სახელი დაიძახა, ზემოდან მეუღლემ გადმოხედა, მერე თოკი ჩამოუშვა, რომელზეც ე.წ. შპილკა იყო მიმაგრებული, გურამმა 100-დოლარიანი მიამაგრა ამ თოკს და... თავიდან გამიკვირდა,­ მერე გავიგე, თურმე ასე ხდებოდა, რამდენჯერაც გურამი ხელფასს აიღებდა, 3-4 ოჯახს ასე პატრონობდა. თავადაც ბიზნესმენი ხომ არ იყო, განა რამდენი ჰქონდა, მაგრამ ძმაკაცობას არ ივიწყებდა. ამაზე გენიალური რა უნდა იყოს? ასეთი გულიანი, თბილი და გემრიელი კაცი იყო, მისგან ბიჭობასაც, კაცობასაც, პროფესიასაც რომ ისწავლიდი.

1-2-1770577145-1771144755.jpg

არასდროს დამავიწყდება მისი გენიალური სიტყვები პოეზიაზე, ლექსს ზღვას­ ადარებდა. ამბობდა, როცა წაკითხვას იწყებ, ჯერ უნდა მოემზადო, როგორც ზღვაში­ შესასვლელად ემზადები. სიტყვა, როგორც ტალღა მოდის, მოდის, მოდის, აიზვირთება, დაგარტყამს!.. მერე უკან-უკან ნელ-ნელა წავაო. სტუდენტებს გვეუბნებოდა, შეიძლება თქვენ ლექსი ჩემზე კარგად წაიკითხოთ, მაგრამ მაყურებელმა ისეთი ტაში არ დაგი­კრათ, მე მთელი ცხოვრება­ ამას ვაკეთებ და როცა სცენაზე გამოვდივარ, ხალხმა იცის, რომ კარგად წავიკითხავ. მსახიობმა მაყურებელი თუ დაიჭირე, მერე რაც გინდა ის გააკეთე, ყველგან წამოგყვება, მთავარია, გამოსვლისას მაყურებელს თვალს რომ მოავლებ, ყველას თვალები შენკენ იყოს და გაფაციცებით გისმენდნენ, ეს არის არტისტობაო.

გოგი ქავთარაძე

- გოგი ქავთარაძე თეატრალურში ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მეორე კურსზე ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და გოგის რაც შეეძლო, ყველაფერი გამიკეთა. მთელი სტუდენტობა ამ ადამიანის ფრთის ქვეშ ვიყავი, შეიძლება ითქვას, მამობა გამიწია. ფასიანზე ვსწავლობდი, მეორე კურსზე რომ ვიყავით, ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამე" უნდა გვეთამაშა. ამ წარმოდგენაში სამ როლს ვასრულებდი, მამა ზუსტად იმ დროს გარდამეცვალა, ჩვენებამდე რამდენიმე დღე რომ იყო დარჩენილი. მთელ ჯგუფს გამოცდას ვერ ჩავუგდებდი, დავბრუნდი ქუთაისიდან და მამას დაკრძალვიდან მესამე დღეს ვითამაშე. მაშინ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გიგა ლორთქიფანიძე იყო, ბუნებრივია, სპექტაკლს ისიც დაესწრო. ამის შემდეგ ბატონმა გოგიმ დამიძახა, წამოდი, გიგა ლორთქიფანიძესთან უნდა შევიდეთო, მაგრამ არ უთქვამს, რაზე უნდა შევსულიყავით. კაბინეტში ბატონ გიგას­ ეუბნება, ეს ბიჭი ხომ ნახე, როგორ თამაშობსო?­ - კი, ზურა კარგი ბიჭიაო. აუხსნა, მამა გარდაეცვალა, 3 დღის წინ დაკრძალა, ფასიანზე სწავლობს, არა აქვს საშუალება გადასახადი გადაიხადოს და ამ ბიჭს ნუ დავკარგავთ, იქნებ რაღაც გზა გამოვნახოთო. გიგა არც დაფიქრებულა, რამეს მოვახერხებთო. მართლაც ასე მოხდა, თეატრალურში სცენის მუშად გამაფორმეს, სადაც ხელფასი მერიცხებოდა და ეს თანხა პირდაპირ გადადიოდა ჩემი სწავლის ანგარიშზე. როცა მეცალა, "სამსახურში" აუცილებლად მივდიოდი, მაგრამ ხშირად არ მეცალა, სულ ლექციები და რეპეტიციები მქონდა.

zura-nizharadze-w-h-1770577145.jpeg

ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა, რთული პერიოდი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი და ქირის გადახდაც მიჭირდა, ბატონმა გოგიმ მითხრა: წამოდი, ჩემთან იცხოვრეო... სამჯერ რომ დავიბადო და გარდავიცვალო, ამის დავიწყება ხომ შეუძლე­ბელია. კაცს რაც შეეძლო, ყველანაირად ეცადა მხარში ამომდგომოდა. მერე ბიძაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. ამ სიკეთეებით მოვდივარ მთელი ცხოვრება, ასეთი მაგალითები მქონდა და უბედნიერესი კაცი ვარ. უანგარო სიკეთეს ყველაზე დიდი ძალა აქვს.

1637146685-kote-makharadze-kote-maxaraze-1770577145.jpg

კოტე მახარაძე

- ამ გენიალურ ადამიანთან ურთიერთობა მცირე ხნით მქონდა, მოსიარულე ენციკლოპედია იყო. მახსოვს, თეატრალურში ეროსი მანჯგალაძის სახელობის თასზე მინი ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა. კოტე მახარაძე იყო ორგანიზატორი. ფინალში გოგი ქავთარაძის და რეზო ჩხეიძის ჯგუფები გავედით. ჩვენ ყველანი მეგობრები ვიყავით. თამაში დასასრულისკენ იყო ანგარიშით 3:3. ფეხბურთში ძალიან ძლიერი მოთამაშე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმ დღეს შევძელი ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 3:4 გამეხადა, შუა სტადიონიდან დავარტყი და გავიტანე. მეხუმრებოდნენ, გოლი არასდროს გაგიტანია და ისეთი იღბლიანი ხარ, ფინალში გაიტანეო. მერე ბანკეტი გვქონდა. ერთი ჭიქა სასმელიც კი არ დამილევია, არ მინდოდა, კოტე მახარაძესთან ურთიერთობის ერთი წამიც რომ დამეკარგა, სულ ვუსმენდი. ბანკეტზე ჯგუფელმა გოგონებმა დაიგვიანეს და რომ შემოვიდნენ, ამ 18-19 წლის ბავშვებს 75 წლის კოტე მახარაძე ფეხზე წამოუდგა, ჩვენ პატარა ბიჭები ვისხედით, მან კი ქალისადმი პატივისცემა ასე გამოხატა. რა თქმა უნდა, მერე ჩვენც მივბაძეთ და წამოვდექით. მაშინ მივხვდი, კოტე მახარაძეზე რატომ იყვნენ იმ ეპოქის ქალები ასე ძალიან შეყვარებული.

დაბადების დღე რომ ჰქონდა, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა და მესამე ქვეყნის პრეზიდენტმა დაურეკა... დიდი კაცი იყო, თავისი ცხოვრებით იყო სამაგალითო. შეიძლებოდა არაფერი ეთქვა და მის გვერდით ყოფნით ყველაფერი გესწავლა.

თამუნა კვინიკაძე