ქართული ბაზრის სიურპრიზები - კვირის პალიტრა

ქართული ბაზრის სიურპრიზები

ალბათ, არასოდეს გიფიქრიათ, რომ სურსათი, რომელშიც თქვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავთ, შესაძლოა ანტიბიოტიკებით იყოს გაჯერებული?

როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა არაჯანსაღი სურსათისგან? - ამ საკითხზე ვესაუბრეთ სურსათის და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტს ანდრია კალანდიას:

- სურსათში ანტიბიოტიკების არსებობა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამონაკლისს საქართველოც არ წარმოადგენს. საერთოდ, ანტიბიოტიკები ადამიანის მკურნალობის დროს გამოიყენება, თუმცა საქართველოში ამ მედიკამენტებს ხშირად იყენებენ ცხოველთა დაავადებების პრევენციისთვისაც.

იმის გამო, რომ ჩვენთან ბიოუსაფრთხოება, ფერმის უსაფრთხოება და ვაქცინაცია დაბალ დონეზეა, ფერმებში თავს იჩენს მიძინებული ინფექციები, ამიტომ ფერმერი იძულებულია, ანტიბიოტიკები გამოიყენოს. ასეთი სურსათი ადამიანში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას აყალიბებს, რაც ძალიან დიდი საფრთხეა. თუ ანტიბიოტიკებით გაჯერებულ ხორცს, კვერცხს ან რძეს სისტემატურად მივიღებთ, ავადმყოფობის შემთხვევაში ამ მედიკამენტებით ვეღარ გვიმკურნალებენ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ფერმაში ანტიბიოტიკების გამოყენება სერტიფიცირებული ვეტერინარის მიერ გაცემული რეცეპტით ხდებოდეს, თან ფერმერმა აუცილებლად უნდა დაიცვას ე.წ. მოცდის პერიოდი.

- "მოცდის პერიოდი" რას ნიშნავს?

- ეს არის დროის მონაკვეთი, როცა ფერმერმა თავისი პრო­დუქციის რეალიზაცია უნდა შეაჩეროს, ვიდრე ანტიბიოტიკი ცხოველის ან ფრინველის ორგანიზმიდან არ გამოიდევნება.

ჩვენი ფერმერები ანტიბიოტიკებს ხშირად იყენებენ და ამიტომ სახელმწიფოს კონტროლი აუცილებელია. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება. როგორც სააგენტოში ამბობენ, 2025 წელს ჩატარებული 193 ინსპექტირების შემდეგ აღებული ნიმუშებიდან ანტიბიოტიკების ნარჩენები სურსათში არ აღმოუჩენიათ. საკითხავია, რამდენად ასახავს ეს ციფრები რეალობას? - საქმე ის არის, რომ მათი მონაცემები ნიმუშების შერჩევითი წესით შემოწმების შედეგად არის მიღებული: სამწუხაროდ, ისინი ყველა პარტიას არ და ვერ ამოწმებენ, შესაბამისად, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ სურსათი, რომელიც ანტიბიოტიკებს შეიცავს, ჩვენს სუფრაზე უპრობლემოდ მოხვდეს. სააგენტო სურსათის ძალიან მცირე ნაწილს აკონტროლებს, რის გამოც მოსახლეობამ არ იცის, რამდენად ხარისხიან პროდუქციას იყენებს საკვებად. სწორედ ამიტომ ფერმერების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია: მათ უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების გამოყენების უფლება აქვთ, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ცუდია, რომ ფერმების კონტროლს შერჩევითი ხასიათი აქვს.

khorcii-1770578206.jpg

- გამოდის, შერჩევითი კონტროლის შედეგი არასახარბიელოა?

- თქვენი შეკითხვის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ალბათ, გახსენდებათ, ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელებში ხშირად წერდნენ, რომ კვერცხს რაღაც უცნაური, მომწარო გემო და სუნი ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ დაავადების პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკები გამოიყენა და "მოცდის პერიოდიც" არ დაიცვა - სწორედ ასეთ კვერცხს აქვს მომწარო გემო და უჩვეულო სუნი. წლის დასაწყისში ასეთი შემთხვევები მრავლად გვქონდა, მაგრამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

- საქართველოში ძალიან მტკივნეული­ თემაა ხორცის ხარისხიც: წლების განმავლობაში ბაზარზე ხან სახედრის ხორცი აღმოაჩინეს, ხან ცხენის. ნუთუ ასეთ მნიშვნელოვან პროდუქტს სათანადოდ არ ამოწმებენ?

- როდესაც ხორცის ხარისხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ სასაკლაოების თემას: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახლახან აღმოაჩინა არალეგალური სასაკლაოები, სადაც ცხოველებს ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევით კლავდნენ. ეს მაშინ, როცა საქართველოში ნებისმიერი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ცხოველი მხოლოდ ლიცენზირებულ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასაკლაოზე დაკლას, თანაც მას სპეციალური შემოწმება უნდა ჩაუტარდეს როგორც დაკვლამდე, ასევე მას შემდეგაც. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია ფაქტები, როდესაც ცხოველებს კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოებზე კლავენ. სწორედ ამიტომ დღესასწაულებზე ბევრგან შეხვდებით ისეთ პროდუქციას, რომელსაც არანაირი საბუთი და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ნიშანი არა აქვს. როგორც წესი, ასეთ საბუთს ვეტერინარი გასცემს და ადასტურებს, რომ ცხოველმა სათანადო შემოწმება გაიარა. თუ მომხმარებელი დაინახავს, რომ ხორცს არა აქვს ფორმა N 2 ანუ ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეს ნიშნავს, რომ ცხოველი სასაკლაოს გვერდის ავლითაა დაკლული.

- რა რისკი ახლავს ასეთ პროდუქციას?

- ეს ნიშნავს, რომ არავის შეუმოწ­მებია ხორცში ისეთი პათოლოგიური­ მიკრობების არსებობა, როგორიცაა ტრიქინელოზი, სალმონელა ან თურქული­ - არ არის გამორიცხული, ამ დაავადებებმა­ ადამიანი ლეტალურ შედეგამდე მიიყვანოს.

საქართველოში 2012 წელს მიიღეს "ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი", მაგრამ ეს დადგენილება სრულყოფილად 14 წლის შემდეგაც ვერ ამოქმედდა, ამიტომ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს დღემდე ვაწყდებით.

როდესაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტი ქუჩაში იყიდება, ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, მნიშვნელობა არა აქვს, ხორცი იქნება, თევზი თუ რძის ნაწარმი.

- თევზში ანტიბიოტიკების მოხვედრა როგორ შეიძლება?

- თავისუფლად შეიძლება, თუკი ფერმერი ანტიბიოტიკს წყალში შეურევს ან დანამატის სახით მისცემს. თევზში ძალიან აქტუალურია საღებავების გამოყენების საკითხიც. სოციალური ქსელით კარგა ხანს ავრცელებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ ასაღებდნენ საღებავით შეღებილ კალმახს, როგორც ორაგულს. იმისათვის, რომ სასურველი ფერი მიიღონ, იყენებენ როგორც სინთეზურ, ასევე ბუნებრივ საღებავებს. ჩვენ ძალზე კარგი ტექნიკური რეგლამენტი გვაქვს, რომელიც ევროკავშირის ანალოგია და იქ შავით თეთრზე წერია დანამატები, რომლებიც ცხოველების საკვებში შეიძლება გამოიყენონ.

თუ ფერმერი სახელმწიფოს კონტ­როლს არ ექვემდებარება, შეიძლება დოზების დაუცველად გამოიყენოს როგორც საღებავები, ასევე საკვები დანამატები, რომლებიც საშიში დაავადებების განვი­თარებას უწყობს ხელს, მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები და ალერგიული რეაქცია.

საღებავებს ჩვენში ხშირად იყენებენ, მაგალითად, თქვენ ხედავთ ყვითელ ქათამს­ და გარწმუნებენ, რომ ეს სიმინდზე­ გაზრდილი სოფლის დედალია. სწორედ აქ არის დაფარული მთავარი მახე: მომხმარებლისთვის ყვითლად შეფერილი ქათამი ჯანსაღ, ცხიმიან პროდუქტთან ასოცირდება, თუმცა ყვითელი ფერი ხშირად­ საღებავების გამო აქვს. შეუძლებელია მხოლოდ სიმინდის და საკვები დანამატების წყალობით მიიღოს ქათამმა ისეთი­ შეფერილობა, როგორსაც ბაზარზე ვხვდებით.

- ისევ ტრადიციულ შეკითხვამდე მივედით: როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა ხარისხიანი ხორცი, თევზი ან სხვა პროდუქტი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს?

- ცხადია, ვიზუალურად ვერ გავარჩევთ, რამდენად ხარისხიანია ესა თუ ის პროდუქტი, მაგრამ არსებობს პრევენციის მექანიზმები, კერძოდ, ხორცი, თევზი თუ რძის ნაწარმი ისეთ ადგილას უნდა შევიძინოთ, სადაც შენახვის პირობები დაცულია - სადაც არის მაცივარი და ტემპერატურა ხშირად იზომება, პროდუქტი ჰიგიენურ პირობებში უნდა ინახებოდეს და მას უნდა ყიდდეს ბიზნესოპერატორი, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებულია. გამყიდველს სარეალიზაციო ობიექტზე ოფიციალური დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. ასევე აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს ეტიკეტი, რომელზეც უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქციის წარმომავლობის შესახებ: სად და როგორ დამზადდა, როდემდე აქვს შენახვის ვადა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფორმა N 2 - დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ცხოველი სასაკლაოზეა დაკლული, ვეტერინარის მეთვალყურეობით, და სპეციალური შემოწმება­ გაიარა დაკვლამდე და დაკვლის შემდგომ - ეს არის ძირითადი პრევენციული მექანიზმები, რომელიც თითოეულმა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს. ფორმა N 2-ის მეშვეობით შევძლებთ დავადგინოთ, რომ პროდუქცია საიმედოა. თევზზე ასეთი­ სერტიფიკატი არ გაიცემა, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომლითაც დავადგენთ, საიდან, რომელი სანაშენე მეურნეობიდან მოიტანეს და მისი შენახვის ვადა როდემდეა. თუ მოვიწამლებით ან ჯანმრთელობის პრობლემები გვექნება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მწარმოებელი, რომელიც ამ პროდუქტის უვნებლობაზე პასუხს აგებს.

- რეგიონებში ხშირად ყიდულობენ ხორცს, რომელსაც მეზობელი ან ნათესავი­ ყიდის და სჯერათ, რომ ის საიმედოა.

- ეს დაუშვებელია, რადგან სასაკლაოზე ხორცს საფუძვლიანად ამოწმებენ.

სოფლებში საქონელს ხშირად კლავენ სასაკლაოს გვერდის ავლით, რაც ჩემთვის მიუღებელია. შესაძლოა ადამიანს თავისი გამოზრდილი საქონელი ჰყავდეს, მას სახიფათო დაავადება ჰქონდეს და ვერ შენიშნოს. სასაკლაოზე პირუტყვის დაკვლა მხოლოდ 40-50 ლარი ღირს და ამ თანხის გამო საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შევუქმნათ.

მომხმარებლები კიდევ ერთ შეკითხვას სვამენ: უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი­ ხორცი უფრო საიმედოა თუ ადგილობ­რივი - მე ადგილობრივ, ქართულ პროდუქციას გავუწევდი რეკომენდაციას, რადგან ქართულ ბაზარზე ძირითადად არაევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული სურსათი ჭარბობს. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი და სხვ. ამიტომ ჩემთვის ქართული პროდუქცია ბევრად კეთილსაიმედო და უსაფრთხოა.

უმჯობესია, შემოწმებული ქართული ნაწარმი შევიძინოთ, ამით ჩვენც უფრო დაცული ვიქნებით და ადგილობრივ წარმოებასაც გავაძლიერებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე