ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებით 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ნარგეს მოჰამადის, ირანის სასამართლომ თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მოსტაფა ნილიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოჰამადი ქალაქ მაშჰადის სასამართლომ ექვსი წელი „შეკრებისა და შეთქმულებისთვის“ მიუსაჯა, ერთი წელი და ექვსი თვე კი - „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.
ნილის თქმით, ნარგეს მოჰამად ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება ორი წლით და აღმოსავლეთ ხუსფის რეგიონში ორი წლით გადასახლება მიესაჯა.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჰამადი დეკემბერში „პროვოკაციული განცხადებებისთვის“ დააკავეს. მისი ოჯახის თქმით, ის დაკავების დროს ცემის შემდეგ დაშავდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
53 წლის ნარგეს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის 2023 წლის პრემიის ლაურეატი ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გახდა.
"ინტერპრესნიუსი"