"დღეს ქვეყანაში ქართული მეცნიერების სრული დეგრადაცია მიდის... წარმოიდგინეთ, მთელი ქვეყანა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ლაპარაკობს და მეცნიერებათა ა - კვირის პალიტრა

"დღეს ქვეყანაში ქართული მეცნიერების სრული დეგრადაცია მიდის... წარმოიდგინეთ, მთელი ქვეყანა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ლაპარაკობს და მეცნიერებათა აკადემია ხმას არ იღებს" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ამგვარი პასუხით გამოისტუმრა 6 თებერვალს მასთან შეხვედრაზე მისული თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლები - "პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ გადაიხედება". მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავს და საკანონმდებლო ცვლილებებიც დაჩქარებული წესით მიიღეს. „შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორწელიწად-ნახევარში იმსჯელოს საკითხებზე", - ეს კი შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ განაცხადა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

- არავინ დაობს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ის გზა, რასაც ხელისუფლება ადგას, იმ უმწვავეს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რაც ამ სისტემაშია. მე, როგორც უნივერსიტეტის ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანი, ჩამოგითვლით რამდენიმე უმწვავეს პრობლემას და შემდგომ მათ მოგვარების პერსპექტივაში შევხედოთ ამ ვითომ რეფორმას.

როგორც მახსოვს, თქვენს გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მე, ადამიანს, რომელიც ვარ თსუ-სთან არსებულ ინსტიტუტში განყოფილების გამგე, მეცნიერების დოქტორი, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას ვუხდით.

დღეს ადამიანური ცხოვრებისთვის სრული პროფესორის ხელფასიც კი არ არის საკმარისი. ამიტომ თითქმის ყველა, ვისაც ეს შეუძლია, 5-6 ადგილას მუშაობს. ეს ვითარება სრულიად გაუმართლებელია.

კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ის არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში არ არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. მაგალითად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ნორმალური, ელექტრონული მიკროსკოპი. არ არსებობს ნორმალური მასპექტრომეტრი, ელექტრონული, ემისიური და ლაზერული მიკროანალიზატორები და ა.შ. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეიძლება ასწავლო სტუდენტს თანამედროვე მეთოდებით?!

მესამე პრობლემა ის არის, რომ არ არის გამართული კურიკულუმები. ისმის კითხვა, ვინ ასწავლის დღეს უნივერსიტეტში? ძირითადად, ძალიან მოძველებული განათლების მქონენი. მინახავს 21-ე საუკუნეში წინა საუკუნის კონსპექტებით რომ ხელმძღვანელობენ. არაფერი იცვლება - თანამედროვე განათლებამიღებული ახალგაზრდები საუნივერსიტეტო სისტემაში არ მიდიან, არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ტვინების დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, პირველ რიგში მათ ჩამოყვანაზე უნდა ვზრუნავდეთ. ამის ნაცვლად, ამას წინათ გვითხრეს, რომ თურმე უცხოეთში პენსიაზე გასულ ლექტორებს ჩამოიყვანენ და დაასაქმებენ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სხვათა შორის, 2012 წელს ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამაზე ლაპარაკობდა და თითქოს სცადა კიდეც.

გახსოვთ, გია დვალის ჩამოსვლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ პროცესს უნივერსიტეტის პროფესურა ისე მედგრად გადაეღობა წინ, ყველაფერი ჩაიშალა. ძალიან შეეშინდათ კონკურენტული გარემოს შექმნის, რადგან იცოდნენ, რომ ადგილებს დაკარგავდნენ.

აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს, რომ თუ ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლება გვინდა, პროფესორ-მასწავლებლების კადრებს უნდა გადავხედოთ, მაგრამ ეს პრობლემა ორი უდიდესი უნივერსიტეტის მექანიკური შერწყმით ვერ გადაწყდება. ამას სჭირდება წლების პერსპექტივაში გათვლილი და კარგად გაწერილი გეგმა.

ის, რასაც ესენი გეგმავენ, რეფორმა არ არის. ეს არის ფასადური ცვლილებები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით. მერწმუნეთ, ამგვარი გაუთვლელი ნაბიჯი ორივე უნივერსიტეტს დააზარალებს. საქმე ის არის, რომ ამ ორი უნივერსიტეტის მიზანი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ამზადებდეს ფართო მსოფლმხედველობის, ფართო განათლების ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი სამეცნიერო საქმიანობაში გააგრძელებს მუშაობას, ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კი არის კონკრეტულ დარგებში ღრმად განსწავლული ადამიანების - ინჟინრების მომზადება, რომლებმაც უნდა იმუშაონ წარმოებაში.

ყოველივე ამას ასე ზუსტად იმიტომ გიხსნით, რომ ორივე დაწესებულებიდან მყავს დოქტორანტები. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ჩემამდე კარგად მომზადებულები მოვიდნენ - მათ პირველივე კურსიდან არასწორად აქვთ მიწოდებული განათლება, მაგრამ ახლა ამას დავანებით თავი, მხოლოდ ვიტყვი, რომ ამ უნივერსიტეტებიდან მოსულ დოქტორანტებს შორის არსებობს მსოფლმხედველობრივი განსხვავებები, სრულიად სხვადასხვაგვარად უდგებიან საკითხებს. ვიმეორებ, ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არ შეიძლება. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ რაღაც კრეატორებს, რომლებიც არც მეცნიერები იქნებიან და არც ინჟინრები.

"ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვახსენე ეს მაგალითი და ახლაც ვიტყვი - როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტი, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი განთავსებულია ბოსტონის შემოგარენში, ქალაქ კემბრიჯში, მაგრამ მათი გაერთიანება თავში არავის მოსვლია. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით - ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთში არსებობს უდიდესი ისტორიისა და ტრადიციის უმაღლესი სასწავლებელი, სორბონის უნივერსიტეტი, რომელიც, როგორც მახსოვს, 17 უნივერსიტეტად დაყვეს. ცივილიზებულ სამყაროში დღეს სხვანაირია განათლებისადმი მიდგომა.

ვიმეორებ, რეფორმა აუცილებელია. დიახ, მეც მიმაჩნია, რომ შტატები შესამცირებელია, მაგრამ უპირველესად სასწავლო პროცესია მისახედი, შესაცვლელია კურიკულუმები და მოსაძიებელია ის კადრები, ვინც დღეს არსებულ პროფესორ-მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ, თან მათ უნდა ჰქონდეთ იმგვარი ანაზღაურება, რომ მთელი დრო სტუდენტებს დაუთმონ და არა ლუკმაპურის შოვნაზე ფიქრს.

კობახიძეს ვეთანხმები, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელს 1 000 კი არა, 10 000 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი, მაგრამ ამ თანხის გამონახვა ორი უნივერსიტეტის მექანიკური შეერთებით არ გამოვა. არ შეიძლება უნივერსიტეტის ბუღალტერიაში 138 კაცი მუშაობდეს, სულ სხვა გამართული სისტემა უნდა შეიქმნას. ის, რასაც ეს მთავრობა აპირებს, რეფორმა კი არ იქნება, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სისტემის სრულ ჩამოშლას გამოიწვევს.

კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

დღეს ქვეყანაში ქართული მეცნიერების სრული დეგრადაცია მიდის.

თავის დროზე საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო მსოფლიო დონის მეცნიერი ნიკო მუსხელიშვილი, დღეს ვინ არის? - როინ მეტრეველი... წარმოიდგინეთ, უმწვავესი ცვლილებები იგეგმება საგანმანათლებლო სისტემაში, მთელი ქვეყანა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ლაპარაკობს და მეცნიერებათა აკადემია ხმას არ იღებს.

დიახ, დღეს მეცნიერებათა აკადემია გადაიქცა პანოპტიკუმად, ფაქტობრივად არაფრისმაქნისი არ არის. თითზე ჩამოსათვლელი დარჩა მსოფლიო დონის მეცნიერი, ყველა გაქცეულია ქვეყნიდან. ვიმეორებ - სახელმწიფო ინტერესებზე მოფიქრალი მთავრობა უპირველესად ამ საკითხზე დაფიქრდებოდა. რეალურ რეფორმებს სჭირდება უდიდესი გამბედაობა და პროფესიონალიზმი.

რეფორმა უნდა დაგეგმონ და გაატარონ პროფესიონალებმა და არა პოლიტიკურმა კრეატორებმა. ჩვენი განათლების მინისტრი ასე დიდგულად რომ გველაპარაკება, საიდან არის მოსული? - ძალოვანი სისტემიდან. რა იცის მაგან განათლების შესახებ?!

ისტორია საბოლოოდ ყველას და ყველაფერს მიუჩენს ადგილს. "ქართულ ოცნებას" რა სურს, ქართული განათლების დამანგრევლის სახელით შევიდეს ისტორიაში?!

ამ ე.წ. რეფორმის მიზნად სხვადასხვა რამ სახელდება, მათ შორის შენობა-ნაგებობები და მათი მიმზიდველი მდებარეობა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ნეობოლშევიკური მიდგომის შედეგია, რისი მიზანიც განათლების სისტემის ტოტალურ კონტროლში მოქცევაა. ვერ იტანენ ახალგაზრდობის მკვეთრად კრიტიკულ განწყობას. სურთ გაზარდონ რობოტები, რომლებიც მთავრობის ნებას უსიტყვოდ დაემორჩილებიან. ისეთი განათლების სისტემის აშენება უნდათ, როგორი პარლამენტიც ჰყავთ - ერთი იტყვის და, ყველა თანახმაა. ბოლო დროს ლაპარაკიც კი აღარ უნდათ, მიდიან, მორიგ საშინელ კანონს მისცემენ ხმას და 15 წუთში დაიშლებიან, როგორც კომუნისტების დროს იყო.

ჩვენმა ახალმა თაობამ უკვე იგემა თავისუფლების გემო და ჩემი აზრით, მას არ შეელევიან.

ამავე დროს უნდათ სხვა უნივერსიტეტების მოხრჩობაც, უბრალოდ, ჯერ ამათ მიადგნენ. მოკლედ, უნდათ მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდობის ძალიან ხისტ მარწუხებში მოქცევა. ჩემი აზრით, ეს არ გამოუვათ.

წაიკითხე ვრცლად