"ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times - კვირის პალიტრა

"ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times

„ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი ამჟამად“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) სტატია, რომლის ავტორი საიმონ კუპერი ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის კოლექტიური იდენტურობის ჩამოყალიბების ფაქტორებზე მსჯელობს და ამასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპის (ევროკავშირის) ურთიერთობის პრობლემებს განიხილავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

პოლიტიკური აზროვნების ძველი პრინციპის თანახმად, კოლექტიური იდენტურობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მტრის არსებობა. მოწინააღმდეგემ შეიძლება ხელი შეუწყოს ხალხის გაერთიანებას. ადოლფ ჰიტლერმა მსგავსი როლი შეასრულა დიდი ბრიტანეთისთვის, ხოლო საბჭოთა კავშირმა - აშშ-ისთვის. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა კრახი განიცადა - დაიშალა, ამერიკული ერთიანობაც დაინგრა.

მაგრამ ბოლო ათწლეულში ევროკავშირსაც გამოუჩნდა გარეშე მტრები: ჯერ „ბრექსიტის“ მომხრეები, შემდეგ ვლადიმერ პუტინი, რომლის უკან ჩინეთი მოჩანს და ახლა, როგორც იქნა, იდეალური მტერი - დონალდ ტრამპი, რომელმაც ევროპის გაერთიანებისათვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე - თვითონ ევროპელებმა.

მტრების არარსებობამ ევროპა საკმაოდ დიდი ხნით დაასუსტა. ისე ჩანდა, რომ არც კი იყო რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა, ევროპას მტერი ჰყოლოდა და მტრის ძიებას არც არავინ აპირებდა. ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შექმნის დროს, 1957 წელს, მის წინააღმდეგ არავინ გამოდიოდა. ეს იყო მრავალი საუკუნის ნატვრა, იდეალი - საკუთარი ნებით გაერთიანებული ევროპა, ომის გარეშე, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. როცა იმ ხალხების ლიდერები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ებრძოდნენ და ხოცავდნენ, გაერთიანებაზე დათანხმდნენ და საკუთარ ამომრჩევლებსაც გაანდეს განზრახვა, თითქმის ყველა სწრაფად დაეთანხმა. აშშ-მა მხარი დაუჭირა ევროგაერთიანებას. დიდი ბრიტანეთი, მართალია, არ მიუერთდა, მაგრამ არც წინააღმდეგ წასულა: „გინდათ გაერთიანება? გაერთიანდით, ჩვენ გეთანხმებით“. მოსკოვი ევროგაერთიანების შექმნაზე არ დარდობდა, რადგან კრემლს უფრო მეტად ნატო აინტერესებდა. საბოლოოდ, ექვსი ქვეყნის პარლამენტებმა ევროგაერთიანების შექმნის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს.

ტექნოკრატული ეკონომიკური კავშირის შექმნას საერთო მტრების გარეშე რაიმე განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია. არავის ჰქონდა სურვილი ლურჯ-ოქროსფერი დროშისათვის მომკვდარიყო. ერთადერთი რაც ხდებოდა, იყო ის, რომ მცირერიცხოვანი ულტრები „რაიდერის თასის“ გათამაშების დროს (გოლფის ტურნირი ევროპასა და აშშ-ს შორის) დროშებს აფრიალებდნენ. იმდროინდელ სერიალებსა და ფილმებში, რომლის გმირები გეოპოლიტიკურ ბოროტმოქმედებს ებრძოდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ყოველთვის ამერიკელი იყო და არა -ევროპელი.

ბრექსიტი ევროკავშირის არსებობისათვის პირველი პოტენციური საფრთხე გახდა. დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მის კვალს ბევრი გაჰყვებოდა. 2018 წელს იტალიელი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მატეო სალვინმა, ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში შესვლამდე, ევროკავშირი „ტიტანიკს“ შეადარა, რომელიც სულ მალე ჩაიძირებოდა. ორგანიზაციის დაშლის საფრთხის პასუხად ევროპელთა მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულამდე ავიდა, 1983 წლიდან, რაც გამოკითხვამ - „ევრობარომეტრმაც“ დაადასტურა. ბრექსიტმა უნიკალური როლი შეასრულა საკონტინენტო ევროპის შემჭიდროებაში და ხალხებს ევროკავშირიდან გასვლის სურვილი გაუქრო.

შემდეგ „ბრექსიტის“ მომხრეები (ანუ ევროპის ერთიანობის მტრები) ვლადიმერ პუტინმა ჩაანაცვლა, მთავარი მტრის პოსტი დაიკავა და ამით ევროპელების ერთიანობა განამტკიცა. 2024 წელს, საშემოდგომოდ, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის არჩევამდე, რესპოდენტთა 74%-მა, რომლებიც „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ თავს ევროკავშირის მოქალაქედ თვლიან. შეიძლება ითქვას, რომ 74%-იანი მხარდაჭერა ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება, ბოლო 20 წლის განმავლობაში.

მაგრამ დღეისათვის ევროპის „საუკეთესო მტრად“ მაინც დონალდ ტრამპი მიიჩნევა: სცენარისტებისათვის სპეციალურად რომ დაევალებინათ, ისინიც კი ვერ მოიფიქრებდნენ უკეთეს ავკაცს ევროპისათვის. დონალდ ტრამპის, როგორც ევროპისათვის ავის მსურველი ადამიანის სახე, ყოველი ევროპელის გონებას ჩაწვდა - ისეთებისაც კი, რომელიც პოლიტიკაზე თვეში მხოლოდ ხუთ წუთს ფიქრობენ. გრენლანდიის მითვისების ტრამპისეული განზრახვა ევროპელთა აბსოლუტური ურავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ევროპელებმა ისიც დაინახეს, რომ მთავარ ავკაცს გვერდით უფრო მომცრო ბოროტმოქმედები უდგანან - ამერიკელი ტექნოლოგიური ოლიგარქები, რომელთა პროდუქტები ევროპელებისთვის ცნობილია და როგორც იტყვიან, „მათ სულებში და გონებაში ხელს აფათურებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ: უნდა დაუთმოს თუ არა უკრაინამ რუსეთს ტერიტორია? - რას ფიქრობს "ღონემიხდილი უკრაინელი ხალხი"? (The New York Times)

"ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი?

"სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph

ომის სამი სცენარი - უკრაინის კაპიტულაცია, რუსეთის ჩამოშლა თუ დაუსრულებელი ბრძოლები მოლაპარაკებების ფონზე?!

ადრე არასოდეს მინახავს, რომ ევროპელები თავს ესოდენ მტკიცედ გრძნობდნენ ევროპელად. გასულ კვირას დავესწარი ფანტასტიკურად ატლანტისტი - ანუ ნატოს მგზნებარე მომხრე დანიელ პოლიტიკოსთა ფორუმს, სადაც ითქვა, რომ ევროპამ აშშ მფარველის სახით უკვე დაკარგა და ახლა თვითონ უნდა იფიქროს და იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე. ერთ-ერთმა მონაწილემ, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომელიც ნატოს გენერალური მდივანი იყო 2004-2009 წლებში, თქვა, რომ ევროპა თავს თვითონ მართლაც ვერ დაიცავს და რომ აშშ ნატოს ძველებურად მხარს უჭერს, თუმცა დაამატა: „რა თქმა უნდა, არის საფრთხე და მეშინია, ვაითუ მიტოვებულნი აღმოვჩნდეთ, მაგრამ მე უკვე გამოვედი გლოვის პროცესიდან [და მომავალზე უნდა ვიფიქროთ]“.

შემდეგ მოვუსმინე დანიისა და ავტონომიური გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლას, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში (Sciences Po), სადაც შეკრებილი სტუდენტები და ჟურნალისტები ფეხზე ამდგარნი მათ ტაშისცემით შეხვდნენ.

როგორც იქნა, ევროპამ გააცნობიერა რეალობა. ამასთან ის, რომ კონტინენტი ამერიკას შორდება, ერთდროულად სასიხარულოც არის და შიშისმომგვრელიც. სხვათა შორის, ემოციებს მხოლოდ ელიტა კი არ ამჟღავნებს, არამედ - ჩვეულებრივი, რიგითი ევროპელებიც. ფრანგული ჟურნალის, Le Grand Continent-ის დაკვეთით ევროკავშირში ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ საოცარი შედეგები აჩვენა: რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა [70%] დაეთანხმა ევროპის ჯარების გაგზავნას გრენლანდიის დასაცავად, 51% თვლის, რომ დონალდ ტრამპი ევროპის მტერია და მხოლოდ 8%-ს მიაჩნია იგი მეგობრად.

გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც ევროატლანტიზმის მტკიცე მომხრეები არიან, დონალდ ტრამპის დემოკრატიისადმი ერთგულებას ნეგატიურად აფასებენ - მათგან მხოლოდ 3% თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიის პრინციპებს მხარს უჭერს და ევროპისადმი მეგობრულად არის განწყობილი. სხვათა შორის, ძალზე უჩვეულოა ევროპელებში საგარეო-პოლიტიკური საკითხის ესოდენ მაღალ დონეზე ცოდნა - „გრენლანდიის პრობლემის“ ირგვლივ ევროპელები თითქმის ყველაფერში გარკვეულები და ინფორმირებულები არიან.

გამოკითხვამ გამოავლინა მხოლოდ ერთი ევროპული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელშიც დონალდ ტრამპის გამო აზრი გაიყო: უკიდურესი მემარჯვენეები. ზოგიერთ ამომრჩეველს აშშ-ის პრეზიდენტი მოსწონს, ზოგიერთს კი - არა. დონალდ ტრამპი ისეთივე უთანხმოებას იწვევს და განხეთქილება შეაქვს უკიდურეს მემარჯვენეებში, როგორსაც მიგრაცის საკითხი იწვევს ევროპელ უკიდურეს მემარცხენეებში.

ადრე ვფიქრობდი, რომ ევროპა მხოლოდ საერთო ეკონომიკური ბაზარია და ევროპელებში პოლიტიკური სოლიდარობა არ დომინირებს. როგორც ჩანს, ვცდებოდი. სიტუაცია აშკარად იცვლება და უმჯობესდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო