თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?! - კვირის პალიტრა

თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?!

რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ გახსნილად აცხადებს ცნობილ რუს გენერალზე თავდასხმის საქმეს და სამი ეჭვმიტანილიდან ორი უკვე დაკავებული ჰყავს...

6 თებერვლის დილას მოსკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის 24-ე სართულზე სამი გასროლით 65 წლის მამაკაცის დაჭრამ მსოფლიო მასმედიის დიდი ყურადღება მიიქცია, რაც გამოწვეული იმით, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს, იგივე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს-„გრუ-ს" უფროსის პირველი მოადგილე, რუსეთის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი, რის შესახებაც ამავე ბლოგის გუშინდელ, 8 თებერვლის სტატიაში - „მაყუჩიანი „მაკაროვიდან“ გასროლილ სამ ტყვიას გადარჩენილ რუს ტოპ-გენერალზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს...“ , დაწვრილებით ვწერდით, მაგრამ მას შემდეგ კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი...

გენერალ ალექსეევის მოსაკლავად თავდამსხმელი...თბილისის გავლით ჩამოვიდა მოსკოვში! - ამტკიცებენ რუსეთის „ეფ-ეს-ბე“- ში...

რუსულ „ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ უკრაინაში დაბადებული , ოღონდ რუსეთის მოქალაქე ლიუბომირ კორბა 2025 წლის აგვისტოში თითქოს გადაიბირა უკრაინის უშიშროების სამსახურმა, კიევში პოლიგონზე სროლაში ავარჯიშა და შემდეგ კიევი-კიშინიოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტით „გადაისროლა“ რუსეთის დედაქალაქში...

„ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა კორბამ დაკითხვისას აღიარა (ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მეთოდებით „დაკითხავდა“ სტალინი-ბერიას „ენ-კა-ვე-დე“-სა და „ემ-გე-ბე“-ს „შთამომავალი“ „ეფ-ეს-ბე“ ეჭვმიტანილს), რომ 2025 წლის დეკემბერში უკრაინიდან მიიღო გენერალ ალექსეევზე თავდასხმის დავალება, რისთვისაც 30 ათას დოლარის გასამრჯელოს შეპირდნენ. მოსკოვის ოლქში სამალავიდან ამოიღო მაყუჩიანი „მაკაროვის“ პისტოლეტი, ხოლო ზინაიდა სერებრიცკაიასგან (რომელსაც გენერალ ალექსეევის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჰქონდა ბინა დაქირავებული) კი მიიღო სადარბაზოს კარების ელექტრონული გასაღები, ამასთან კორბას თავდასხმის ორგანიზებაში ეხმარებოდა რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ვასინიც, რომელიც პენსიონერი სამხედროა...

1-kile-1770626401.png
რუსი გენერალი ალექსეევი თავდასხმის შედეგად კი გადარჩა,თუმცა უკრაინის სპეცსამსახურების სამიზნიდან არ ამოშლილა...

რამდენად შეიძლება რეალობას შეესაბამებოდეს ეს ყველაფერი?

სრულიად შესაძლებელია, რადგან რუსეთის უკრაინაზე თავასხმიდან ოთხი წლის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა 19 რუსი გენერალის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათგან ნაწილის სწორედ დივერსიული აქტების შედეგად და სწორედ მოსკოვში, მათივე საცხოვრებელი კორპუსების წინ, თუმცა ეს დივერსიული აქტები ძირითადადა მანქანებისა და სხვა დანაღმული ნივთების დისტანციურად აფეთქებების საშუალებით ხდებოდა და მაყუჩიანი პისტოლეტები არ ყოფილა გამოყენებული.

უბრალოდ, ცოტა გაკვირვებას იწვევს, ომებში გამოცდილ „გრუ-ს" გენერალზე 66 წლის „პენსიონერი კილერის“ მიშვება და თანაც კუსტარულად დაყენებული მაყუჩიანი „მაკაროვით“- არშემდგარმა კილერმა მხოლოდ სამი გასროლა შეძლო და იქიდან რუს გენერალს სხეულში მხოლოდ ერთი ტყვია მოარტყა, დანარჩენი ორი კი კიდურებში, სავარაუდოდ იმის გამო, რომ გენერალმა ალექსეევმა ლიფტთან მდგომი პისტოლეტიანი უცხოს დანახვისთანავე მოასწრო რეაგირება და წინააღმდეგობის მცდელობა...

თავდასხმის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსულმა ეჭვმიტანილმა თოვლის გროვაში ჩაჩურთა მაყუჩიანი „მაკაროვი“(რაც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა), რომლის მჭიდშიც კიდევ სამი გაუსროლელი ვაზნა რჩებოდა-საბჭოთადროინდელი „მაკაროვის“ მჭიდში რვა ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა ჩადის და თუკი არშემდგარმა კილერმა რუს გენერალს ლიფტთან სამი ტყვია ესროლა და მჭიდშიც კიდევ სამი ვაზნა დარჩა, მაშინ სად წავიდა კიდევ ორი ვაზნა? ან პისტოლეტის მჭიდი ბოლომდე არ იყო დატენილი ან კიდევ „პენსიონერმა კილერმა“ ლიფტთან რუს გენერალს ხუთი ტყვია ესროლა, თუმცა ორი ააცილა...

2-kileri-1770629219.png
თავდასხმის შემდეგ მოსკოვის მეტროში ამომცნობი ვიდოკამერის მიერ დაფიქსირებული კადრი-მარცხნივ, 67 წლის რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ვასინი(რომელსაც თავდასხმის ორგანიზებაში დახმარება ბრალდება) და მარჯვნივ, არშემდგარი კილერი - 66 წლის ლიუბომირ კორბა, რომელმაც „აღიარა“, რომ მოსკოვში რუსი გენერლის მოსაკლავად... თბილისის გავლით ჩავიდა...

პროფესიონალი კილერი, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ორ-სამ მეტრის დისტანციიდან სროლისას მსხვერპლს არცერთ ტყვიას არ ააცდენდა, ხოლო ბოლოს, დარწმუნებისთვის,საკონტროლო გასროლასაც განახორციელებდა მსხვერპლის თავში...

ასევე დაგაინტერესებთ: "აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..."

"აპოკალიფსის იარაღზე" კონტროლი შეწყდა - ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ?!

თუ პუტინი ზავს დაარღვევს, ამერიკელები და ევროპელები 72 საათში რუსებს დაარტყამენ?! - რამდენად რეალურია ეს დაპირება?

რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...

poto-1770629203.jpg

რუს გენერალ ალექსეევზე,განსაკუთრებული ბოღმა შეიძლება უკრაინული „აზოვის“ იმ მებრძოლებს ჰქონოდათ, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის ქარხნის სარდაფებში ალყაში მოხვდნენ და ისინი დანებებაზე სწორედ ამ რუსმა გენერალმა ალექსეევმა დაიყოლია, როდესაც ოფიციალურად შეპირდა(შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერითაც კი), რომ იარაღის დაყრის შემთხვევაში, სამხედრო ტყვეების უფლებებს საერთაშორისო კონვენციის წესების სრული დაცვით მოპყრობოდნენ, რაც სრული სიცრუე აღმოჩნდა - უკრაინული „აზოვის“ ტყვედჩაბარებულებს რუსები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ, წამებით მკვლელობის ჩათვლით, რაც მწარედ ახსოვთ ტყვეობიდან დაბრუნებულ „აზოველებს“ და რუს გენერალ ალექსეევზე განსაკუთრებული შურისძიების გრძნობა ჰქონდათ და აქვთ...