"ბიძინა ივანიშვილი ირაკლი რუხაძეს გაპრემიერებას უპირებს" - ლაშა ფარულავა
ირაკლი რუხაძეს ბიძინა ივანიშვილი გაპრემიერებას უპირებს. ივანიშვილის აზრით, რუხაძის ამერიკული პასპორტი იქნება მისთვის სასარგებლო და აშშ-თან ურთიერთობებს გადატვირთავს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი ფარულავამ აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემა აქვს, ჩიხი და იზოლაცია არის „ქართული ოცნების“ თავს“.
„ირაკლი რუხაძეს ივანიშვილი გაპრემიერებას უპირებს. „ქართული ოცნება“ არის ფსკერზე და ცდილობს, იქნებ როგორმე რუხაძის ამერიკულმა პასპორტმა გადაარჩინოს.
ჩიხში შევიდა ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, ძალიან კარგად იცის, ორბანის ბედი, ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს არჩევნებზე, კონკურენტთან აგებს. ცხადია, ერთადერთი გამოსავალი არის როგორმე გადატვირთოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ივანიშვილის აზრით, რუხაძის ამერიკული პასპორტი იქნება მისთვის სასარგებლო და ურთიერთობებს გადატვირთავს.
რეალობაში, ძალიან მარტივად არის საქმე. დემოკრატიული ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტერორის შეწყვეტა და ახალი არჩევნები. ივანიშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება ქართველი მადურო“,- აღნიშნა ფარულავამ.
რაც შეეხება იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსთან გასაუბრების ფაქტს, როგორც ფარულავამ განაცხადა, „დარბიან მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი რომ ვინმესთან ფოტო გადაიღონ და ამით როგორმე კობახიძე გადაარჩინონ, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო დონეზე იზოლაციაში მოქცეული, რასაც ფოტოებით, შეხვედრებით, ხელის ჩამორთმევით, „სელფების“ გადაღებით ვერ მოაგვარებს.
"ინტერპრესნიუსი"