ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება - კვირის პალიტრა

ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ახლა უკვე საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა, პირიქით, აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია რომ შემოგვთავაზეს, თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება.

ახალი ბრალი წარედგინება 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სწორედ სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. მითხრეს, მტკიცებულებებს გადმოგცემთ ბრალის წარდგენის შემდეგო.

დღეს 15:00 საათის შემდეგ რუსთავის საპატიმროში უნდა ჩავიდეთ გამომძიებელთან ერთად და წარედგინება ბრალდება.

იმ დღეს ყველა ვესწრებოდით პროცესს და რაიმე ინციდენტი არავის შეუმჩნევია, არც ჟურნალისტებს, არც მე და არც თვითონ მოსამართლეს გაუკეთებია არანაირი კომენტარი შეურაცხყოფის თაობაზე. შენიშვნაც კი არ მიუცია ნიკასთვის, რა შეურაცხყოფაზეა საუბარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უნდათ, ფსიქოლოგიურად გატეხონ. მერამდენე ბრალდებაა უკვე, სათვალავი ამერია“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა