"საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება რომ დაიწყოს, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, აღიაროს დანაშაული - არცერთი ეს წინაპირობა არ არის" - პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე - კვირის პალიტრა

"საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება რომ დაიწყოს, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, აღიაროს დანაშაული - არცერთი ეს წინაპირობა არ არის" - პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რომ დაიწყოს, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, აღიაროს დანაშაული. [რომეო მიქაუტაძის მხრიდან] არცერთი ეს წინაპირობა არ არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ბრალდებულ რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დასრულდა აუდიტორების დაკითხვა, რომლებმაც შეადგინეს რევიზიის დასკვნა. პროკურორის თქმით, ამ დასკვნაში ცალსახად მითითებული აქვთ აუდიტორებს, რომ რომეო მიქაუტაძე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამდიდრდა.

„აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა და ამ დასკვნაში მათ აქვთ შესწავლილი, რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის უკანონო შემოსავალი. დაადგინეს, რომ მისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და დაახლოებით 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა რომეო მიქაუტაძემ. მოგეხსენებათ, რომ რომეო მიქაუტაძეს სხვა მუხლებთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ზოგადად, როცა საჯარო მოხელე მაღალ თანამდებობას იკავებს მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კომპანიების საქმიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, რომეო მიქაუტაძე აქტიურად იღებდა მონაწილეობას კომპანიების საქმიანობაში და ლობირებდა მათ. ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებებით“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი პროცესი მოწმეთა გამოკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა, მეორე მოწმე კი უდაოდ ცნო დაცვის მხარემ, შესაბამისად ის არ დაკითხული.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა