"თვითმფრინავის ბიჭებიდან" ალმა-ათის ტრაგედიამდე: საბჭოთა სპეცსამსახურების მზაკვრული ჩანაფიქრი და სპეცრაზმ "ალფას" საიდუმლო მისია"
მკითხველს შევახსენებ, რომ ცნობილი საბჭოთა/რუსული სპეცრაზმის - „ალფას“ შექმნის ისტორიითა და ჩატარებული სპეცოპერაციებით ჩვენი დაინტერესება აუცილებელი გარემოებებით იყო განპირობებული. კერძოდ, 1991 წლის მაისში საქართველოში დანიშნული პირველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თბილისში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სოჭის ნომრიანი „ჟიგული“, რომლითაც ოთხი, სლავური გარეგნობის მამაკაცი გადაადგილდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ისინი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის, ვ. ადვაძის პირადი დაცვის წევრებად ასაღებდნენ თავს და მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს (ე.წ. მურ–ის) მიერ გაცემული სამსახურებრივი დოკუმენტები ჰქონდათ.
საქართველოს ტელევიზიითა და პრესის საშუალებით გავრცელდა ამ „ოთხეულის“ პირადი მონაცემები. ძალზე საინტერესოა, რომ ისინი საქართველოში ნამდვილი გვარებით (მაქსიმოვი, კანაკინი, იურინი და პრიდიუსი ) იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც დავადგინეთ, „ჩრდილოელი სტუმრები“ არა „საბჭოთა მილიციონერები“, არამედ - ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ალფას“ წევრები აღმოჩნდნენ. თვით საბჭოთა უშიშროების სისტემაშიც კი ბევრმა არ იცოდა ამ სპეცრაზმის არსებობის შესახებ, რომელიც უშუალოდ სსრკ სუკ-ის თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა და საბჭოთა პოლიტბიუროს ყველაზე საიდუმლო დავალებებს ასრულებდა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე - ქვეყნის შიგნით.
„ალფას“ ოფიცრები სამსახურის გარეთ მხოლოდ სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდნენ და შესანიღბად (ე. წ. საფარ დოკუმენტებად) სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლების, სპორტული ინსტრუქტორებისა და საჭიროების შემთხვევაში, მილიციის მოწმობებით დადიოდნენ. დანაყოფის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება კატეგორიულად იკრძალებოდა. ოფიციალურად, „ალფას“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა ევალებდა, თუმცა ის ფაქტობრივად სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფი გახლდათ. სწორედ ამგვარ ფუნქციებს ასრულებდა ის ავღანეთში. დააკვირდით ფოტოს: „ალფას“ წევრების „პარტიზანული“

„ალფა“ ავღანეთში
სამხედრო ფორმაც მეტყველებს, რომ ეს სპეცრაზმი არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო დანაყოფი და ბევრად უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა, ვიდრე - საბჭოთა არმიის ოფიცრებს. 1983 წლის 19 ნოემბერს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის გამტაცებლების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია „ალფასთვის“ პირველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საბჭოთა, ახლა კი რუსული, პროპაგანდა ამ სპეცოპერაციას უნაკლოდ და ქრესთომატიულად თვლის, „ალფას“ მოქმედებები ადამიანების მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად არ იყო მიმართული. ასეთივე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის, ამ ოპერაციის საერთო ხელმძღვანელის, ალექსი ინაურის პოზიციაც. საინტერესოა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგორ გიორგაძემ რუსულ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში განცხადა: ეს ოპერაცია თბილისში ერთად ჩავატარეთ... ბევრს (საუბარია „ალფას“ წევრებზე - ბ.ა.) ვიცნობდი ავღანეთიდანო. ეს განცხადება-აღიარება 1991 წლის მაისის მოვლენების ანალიზისთვის გამოგვადგება.
ზედმეტად რადიკალურ/დაუნდობელი იყო კომუნისტური საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად ე. შევარდნაძის სურვილი, რომ „თვითმფრინავის ბიჭები“ სამაგალითოდ დასჯილიყვნენ. სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებას არანაირი გამართლება არ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურული არ იყო და საბჭოთა ხელისუფლების უფრო მოქნილი მოქმედებებით მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახლდათ.
1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან, საბჭოთა კავშირში „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ დაწყების შემდეგ, „დემოკრატიულმა სიომ“ მოსახლეობა, უპირველესად კი -ახალგაზრდები გამოაღვიძა. ცალკეულ რესპუბლიკებში ეროვნული თვითგამორკვევისა და მოსკოვიდან დამოუკიდებლობის მიღწევის საკითხებზე თამამად და ღიად დაიწყეს საუბარი. „ცენტრი“ კი არც ფიქრობდა მოკავშირე რესპუბლიკებში საკადრო პოლიტიკის შეცვლას და მოსკოვი კვლავ თავად ნიშნავდა პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელებს. ეს უკვე არა მარტო ფარულ უკმაყოფილებას იწვევდა, არამედ - ღია პროტესტში გადაიზარდა. ასე მოხდა ყაზახეთის სსრ დედაქალაქ ალმა-ათაში 1986 წლის 17-18 დეკემბერს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება ყაზახეთის ხელმძღვანელის, დ. კუნაევის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის მაგივრად ეროვნებით რუსი, რსფსრ-ის ულიანოვსკის ოლქის პარტიული ხელმძღვანელის, გენადი კოლბინის დანიშვნის შესახებ. ყაზახი ახალგაზრდების საპროტესტო აქციები 1986 წლის 17 დეკემბერს დაიწყო ალმა-ათაში და მალე მასობრივი სახალხო პროტესტის სახე მიიღო. გ. კოლბინს ყაზახეთთან არაფერი აკავშირებდა, არც ენა იცოდა და არც ადგილობრივი წეს-ჩვეულებები.

ალმა-ათა, 1986 წლის 17 დეკემბერი
ბუნებრივია, რომ ეს გარემოება სრულიად მიუღებელი იყო ყაზახი ხალხისთვის. საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში კი ყაზახების ლეგიტიმურ მოთხოვნა-სურვილს, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელი ადგილობრივი ყოფილიყო, სწრაფად მოუძებნეს სახელი და „ყაზახური ნაციონალიზმის გამოვლინებად“ მონათლეს. მოსკოვისთვის მომიტინგეებისა და მთლიანად ყაზახი ხალხის სამაგალითოდ დასჯისთვის საჭირო იყო რაიმე ექსტრემისტული ქმედება, რაც შემდეგ მშვიდობიან მომიტინგეებს დაბრალდებოდათ. ოფიციალური ვერსიით, 17 დეკემბრის საღამოს ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის ერთ-ერთ ფანჯარას სასიგნალო იარაღიდან ესროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ეს გახდა საბაბი მომიტინგეების დარბევის დასაწყებად. ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც იმ პერიოდში ყაზახეთის სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, 2023 წელს გამოცემულ მემუარებში პირდაპირ წერს, რომ მილიციამ და უშიშროებამ ახალგაზრდები პროვოკაციულად წააქეზეს აგრესიული ქმედებებისკენ, რათა გაემართლებინათ შემდგომი მკაცრი სადამსჯელო ზომებიო. მაშინაც და ახლაც, ხალხმრავალი მიტინგების დროს, როგორც წესი, მომიტინგეებს შორის მოქმედებენ სპეცსამსახურების აგენტი-პროვოკატორები, რომლებიც ექსტრემისტული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ აქეზებენ ხალხს. სრულიად დასაშვებია, რომ ასევე მოხდა ალმა-ათაში 1986 წლის 17 დეკემბერსაც: სასიგნალო იარაღიდან სროლის დროს რთული ამოცანაა, სწორად გამოთვალო ტრაექტორია და მხოლოდ გამოცდილ მსროლელს შეუძლია შორი მანძილიდან მიზანს უწიოს. სწორედ ამ პროვოკაციის შემდეგ დაიწყო მიტინგის მონაწილეთა დარბევა. რაც შეეხება „ალფას“ მონაწილეობას იმ ტრაგიკულ მოვლენებში: ოფიციალურად ეს სპეცრაზმი მხოლოდ სახელმწიფო შენობა–ნაგებობებსა და სტრატეგიულ ობიექტებს იცავდა, თუმცა სხვა ინფორმაციით „ალფას“ სპეცრაზმის რამდენიმე ასეული მებრძოლი იქნა გადასროლილი მაშინ ალმა-ათაში და მომიტინგეების დარბევაში ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ. „ალფას“ რაზმელები ღია ფერის ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით გამოირჩეოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: "დაკითხვის დროს ავტოკალამში დამალული ციანიდის კაფსულის გადაყლაპვა შეძლო და..." - როგორ აკავებდა "ალფა" ცსს-ის აგენტებს საბჭოთა კავშირის დროს
ალმა-ათის ტრაგიკული მოვლენებიდან თითქმის ორმოცი წელი გავიდა და დღესაც უცნობია გარდაცვლილთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2000-ზე მეტმა მიიღო სხეულის მძიმე (ძირითადად, თავის ტვინის ტრავმული) დაზიანება. დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაყვანილმა სამხედრო ნაწილებმა დაარბიეს. საინტერესოა ყაზახეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მიერ იმ ტრაგიკული მოვლენების შეფასება:
„1986 წლის საპროტესტო აქციებმა აჩვენა ხალხის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სურვილი. დეკემბრის მოვლენებში მონაწილეთა გმირობა, რომელიც დამოუკიდებლობის მაცნე გახდა, სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში“ (ციტატის დასასრული). სამწუხაროდ, საქართველოში ცოტამ თუ იცის ალმა-ათაში განვითარებული ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ, ამ დროს კი 1986 წლის 17 დეკემბერი ყაზახეთისთვის ისეთივე უმძიმესი და

„ალფას“ ერთ-ერთი ჯგუფი სპეცოპერციის წინ, 1980–იანი წლების შუა პერიოდი.
ერის გამოფხიზლების ისეთივე საეტაპო თარიღია, როგორც საქართველოსთვის 1989 წლის 9 აპრილი. 1988 წლის ნოემბრის დასაწყისში, აზერბაიჯანის სსრ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, ოფიციალურად: „ეთნიკურ დაძაბულობის ესკალაციის გამო“ სამი სპეცრაზმი გაიგზავნა: კა-გე-ბეს „ალფას“ და ვიმპელის, ასევე - სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს „ვიტიაზის“ რაზმები. საერთო ხელმძღვანელობა „ალფას“ მეთაურს 1983 წლის 19 ნოემბერს თბილისის აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის ოპერატიულ ხელმძღვანელს, გენადი ზაიცევს დაევალა.
თითქმის ორმოცი წელი გავიდა იმ მოვლენების შემდეგ და დღეს უკვე ნათელია, თუ რა მზაკვრული მისია ჰქონდათ საბჭოთა სპეცსამსახურებს. საბჭოთა კავშირის იმპერიის ნგრევის პროცესი ძალზე მტკივნეულად მიმდინარეობდა. საბჭოთა ხელისუფლებას, სპეცსამსახურების საშუალებით, თანმიმდევრულად მოჰყავდა მოქმედებაში ჯერ კიდევ იოსებ სტალინის მიერ „ჩადებული ნაღმები“. პარალელურად კა-გე-ბე და გე-ერ-უც უწყობდნენ ხელს ეთნოკონფლიქტების ხელოვნურად აღმოცენება/გაღვივებას, რაც შემდგომში მოსკოვს საშუალებას აძლევდა „მშვიდობის დასამყარებლად“ და დაპირისპირებულების განსაცალკევებლად, სამხედრო ნაწილები შეეყვანა ამ რეგიონებში.

გენადი ზაიცევი
გენადი ზაიცევი კი, რომელიც 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა „ალფას“, 1988 წლის 4 ნოემბერს სრულიად მოულოდნელად დანიშნეს ახალ თანამდებობაზე: კა-გე-ბეს მე-7 სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ფორმალურად ეს დაწინაურება იყო, რეალურად კი ის „ალფას“ ჩამოაშორეს. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს სპეცსამსახური უშუალოდ კა-გე-ბეს თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა და მის მეთაურს პირდაპირი „გასვლა“ ჰქონდა საბჭოთა უშიშროების პირველ პირთან. 1991 წლის 19 აგვისტოს, ცნობილი „პუტჩის“ დროს, კა-გე-ბეს მაშინდელი თავმჯდომარე კრუჩკოვი დავალებებს პირდაპირ „ალფას“ მეთაურს - ვიქტორ კარპუხინს აძლევდა, რომლის უშუალო უფროსი გენადი ზაიცევი კი საქმის კურსში არ იყო. თუმცა ამის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ. მანამდე კი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იყო, რა დროსაც „ალფას“ როლი და მონაწილეობის ხარისხი დღემდე გასაიდუმლოებულია.
(მეექვსე ნაწილის დასასრული)