"ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება დროებით შეცვალა და ის ამ საკითხს მაინც დაუბრუნდება" - ტატა ხვედელიანი
ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება დროებით შეცვალა და ის ამ საკითხს მაინც დაუბრუნდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ხვედელიანის შეფასებით, განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმა მიზნად ისახავს არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, ისე როგორც არის კორუფციული ინტერესი.
„ყველაზე დიდი პრობლემა განათლების რეფორმაში არის ის, რომ არ ეფუძნება არცერთ კვლევას, ანალიზს, რომელიც უმნიშვნელოვანესია რეფორმის პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვკარგავთ. უნდა ვიცოდეთ, რა შედეგებს გამოიღებს ესა თუ ის ცვლილება. შემიძლია მოგიყვანოთ უამრავი ქვეყნის მაგალითი, სადაც წლობით მიმდინარეობდა განათლების რეფორმა. „ქართულ ოცნებას“ აქ უნდა, რომ ნახევარ წელიწადში, 3-4 თვეში შეცვალონ ყველაფერი, ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. ალბათ, ანეკდოტად იქცევა მომავალი თაობისთვის, რომ ჰყავდათ მთავრობა, რომელმაც განათლების რეფორმა დაჩქარებული წესით გააკეთა და ამას მოწმობს ის განხილვები, რომელიც საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობდა.
ისიც, რომ მათ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალეს, არის იმის ინდიკატორი, რომ არცერთ კვლევას, არცერთ ანალიზს არ ეფუძნება მათი მუშაობა. ასე ქაოსურად ცვლიან გადაწყვეტილებებს. ეს ამჟამად ვერ გაიტანეს, მაგრამ მგონია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაუბრუნდებიან, რადგან რეალურად, ამ რეფორმის მიზანი არ გახლავთ განათლების ხარისხის გაზრდა. განათლების ხარისხი მართლაც გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ესეც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქ არის სხვა მიზანი - პირველ რიგში, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, კორუფციული მიზნები, შენობები, მიწები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებს ბალანსზე გააჩნიათ“, -განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
"ინტერპრესნიუსი"