"რატომ მაკითხებთ 40 ტომს, მათ შორის, ეკა გიგაურის და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩვენებებს? შეგეძლოთ ლენინის 40 ტომი მოგეტანათ ასეთივე წარმატებით" - ნიკა გვარამია სასამართლოზე
რას მედავებით ის მითხარით... ერთადერთი გავიგე ქმედებებიდან, რომ მიშამ ზვიგენზე დაწერა, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მას აღნიშნულზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რეპლიკით უპასუხა - „ან ზვიგენმა დაწერა მიშაზე”.
ნიკა გვარამიას განმარტებით, 40-ტომიან საქმეში არ არის მითითებული, კონკრეტულად თუ რა განახორციელა მან. იგივე პოზიცია აქვს სხვა ბრალდებულებასაც.
„პირველი საქმე არაა ჩემი და ასეთი საქმე არაა პირველი, რომელიც ვიცი. მიშას [სააკაშვილს] ჰქონდა საოცრებები, ჩემი საქმეებიც არანაკლები საოცრებები იყო, მაგრამ ეს საქმე, დედას გეფიცები, 40 ტომი ხომ არის, ვეძებე, სადაც ქვემდებარეა ნიკა გვარამია და შემასმენლით ახორციელებდა დანაშაულს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბრალის დადგენილებაში დისპოზიციური ზმნებია. რომელ მტკიცებულებებზე უნდა ვიმსჯელოთ? გულწრფელად გეუბნებით, 40 ტომში სულ ორი წინადადებაა, სადაც ნახსენები ვარ და ვთხოვ, ჩემს ადვოკატს წაიკითხოს.
წინა საქმეში, ის მაინც ვიცოდი, დანაშაულად რა ჩათვალა პროკურატურამ, იქ ზმნები მაინც იყო, აქ ზმნებიც არაა, რა გავაკეთე? ორი წინადადებაა და ორივეში წერია, არ ვიცით იდგა თუ არა იქო, მაგრამ სახელი და გვარი ნახსენებია.
რატომ მაკითხებთ 40 ტომს, მათ შორის, ეკა გიგაურის და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩვენებებს? რას მედავებით ის მითხარით, სად ვიდექი თქვენი აზრით და გეტყვით, ვმდგარვარ თუ არა, რა ვთქვი და რა განვახორციელე მითხარით და გეტყვით, ასე იყო თუ არა. შეგეძლოთ ლენინის 40 ტომი მოგეტანათ ასეთივე წარმატებით. როგორ ვიმსჯელო, როცა ამ საქმეში არაფერი კავშირში არაა? ერთადერთი გავიგე ქმედებებიდან რომ მიშამ ზვიგენზე დაწერა",- განაცხადა გვარამიამ, რაზეც მას სააკაშვილმა რეპლიკით უპასუხა - „ან ზვიგენმა დაწერა მიშაზე".
"ინტერპრესნიუსი"