"ვკარგავთ ბაზალეთს, როგორც საკურორტო ზონას" - ნინო ჩხობაძე
საქართველო, მსოფლიოს ანალოგიურად ჭაობების და ტბების გაქრობის საფრთხის წინაშეა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში ქვეყანაში გავაქრეთ ბევრი ჭაობი, რომელიც მტკნარი წყლის ფილტრი იყო.
მსოფლიოს დაჭაობებული ადგილების შესახებ რამსარის კონვენციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 1970 წლიდან მოყოლებული გლობალური ჭაობების, მინიმუმ, 22% არის დაკარგული.
დანაკარგის ძირითადი მიზეზები სოფლის მეურნეობის გაფართოება, უკონტროლო ურბანიზაცია, სამრეწველო საქმიანობა, კაშხლების, გზების მშენებლობა და კლიმატის ცვლილებაა. ანგარიშის თანახმად, წელიწადში ჭაობები, საშუალოდ, 0.52%-ით იკარგება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2050 წლისთვის შესაძლოა, მსოფლიო ჭაობების კიდევ 20% გაქრეს.
ჭაობების გაქრობის საფრთხის წინაშეა საქართველოც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, ჭაობის მნიშვნელობასა და სარგებელზე საქართველოში ბევრმა არ იცის. არადა, მისი თქმით, სწორედ კოლხეთის ჭაობების დამსახურებაა ის, რომ შავ ზღვაში, მხოლოდ საქართველოს სანაპიროზე მოიპოვება თევზი.
„საქართველოში ბევრმა არ იცის ჭაობის მნიშვნელობა და სარგებელი, არადა, მაგალითად, კოლხეთის ჭაობები გარანტიას აძლევენ შავ ზღვას, რომ ის იყოს სუფთა, ამიტომ შედეგი გვაქვს ძალიან საინტერესო - კოლხეთის ჭაობების სისტემა იცავს და აჯანსაღებს შავ ზღვას, მხოლოდ საქართველოს სანაპიროზე მოიპოვება თევზი. ამიტომ შემოდის თურქეთის, უკრაინის გემები ჩვენთან. ის გარკვეული ფილტრია - ის ინარჩუნებს ტბას, წყალს, აძლევს საშუალებას ეკოსისტემას ამოქმედებისთვის.
მეორე მომენტია მტკნარი წყლის ჩამოყალიბებისთვის და ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში არის ისიც, რომ როცა ჭაობი ტბის მაგივრად ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს ეკოსისტემას. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ ბაზალეთის დაჭაობება და გამწვანება არის სერიოზულზე სერიოზული სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მტკნარ წყალს ვკარგავთ, ანუ ვკარგავთ ბაზალეთს, როგორც საკურორტო ზონას. საკმაოდ დიდი პროცენტის მაღალმთიანი ჭაობებისთვის ეს დამახასიათებელი.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჭაობებს ახასიათებს, ეს არის გადამფრენი ფრინველები ანუ ზუსტად ჩვენს ჭაობებზე გადის ევროპული გადამფრენი ფრინველების მიგრაციული გზა და ის ფრინველები, რომლებიც ჩამოდიან და ბინადრობენ, მათთვის ეს არის ბიომასა, რომელიც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ჭაობების ხელოვნური დაშრობაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან დაიწყო.