"რუსები უკრაინის საკვანძო ქალაქებს მიუახლოვდნენ: რა მოხდება მათი აღების შემდეგ?" - The New York Times - კვირის პალიტრა

"რუსები უკრაინის საკვანძო ქალაქებს მიუახლოვდნენ: რა მოხდება მათი აღების შემდეგ?" - The New York Times

აშშ-ის გაზეთის - „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 10 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსები, ერთწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ უკრაინის საკვანძო ქალაქებს მიუახლოვდნენ. რა მოხდება მათი აღების შემდეგ?“ (ავტორი - კონსტან მეთი). „რუსეთის არმიის გაჭიანურებულ და ნელ შეტევას კრემლისათვის გარკვეული შედეგები მოაქვს. უკრაინის თავდაცვა დასუსტებულია და შეიძლება დაირღვეს. თუ რუსეთი სამ მნიშვნელოვან უკრაინულ ქალაქს დაიკავებს, კიევისათვის სიტუაცია გაუარესდება“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო თვეებში რუსეთის არმია წინ ძალიან ნელა მიიწევს, თუმცა უკვე მოპოვებული წარმატებები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებზე მოსკოვისათვის შეიძლება გარკვეული უპირატესობის მიმცემი აღმოჩნდეს, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.

თითქმის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინის ველებზე ბრძოლით წინ მიიწევდნენ, მაგრამ ისე, რომ მათ რომელიმე მნიშვნელოვანი და გამაგრებული ქალაქი არ დაუკავებიათ. ახლა კი, როგორც ჩანს, გაჭიანურებული და დამღლელი შეტევა თავის ნაყოფს გამოიღებს: სამხედრო ექსპერტებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, უახლოეს კვირებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, სამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს - გულიაიპოლეს, კრასნოარმეისკს (პოკროვსკს) და დიმიტროვს - აიღებს, რომლის შედეგად კრემლი უპირატესობას მიიღებს როგორც შეტევის გასაგრძელებლად, ასევე - მოლაპარაკების დროს.

ექსპერტები თვლიან, რუსეთი ვერ შეძლებს ამ წარმატებების სწრაფ გამოყენებას, უკრაინის შემდგომი ტერიტორიული ექსპანსიისათვის, მაგრამ კრემლს შესაძლებლობა ექნება განაცხადოს, რომ მისი შეტევა შეუქცევადია და რომ უკრაინისათვის უკეთესი იქნება, ახლავე დაეთანხმოს ტერიტორიების გადაცემას, უბრძოლველად, ვიდრე მეტი დაკარგოს რუსეთის სამომავლო შეტევის შედეგად.

რუსები სამხრეთში: გულიაიპოლედან ზაპოროჟიესკენ

რუსეთის არმიის მოქმედება კიევისთვის ყველაზე მეტად სახიფათოა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დამოუკიდებელი დამკვირვებლების, მაგალითად, უკრაინელი ოფიცრის, კაპიტან დიმიტრი ფილატოვის (გვარი შეცვლილია) მიერ მოპოვებული მონაცემებით, რომელიც ამ რაიონში მიმდინარე საომარ ოპერაციებში მონაწილეობდა, ქალაქი გულიაიპოლე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის არმიის დასაყრდენ ბაზად ითვლებოდა, თითქმის მთლიანად რუსეთის არმიის კონტროლქვეშ იმყოფება.

კაპიტან ფილატოვის ტექსტური შეტყობინებების მიხედვით, უკრაინის ქვედანაყოფები გულიაიპოლეში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რამდენიმე შენობას, მაგრამ ქალაქის აბსოლუტური ნაწილი - 95% - მთლიანად რუსების ხელშია გადასული.

გულიაიპოლე, რომლის მოსახლეობა ომის დაწყებამდე 12 ათას მცხოვრებს აღწევდა, უკრაინის არმიისათვის ამ რაიონში ერთ-ერთ ბოლო საყრდენ ბაზას წარმოადგენდა. ამ ქალაქის მიღმა, დასავლეთით, უკვე გაშლილი მინდვრებია და, სამწუხაროდ, უკრაინის ჯარებს არც ერთი გამაგრებული ხაზი არ აქვთ, რომ რუსების წინსვლა შეაჩერონ.

გულიაიპოლედან ზაპოროჟიემდე სულ რაღაც 65 კილომეტრია ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები მალე უკრაინის ერთ-ერთ მსხვილ საოლქო ცენტრს მიუახლოვდებიან (700-ათასიანი მოსახლეობით), რომელიც ცნობილია ფოლადსადნობი ქარხნებით. უფრო მეტიც - ზოგიერთ რუკაზე ჩანს, რომ რუსეთის ჯარების მოწინავე ქვედანაყოფები ზაპოროჟიეს სამხრეთ შესასვლელიდან უკვე 25 კილომეტრის დაშორებით არიან. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსების ასეთი სიახლოვე ძალიან სახიფათოა ქალაქისათვის, მათ უკვე შეუძლიათ წარმატებით გამოიყენონ დამრტყმელი დრონები, რაც მოსახლეობისათვის სადღეღამისო უწყვეტი დაბომბვების მომასწავებელია.

ანალიტიკოსების თქმით, რუსების არმიის წინსვლა ამ რეგიონში გამოწვეულია უკრაინის არმიის სუსტი თავდაცვით - იმდენად, რამდენადაც კიევი უფრო მეტ ყურადღებას დონბასის ქალაქების შენარჩუნებას უთმობს. თუმცა, სამწუხაროდ, უკრაინის არმიის მდგომარეობა არც დონბასში არ არის სახარბიელო.

პოკროვსკი და მირნოგრადი - დაცემის ზღურბლზე

დონბასში უკრაინის სარდლობა მთავარ ყურადღებას პოკროვსკის (კრასნოარმეისკის) და მირნოგრადის (დიმიტროვის) თავდაცვას უთმობს. ამ ორივე ქალაქის მოსახლეობა ომამდე 100 ათას მცხოვრებს აღწევდა. პირველ ეტაპზე უკრაინის არმია წინააღმდეგობას უწევდა მტერს და დრონების გამოყენებით რუსების შეტევა საკმაოდ დააყოვნა.

რუსეთის არმიამ ამ მიმართულებით ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოსკოვი თვლის, რომ კიევს უფრო მალე გამოელევა ძალა, ვიდრე თვითონ - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი არმიის შესავსებად. რუსებმა რამდენჯერმე კიდევაც დაიკავეს პოკროვსკისა და მირნოგრადის მნიშვნელოვანი ნაწილები, მივიდნენ კიდეც ქალაქების ცენტრამდე, მაგრამ უკრაინელებმა მათ უკან დაახევინეს.

მაგრამ კრემლი ჯიუტად ცდილობს, ისევ დაიბრუნოს ქალაქები და თუ ის ამას მოახერხებს, შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ადგილობრივი საავტომობილო გზები და რკინიგზები, ასევე, შეუძლია დრონების მეშვეობით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს უკრაინის არმიის უკანდახეულ ქვედანაყოფებს.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times

უნდა დაუთმოს თუ არა უკრაინამ რუსეთს ტერიტორია? - რას ფიქრობს "ღონემიხდილი უკრაინელი ხალხი"? (The New York Times)

"ირანის რეჟიმში ბზარები ჩნდება": ყოფილი პრეზიდენტის მძიმე "წინასწარმეტყველება" - რას წერს The Daily Telegraph-ი?

"სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph

კონსტანტინოვკა - რუსეთის არმიის მომდევნო სამიზნე?

სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ პოკროვსკისა და მირნოგრადის აღება მოსკოვს მნიშვნელოვან პლაცდარმს მისცემს ჩრდილოეთით შეტევის განვითარებისათვის, დონბასის სრულ გასაკონტროლებლად. დღეისათვის კრემლი დონბასის სამ მეოთხედს აკონტროლებს.

შეტევის ძირითადი სამიზნე, დიდი ალბათობით, ქალაქი კონსტანტინოვკა გახდება, რომელიც სამხრეთის კარს წარმოადგენს, ერთმანეთზე მიწყობილი მეზობელი ქალაქებისათვის. კონსტანტინოვკის თავდაცვითი ზღუდე უკრაინის არმიის ბოლო გამაგრებული ხაზია და თუ ქალაქი დაეცემა, კრემლი დიდ უპირატესობას მიიღებს.

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსების მიახლოება კონსტანტინოვკასთან იმდენად დიდი საფრთხის მომტანია, რომ ქალაქის გარნიზონის მომარაგება იარაღით და სხვა სახის სამხედრო ტვირთებით საგრძნობლად გართულდება. ამიტომ, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, გარნიზონის მეთაურობამ ახლავე დაიწყო იმის მცდელობა, რომ ტვირთები რობოტიზებული სატრანსპორტო საშუალებებით გადაიტანონ, დისტანციური მართვით.

თუ რუსეთის არმია კონსტანტინოვკის გარეუბნებს მიუახლოვდება და მას დაპყრობით დაემუქრება, ეს უკრაინული დიპლომატიისათვის დიდ პრობლემად გადაიქცევა: მოლაპარაკების დროს „დამოკლეს მახვილის“ როლს შეასრულებს. აშშ-ის პრეზიდენტს ისევ შეუძლია გაიმეოროს მოსკოვის არგუმენტი, რომლის მიხედვით, სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში, უკრაინამ ტერიტორია უნდა დათმოს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი სისხლისღვრა და დანაკარგები.

გავიხსენოთ, თუ რა ურჩია დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დეკემბერში, შეხვედრის დროს: „განა თქვენთვის უკეთესი არ იქნება, რომ შეთანხმება ახლავე გააფორმოთ?“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო