"საშინელება მოხდა, მძღოლი გასწრებას ცდილობდა და..." - რუსთავი-ლილოს გზაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას, სამწუხაროდ, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და ამ დროს ტრაილერს შეეჯახა. ერთ-ერთი დაღუპული 35 წლის ზაურ ალიევია. ასევე, დაღუპულია, სავარაუდოდ, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი და მძიმე მდგომარეობაშია ზაურ ალიევის ძმა, რაიმონ ალიევი. როგორც ცნობილი ხდება, ამ ავარიის დროს დაზიანდა კიდევ ერთი ავტომობილი, თუმცა იმ მანქანაში მყოფები, საბედნიეროდ, გადარჩნენ. რა გახდა ამ უმძიმესი ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
როგორც ჩვენთან საუბარში მათი ახლობელი ამბობს, ისინი დილით რუსთავიდან ლილოში, სამუშაოდ მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება.
“საშინელება მოხდა. დაღუპულები რუსთავში ცხოვრობდნენ, გარდაცვლილია 35 წლის ზაურ ალიევი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მშრომელი. ძმებს ლილოში საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. ისინი ერთად მიდიოდნენ დღეს დილით სამსახურში და ამ დროს დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც შევიტყვე, მეორე ძმა რეანიმაციაშია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ვერ ვიჯერებ ზაურის გარდაცვალებას.
როგორც გავიგეთ, სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში, ეტყობა სხვებიც მიჰყავდათ სამსახურში და ლილოს გზაზე დატრიალდა ტრაგედია. კადრებში ჩანს, რომ ზაურის მანქანაა. როგორც ვიცით, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრია გარდაცვლილი. ეს თავზარდამცემი ამბავი ცოტა ხნის წინ გავიგეთ და ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ზაური აღარ გვყავს. ორივე ძმები დაოჯახებულები არიან, ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავთ, პატარები. ძალიან განვიცდი მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.