რუსეთ-უკრაინის ომის ორი სცენარი და მთავარი კითხვა: დაიწყებს თუ არა ევროპა პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს?!
კვირის ბოლოს, როდესაც აშშ-უკრაინა-რუსეთის მხარეებმა აბუ-დაბიში შეხვედრების მეორე რაუნდის დასრულება გამოაცხადეს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კირილო ბუდანოვმა მოლაპარაკებებს "კონსტრუქციულიც" კი უწოდა, მოსკოვმა ღამით კიევისკენ 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, რასაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებაზე ზელენსკის მკაცრი განცხადება მოჰყვა. მოსკოვში კი დაჭრეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი ვლადიმირ ალექსეევი. ლავროვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და ამას "მოლაპარაკებების ჩაშლის ცდა" უწოდა. ეს დისონანსი - ერთი მხრივ, დიპლომატიური ხელის ჩამორთმევა და მეორე მხრივ, აფეთქებების ხმა ზუსტად აღწერს იმ პარადოქსულ რეალობას, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომი შევიდა და რა იქნება, კაცმა არ იცის.
რას აჩვენებს მიმდინარე პროცესები, რომელი სცენარია ყველაზე მეტად მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ვაშინგტონი გადააქციოს განახლებული სამხედრო დიალოგი პოლიტიკურ შედეგად, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.
- რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მინიმალურზე მინიმალური შედეგები აქვს. ერთადერთი წინსვლა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა და აშშ-ისა და რუსეთის გარკვეული სამხედრო დიალოგის აღდგენაა, სხვა საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ყველა მიმომხილველი და ასევე რუბიოც პესიმისტურად არიან განწყობილი და ზავის მიღწევის პერსპექტივა სიტუაციიდან გამომდინარე უიმედოდ მიაჩნიათ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მსოფლიოს ყურადღება ამჟამად ირანის საკითხზეა გადართული, სადაც სამხედრო ძალის მობილიზება და პოლიტიკური ლიდერშიპის კონცენტრაციაა, რის გამოც უკრაინის საკითხის გარკვეულ იგნორირებას ვხედავთ.
თუმცა ამ ფაქტორის გარეშეც ომის დამთავრების საქმეში წინსვლა არ შეინიშნება. ევროპელები, კერძოდ, გერმანელები, აცხადებენ, რომ რუსეთთან ცალკე მოლაპარაკების არხებს არ გახსნიან, რათა არ დაირღვეს დასავლური სოლიდარობა ამერიკასთან. ამ ფონზე ემანუელ მაკრონმა წამოიწყო ინიციატივა პუტინთან პიროვნულ დონეზე დიალოგის აღსადგენად, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან რუსეთთან მხოლოდ დიპლომატია, როგორც ბევრჯერ დამტკიცდა, შედეგს არ იძლევა.
საინტერესოა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთი შეიარაღებაზე კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. 2025 წელს რეალური სამხედრო ხარჯები ოფიციალურზე ბევრად მეტი იყო და დაახლოებით 250 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სახელმწიფო დანახარჯების თითქმის ნახევარი და მშპ-ის 10%-ია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დღეს სრულად სამხედრო ეკონომიკაზეა გადასული, თუმცა ასეთი ტემპის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. საშუალოვადიან პერსპექტივაში თავად რუსეთიც დაინტერესებულია ომის დასრულებით ან სამხედრო მოქმედებების მასშტაბის შემცირებით. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სანქციები ნელა მოქმედებს და იანვარში ნავთობიდან შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რუსეთს დღეს მაინც აქვს სამხედრო უპირატესობა, განსაკუთრებით დრონების წარმოებაში. ამ უპირატესობის გამო გასულ წელთან შედარებით უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მართალია, ფრონტის ხაზზე რუსები სწრაფად ვერ მიიწევენ, მაგრამ დიდ ზიანს აყენებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს დაღლის ომია, სადაც უკრაინას ძალიან უჭირს, რადგან ამერიკა და ევროპა მას საკმარისად ვეღარ ეხმარებიან. ორივე მხარეს შეინიშნება ომით გადაღლილობა, თუმცა რუსეთი ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელებით უკეთეს პირობებს მიიღებს, უკრაინას კი ისეთი გარანტიები სჭირდება, რომ ომის შეწყვეტა რუსეთმა ძალის მოსაკრებად და მომავალში უფრო მეტი ტერიტორიის წასართმევად არ გამოიყენოს.
ასევე დაგაინტერესებთ: "სასოწარკვეთილი პუტინი ომის გზის დასასრულს მიუახლოვდა: რუსეთს „საზარბაზნე ხორცად“ ჯარისკაცები არ ჰყოფნის" - The Sunday Telegraph
"აქამდე გექნათ! ილონ მასკის „სტარლინკის“ კოდირებამ რუსი ოკუპანტების იერიშები ჩაშალა..."
თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?!
- ფაქტია, არც ერთი მხარე არაფერს თმობს. ამ ვითარებაში პროცესების განვითარების რა სცენარები არსებობს?
- ვითარება რთულია, რადგან ეს არის კლასიკური გამოფიტვის ომი, სადაც წაგებული იქნება ის მხარე, რომელიც უფრო მალე დანებდება. ყველაზე ლოგიკურ სცენარად შეიძლება მივიჩნიოთ პროცესის გადაქცევა გაყინულ კონფლიქტად, სადაც სამხედრო მოქმედებები შენელდება და ფრონტის ხაზი სტატიკური გახდება, მეორე შესაძლო სცენარი კი ომის დასრულებაა უფრო სტაბილური ზავითა და შეთანხმებით, თუმცა ამისთვის უკრაინა კატეგორიულად მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ უკრაინას ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიებს არავინ აძლევს. ამერიკელები პირდაპირ გარანტიებზე თავს იკავებენ და უკრაინას სთავაზობენ, რომ ჯერ ომი დასრულდეს, მოხდეს დონბასის იმ დარჩენილი ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდეს უსაფრთხოების მექანიზმები. უკრაინელებს ამ დაპირებების არ სჯერათ, ევროპელები კი საერთოდ ჩუმად არიან, არ სურთ საკუთარი ჯარების ჩაყენება რეგიონში ომის დასრულებამდე.