მამუკა არეშიძის სენსაციური განცხადება: "მსოფლიოს ფინანსურმა ელიტებმა სერიოზული შეხვედრები გაიმართეს, მათ შორის იყვნენ ქართველებიც" - რა ხდება თბილისსა და ვაშინგტონს შორის?!
ვინ როგორ გამოიყენებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ შესაძლებლობებს, როგორი იქნება საქართველოს როლი ახალ რეალობაში, ამ საკითხებზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ჩვენს რეგიონში, ერთი მხრივ, ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩინა, მეორე მხრივ კი რეგიონის კონტროლისთვის დიდი მოთამაშეების ბრძოლა გაააქტიურა. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გადის ორი მთავარი სატრანსპორტო კვანძი: ერთი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მეორე - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. სწორედ ეს უკანასკნელი გზა გადის ირანის ტერიტორიაზე და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად.
- აშშ-სა და ირანს შორის ომანის დედაქალაქ მასკატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ არსებობს კოორდინაცია, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და რომ თეირანი მხოლოდ ბირთვულ საკითხს განიხილავს. როგორ ფიქრობთ, რეგიონში ახალი ომის საფრთხე აღარ არსებობს?
- დონალდ ტრამპისა და აბას არაღჩის განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ მხარეებს უნდათ პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა. ამიტომ არ ილაპარაკეს რიგ საკითხებზე, მათ შორის პეტერბურგ-მუმბაის გზაზეც. როგორც ჩანს, არ ილაპარაკეს იმ საკითხებზეც, რომლებიც ისრაელის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა მოლაპარაკების პროგრამაში - ეს არის ირანის სარაკეტო რესურსების შეზღუდვა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ეტაპზე საომარი დაპირისპირება თავიდან არიდებულია, თუმცა მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია.
- საზოგადოებაში განიხილება ვერსია, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არასაკმარისი დისტანცირებაა, ასევე ირანის ხელისუფლებასთან მეგობრობა. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს?
- ვაშინგტონი, როგორც წესი, მოქმედებს კონკრეტული საკითხების მიხედვით - უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობა, ენერგეტიკა, სამხედრო თანამშრომლობა. ამიტომ გადამწყვეტი იქნება არა განცხადებები, არამედ რეალური ნაბიჯები. საქართველოსა და ირანის ხელისუფლებებს შორის არანაირი ოფიციალური ან მეგობრული ურთიერთობა არ არსებობს. ასეთი შინაარსის სპეკულაციები ოპოზიციის ლიდერებმა ირაკლი კობახიძის ირანში ერთ-ერთ ვიზიტს დაუკავშირეს.
ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ოფიციალურ ერევანსა და თეირანს შორის ურთიერთობა ძალზე მჭიდრო და სტრატეგიულია, მაგრამ სომხეთი ამერიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა, სადაც ყველანაირად ცდილობს გავლენის გაზრდას. ფაშინიანისთვის არასდროს წამოუყენებიათ ირანთან ურთიერთობის შეწყვეტის პირობა. ამერიკელები ყოველთვის პოლიტიკური მიზნებიდან და ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
- მაშინ პრობლემა რაში მდგომარეობს?
- ერთი რამ ზუსტად ვიცი - დეკემბრის მიწურულს ერთ-ერთ ქვეყანაში მსოფლიოს მაღალი დონის ფინანსურ ელიტებს შორის სერიოზული შეხვედრები გაიმართა, მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც. რა გადაწყდა, ვერ გეტყვით, მაგრამ შეხვედრა რომ გაიმართა, ზუსტად ვიცი.
- თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა. შეიძლება ამ ამბავს უკავშირდებოდეს?
- რასაკვირველია, შეიძლება უკავშირდებოდეს. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა უაღრესად ცინიკურია, ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობს. თუ საჭირო შეიქნა, გადაიდგმება ესა თუ ის ნაბიჯი, იმის მიუხედავად, როგორი ბიოგრაფია აქვს ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელს. როგორ ფიქრობთ, ევროპელებისგან განსხვავებით, რატომ დუმს ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით? რატომ ჩავარდა სენატში ერთიმეორის მიყოლებით უილსონის პროექტები? საერთოდ არ აინტერესებთ, საქართველოს როგორი ორიენტაცია აქვს. მთავარი ის არის, როგორ შევასრულებთ ამერიკის მოთხოვნებს კონკრეტულ საკითხებზე.