"ისე ხდებოდა, რომ მე კუკარაჩაში ვეშლებოდი ხალხს, ლევან უჩანეიშვილი კი მირზა გელოვანი ეგონათ... ჩვენ ერთად არასოდეს გადაგვიღია ფოტო, მაგრამ..." - რეზო ჩხიკვიშვილი "შესანიშნავ ოთხეულზე"
"ვისურვებდი, ეს შესანიშნავი ოთხეული (თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომდის) მალე შევხვედროდეთ თეატრის სცენაზე ან კინოში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა სიხარულით აავსებდა ჩვენს გულებს და კიდევ უფრო გაახარებდა, გააბედნიერებდა ჩვენს საყვარელ ქართველ მაყურებელს"
ცოტა ხნის წინ ფოტო - "შესანიშნავი ოთხეული" გავრცელდა, რომელმაც სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა და 100-ათასობით მოწონება, გაზიარება ჰქონდა...
ამ ფოტოსთან დაკავშირებით რეზო ჩხიკვიშვილმა გერმანიიდან მოგვცა ინტერვიუ...

- ამ ფოტოს გამოჩენამ გულწრფელად ძალიან გამახარა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი დააგროვა, არამედ იმიტომ, რომ ხალხის სიყვარული და კეთილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა...
სამივესთან მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს. მართალია, ჩვენ ოთხივეს ერთად არასოდეს გადაგვიღია ფოტო, ეს ფოტო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაგრამ ჩვენი გზები შემოქმედებითად არაერთხელ გადაკვეთილა და გულწრფელად ვგრძნობ, რომ ყველაფერი, რასაც ერთად ვაკეთებთ, მაყურებელთა გულებში დიდი სიყვარულით აირეკლება.
ლევან უჩანეიშვილი ჩემი უფროსი შვილის, სანდროს ნათლიაა, ხოლო მერაბ ნინიძე - უმცროსის - ლევანის. ეს კავშირები მხოლოდ პროფესიულს სცდება და ადამიანურ სითბოს, ნდობას ეფუძნება.
ძალიან თბილად მახსენდება ზურა ყიფშიძესთან შემოქმედებითი გადაკვეთა. ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი ზაზა ბუაძის ფილმში - „კედელი“, სადაც ჩვენ ორს გარდა კიდევ მონაწილეობდნენ რამაზ ჩხიკვაძე, ზეინაბ ბოცვაძე, მურმან ჯინორია, ვახტანგ ფანჩულიძე, მაია ტურიაშვილი, ოტო გორთამაშვილი, გივი ჩუგუაშვილი და სხვები... ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფართო მაყურებლამდე ვერ მივიდა, რადგან ეს იყო გადაღებული 1980-90 წლებში.
ასევე საინტერესო და დასამახსოვრებელი გადაკვეთა გვქონდა ტელესერიალში "27 დრაკონი" და სამი წლის წინ, ხათუნა ვაშაძის ფილმში - "ეშმაკის სამოთხე". ფილმმა უამრავი პრიზი მიიღო, ერთ-ერთი იყო - საუკეთესო მსახიობთა ნამუშევარი.
ჩემი და მერაბ ნინიძის დაახლოება მოხდა ქეთი დოლიძის ფილმში - "ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა" (ევრიდიკე 1991)

შემდეგ ცხოვრებამ მე გერმანიაში წამიყვანა, მერაბი კი ავსტრიაში აღმოჩნდა. სულ მქონდა ნატვრა, იქნებ ოდესმე ისევ ერთად მოვხვედრილიყავით გადასაღებ მოედანზე. დიდი პაუზის შემდეგ ეს სურვილიც ახდა - ორივემ ვითამაშეთ სერიალში "ბოლო სეზონი". მართალია, ერთმანეთის პარტნიორები არ ვიყავით, მაგრამ ერთს და იმავე პროექტში მონაწილეობა მაინც სიმბოლური და სიხარულის მომტანი იყო.

მე და ლევან უჩანეიშვილი კი ზურასა და მერაბისგან განსხვავებით, სტუდენტობის წლებიდან ერთად მოვდივართ და ვმეგობრობთ. სანამ საქართველოს დავტოვებდით, ჩვენი მეგობრობა ძალიან ინტენსიური იყო. ერთმანეთის პრემიერებზეც ყოველთვის დავდიოდით.
რატომღაც ხშირად ერთმანეთს გვამსგავსებდნენ. თითქმის ერთდროულად ვითამაშეთ ფილმებში: მე მირზა გელოვანის როლში, მერაბ თავაძის - „მე დავბრუნდები“, ლევანმა ქეთი დოლიძის ფილმში - „კუკარაჩა“.

ფილმების გამოსვლის მერე ისე ხდებოდა, რომ ლევანს მირზა გელოვანს ეძახდნენ, მე კი კუკარაჩაში ვეშლებოდი ხოლმე ხალხს. სამჯერ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. პირველად ახალგაზრდობაში, სოფლის მაღაზიაში. გასტროლებზე მივდიოდით და სოფლის მაღაზიაში შევიარე. უცებ, გამყიდველ ქალს სიხარულისგან წივილ-კივილი აუტყდა, ციალა, მოდი ჩქარა, ვერ წარმოიდგენ, ვინ გვეწვია, მოდი, მოდი, გოგო, თავად ლევან უჩანეიშვილია აქო.. მე დავრჩი გაოგნებული, რა უნდა მეთქვა?! გავატარე, არ გავუწბილე ქალბატონს სიხარული.

მეორედ, რამდენიმე წლის წინ, ესენში, სპექტაკლის შემდეგ ორ ქართველ გოგონასთან ერთად მოვდიოდი ამაყად, უცებ ერთი ახალგაზრდა ბიჭი წამომეწია, დამინახა თუ არა, უცებ აღელვებისგან ენა დაება. ეტყობოდა, რომ დიდი ხანია უნდოდა თავისი სიყვარული გამოეხატა უსაყვარლესი არტისტისადმი. მე კი ახალგაზრდა არტისტებში „მარკა“ მქონდა ასაწევი. ვისმენ, ვისმენ და ბოლოს ამბობს, ბატონო ლევან, ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ, რას წარმოვიდგენდი, აქ თუ გნახავდითო... კიდევ ერთხელ გავატარე ლევანის დაძახება უკვე საერთაშორისო მასშტაბით.

მესამედ შარშან იყო, გადასაღებ მოედანზე ქალაქ ფოთში, სადაც სერიალს „ბოლო სეზონი“ ვიღებდით. შესვენების დროს, მამამ შვილს ჩემთან, როგორც ცნობილ არტისტთან ფოტო გადაუღო, თან მეგრულად ეუბნებოდა, ეს ხომ იცი, ვინ არისო... ბავშვი შეჰყურებდა, ვერ მიცნო, თავი გაუქნია, არა, არ ვიციო, როგორ არ იცი, ეს ხომ კუკურაჩა არისო, ანუ ლევან უჩანეიშვილიო...
აქ ვიფიქრე, კაცო, სინდისიც კარგი საქონელია, ნამდვილად ვეღარ გავატარებ-მეთქი და მამა-შვილს ვუთხარი, მე ვარ რეზო ჩხიკვიშვილი... რომელიც სამჯერ ლევან უჩანეიშვილი ეგონა ხალხს... შეიძლება იმიტომ ვეშლებოდით მე და ლევანი, რომ ფილმებში ორივეს სამხედრო ტანსაცმელი გვეცვა, (უნიფორმა) სხვადასხვა ფერის, მაგრამ მაინც.
ვისურვებდი, ეს შესანიშნავი ოთხეული (თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომდის) მალე შევხვედროდეთ თეატრის სცენაზე ან კინოში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა სიხარულით აავსებდა ჩვენს გულებს და კიდევ უფრო გაახარებდა, გააბედნიერებდა ჩვენს საყვარელ ქართველ მაყურებელს.
(სპეციალურად საიტისთვის)