" ნიღაბი მომხსნეს, გამლახეს, ფორმა შემომახიეს და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო...ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან - გური ჟვანია" - პოლიციელი ლაშა ჯუღელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - კვირის პალიტრა

" ნიღაბი მომხსნეს, გამლახეს, ფორმა შემომახიეს და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო...ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან - გური ჟვანია" - პოლიციელი ლაშა ჯუღელი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ გამლახეს, ფორმა შემომახიეს და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო, 15 კაცამდე მირტყამდა, ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან - გური ჟვანია, - ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯუღელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. სამმართველოს უფროსის ჩვენების მიხედვით, მას აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც თავში დაზიანება მიიღო.

„დაახლოებით, 19:00 საათისკენ გადმოიცა რაციაზე, რომ მომიტინგეები პრეზიდენტის სასახლისკენ აპირებდნენ ჩასვლას და მზადყოფნაში ვიყავით, შემდეგ რაციაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასახლეში შეჭრას აპირებდნენ, თან ინტერნეტშიც ვუყურებდით ამ ყველაფერს.

სასახლესთან ხალხი დაგვხვდა, შევჩერდით, სასახლემდე არ მისული დაგვიწყეს ქვების, ჯოხების სროლა, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვაგინებდნენ, ჩემი ბევრი თანამშრომელი დაზიანდა.

ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, თავშიც, თითქმის ყველგან მომხვდა, 15 კაცამდე მირტყამდა“, - განაცხადა ჯუღელმა.

პროკურორის კითხვაზე, თუ ახსოვს პირები, რომლებიც მას გაუსწორდნენ, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გური ჟვანია ამოიცნო.

„დაახლოებით, 15-ადამიანამდე მირტყამდა, ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან, 50 წელს ზემოთ, ჩემზე ოდნავ მაღალი - გური ჟვანია. ის ამოვიცანი ვიდეოზე, სახეზე მახსოვდა, დარწმუნებული ვარ, მე როგორც გამლახეს, ისე რომ გაელახათ სხვა ვინმე, ისიც დაიმახსოვრებდა.... ვიდეოშიც ჩანს, წაქცეულზე ფეხს მირტყამს... ჩვენ პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ვცდილობდით, რათა მომიტინგეები იქ არ შესულიყვნენ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ, დაგვიზიანეს ყველაფერი",- განაცხადა ჯუღელმა.

გური ჟვანიას ადვოკატის, ნათია კორკოტაძის ერთ-ერთ კითხვაზე, რადგან მას ნიღაბი ეკეთა, თან ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, როგორ ამოიცნო ჟვანია, პოლიციელმა ასე უპასუხა:

„თქვენ ვიდეო ნანახი გაქვთ? ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ გამლახეს, ფორმა შემომახიეს, კონკრეტულად თუ გაინტერესებთ და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო. ფორმა რომ გამხადეს, მაისურის გახდასაც ცდილობდნენ, „5.11“ მაისური მეცვა, სამხედროა და ფორმა ეგონათ, შემომახიეს“, - განაცხადა ჯუღელმა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის კითხვაზე, თუ რატომ ეკეთა პოლიციელს ნიღაბი, მაგალითად, რამის ხომ არ რცხვენოდა, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„სასირცხვილო არაფერი გვაქვს პოლიციელებს, პირიქით, მეამაყება პოლიციელი რომ ვარ და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას ვიცავ, ნიღაბი იმის გამო არ მეკეთა, რომ რამის მრცხვენოდა. ნიღბის გაკეთების გადაწყვეტილება პირადად მივიღე და მეკეთა, სანამ არ მომხსნეს“, - განაცხადა პოლიციელმა.

თუთბერიძის კითხვაზე, თუკი, დაზიანება მიიღო, რატომ არ მივიდა ექიმთან, პოლიციელმა უპასუხა, რომ „ზოგადად, ექიმებთან არ დადის“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა