ომბუდსმენობის კანდიდატი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე - კვირის პალიტრა

ომბუდსმენობის კანდიდატი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე

"სახალხო დამცველობა ჩემთვის თვითმიზანი არ არის, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე ვდგები, მიჩნდება ადამიანური ვალდებულება, რომ უკან არ დავიხიო და ადამიანის უფლების დასაცავად ქმედითი ღონისძიებები მივიღო", - ამბობს ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ომბუდსმენობის ინსტიტუტს თავის 17-წლიან ისტორიაში მეხუთე სახალხო დამცველი ეყოლება, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვისზე შეაჩერებს არჩევანს ქართველი საზოგადოება. ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ სფეროში არსებულ პრობლემებს ასე უყურებს:

- სახალხო დამცველის არჩევის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება. მისი წარდგენის უფლება გააჩნია პრეზიდენტს ან საპარლამენტო ფრაქციას. ბატონი გიორგი ტუღუშის ამ თანამდებობაზე დანიშვნას თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს პროცესი არაგამჭვირვალედ წარიმართა. ყველასთვის მოულოდნელად ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა მისი კანდიდატურა, რომლის შესახებაც იქამდე არავინ არაფერი იცოდა, არაფერს ვამბობ მის მიმართ ნდობის რეიტინგზე. ისე კი, სახალხო დამცველმა ნაკლები უნდა იაროს უცხოეთში მივლინებებში და ციხეებში სასტიკად ნაწამები პატიმრების შესახებ, წლის ბოლოს კი არ უნდა ვიგებდეთ, საზოგადოებას ყოველი კვირის ბოლოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია...

საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩემი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა, როცა გლდანის #8 დაწესებულების კადრები გავრცელდა, მაშინ პატიმრების მშობლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

- ეს თქვენი ღობეზე გადაძრომის შემდეგ მოხდა?

- (იცინის) დიახ, მაშინ იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი. სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებულ ბადრი ნავრაშოვმა (მისგან მაქვს უფლება მისი ვინაობა დავასახელო), ორივე ხელზე ცენტრალური არტერია გადაიჭრა, რადგან ციხის ადმინისტრაცია ფიზიკურად უსწორდებოდა და ფსიქოლოგიურად ატერორებდა. მისი ახლობლები შიშობდნენ, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. როცა მის ახლობლებსა და ციხის ადმინისტრაციას შორის შელაპარაკება მოხდა, ვთხოვე ადმინისტრაციას, ციხეში პატიმრის სანახავად შევეშვი, მიპასუხეს, განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთო. შემდეგ უარი მითხრეს და იძულებული გავხდი, ღობით მესარგებლა...

თანამშრომლების მხრიდან წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ პარლამენტის წევრობის იმუნიტეტმა "იმუშავა" და ვერ შემაჩერეს. თან იქ მყოფ ხალხში უკმაყოფილების ტალღა გაიზარდა, ციხის თანამშრომლები ვითარების გამწვავებას მოერიდნენ... ნავრაშოვმა ისეთი საშინელი ამბები მიამბო, როცა ყველაფერი დალაგდება, ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე მოვყვები. ის წლების განმავლობაში, ციხის ე.წ. "აბსლუგაში" მუშაობდა და დეტალურად მიამბო დელიანიძის, დუმბაძის, ბარათაშვილის წამების გარემოებები. მითხრა, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდა ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს და "მთავარი გმირები" - ციხის თანამშრომლებიც დაასახელა.

იქაური ამბები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ ყველანაირ ადამიანურ ფანტაზიას სცილდება ის ფაქტები, რაც ციხეში ხდებოდა. თანამშრომლებს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ჩაჰყავდათ პატიმრები, გასკოჩილებს გასაკვეთ მაგიდაზე დააგდებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ხან აუპატიურებდნენ კიდეც...

არავის ეგონოს, რომ ამ თემას სხვა მოვლენები გადაფარავს. როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დაიწყება, ყველაფერი გამოაშკარავდება.

ისე კი, ციხეში არსებული პრობლემები პატიმრების წამებით არ დასრულებულა, არც ერთ უწყებას არ აქვს აღრიცხული მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების რაოდენობა, რომლებიც სასჯელს ჯანმრთელობის გვერდით იხდიან. არადა, ასეთ პატიმრებს კანონით, სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება ეკუთვნით.

- თქვენს განცხადებას სექსუალური უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რას იტყვით ამაზე?

- ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, - მე არ ვარ ჰომოფობი, ამ სიტყვის კლასიკური განმარტებით და არ მაქვს შიში, ცისფერების, ლესბოსელებისა და ტრანსვესისტების მიმართ, მაგრამ არც იმას ვეთანხმები, რომ ეს არის ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის გამოხატულება. რაციონალურად მაქვს წარმოდგენილი, თუ რა არის ადამიანის უფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი სამოქალაქო, გარანტირებული უფლება, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი იცავს, რომელზეც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ მასში ისიც წერია, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფლება, აღზარდონ თავიანთი შვილი ზნეობისა და რელიგიურობის ჩარჩოში, რასაც თავად მისდევენ და საჭიროდ მიიჩნევენ.

ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პიროვნული თავისუფლება, - რაც იმას გულისხმობს, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ უკვე გვაქვს ამის პრეცენდენტი, ფილარმონიასთან გამართული ე.წ. გეიაღლუმი, როცა გამოიყენეს ორი უცხოელი, რომლებიც პირდაპირ 51-ე საჯარო სკოლის წინ გარყვნილი ქმედებით იყვნენ დაკავებული... თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ადამიანის უფლებების შელახვა არ ყოფილა, საწინააღმდეგოს დავუმტკიცებს. ამ აქციის ორგანიზატორებისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმიდან გადახრა და მის პროპაგანდას თავსმოხვეულ ძალადობად მიიჩნევს. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და მსგავსი ტიპის ადგილებში ასეთი რამ აკრძალული უნდა იყოს. თავიანთ სახლებსა და საძინებლებში, რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ საზოგადოებაში ამის პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს.

- საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ შეხვდებიან ამ ინიციატივას?

- ამოსავალი წერტილი ტრადიციების შენახვაა, რადგან ეს ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელია. დიახ, ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და უნდა ვასრულებდეთ იმ ვალდებულებებს, რასაც ეს ორგანიზაცია გვაკისრებს, მაგრამ არსებობს ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებები და მისგან ნაკარნახევი ვალდებულებები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნეს განხილული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სჭირდება ერს და მისი გათვალისწინებით უნდა მოვიყვანოთYჰარმონიზაციაში საერთაშორისო ვალდებულება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)