"გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!" - ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე - კვირის პალიტრა

"გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!" - ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ.

„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს.

გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!

P.S. საბჭოები ახლა იკრიბებიან“, - წერს ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა