თანაკლასელთა ღვინო წინანდლიდან
"ჩვენ კლასელები ვართ და ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. თელავის რაიონის სოფელ წინანდლიდან გახლავართ. იქაური საჯარო სკოლა 2007 წელს დავამთავრეთ და სხვადასხვა პროფესია ავირჩიეთ, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც მეღვინეობას, ღვინის ინდუსტრიას დავუკავშირეთ", - გვეუბნება შალვა ბატიაშვილი, რომელმაც თანაკლასელთან ერთად ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი და სწორედ ამ ამბავს მოგვითხრობს.

- მე ვარ შალვა ბატიაშვილი, ჩემი მეგობარი, კლასელი და კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ელიზბარაშვილია. თავის დროზე ირაკლი ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, მე - სასურსათო ტექნოლოგიის. მეღვინეობის დაწყების იდეა, პარტნიორობის სურვილი კარგა ხნის წინანდელია. თავიდან პატარა ოცნება იყო, შეკრებისას ხშირად ვსაუბრობდით, თუმცა იდეის ხორცშესხმა მიზეზთა გამო ჭირდა. საბოლოოდ 2023 წელს შევქმენით კომპანია, დავარეგისტრირეთ და დავიწყეთ მუშაობა მეღვინეობის ასპარეზზე.
წინანდალი, მოგეხსენებათ, გამორჩეული ტერიტორიაა, ჯერ კიდევ ალექსანდრე ჭავჭავაძის პერიოდიდან. აქ იწარმოება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "წინანდალი", რომელიც ორი ჯიშის, რქაწითლისა და კახური მწვანის შერევით მიიღება. ამ ტერიტორიაზეა ჩვენი ვენახები და კომპანიაც.
მთავარი ნიუანსი, რაც ქართული მეღვინეობისა და საზოგადოდ, მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, არის ტერუარი. ადგილწარმოშობაზე იმიტომ დავსვი აქცენტი, რომ ტერუარი ნიადაგის, კლიმატური პირობების შერწყმაა. ეს გამორჩეული პირობები განსაკუთრებული ხარისხის ყურძენს ქმნის, რომელიც იმის განმაპირობებელია, რომ მივიღოთ განსხვავებული, გამორჩეული და თავისი ღირსებებით შემკული ღვინო.

- ესე იგი, ყველაფერი ნიადაგითა და კლიმატით იწყება.
- დიახ, და მერე უკვე მოწეული, მოყვანილი ყურძნის ტექნოლოგიაა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საბოლოოდ იმ პროდუქციას, რასაც ღვინო ჰქვია.
- ვენახები თქვენი გაქვთ?
- მე და ჩემს პარტნიორს ჩვენ-ჩვენი ვენახები გვაქვს, სადაც გაშენებულია რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. როცა კომპანია დავაარსეთ, ჩვენივე ვენახების ყურძენი გამოვიყენეთ და დღესაც ვიყენებთ. ყურძენს ნაქირავებ ქარხანაში გადავამუშავებთ. წარმოება მცირეა, თუმცა მთავარი ნიუანსი ის არის, რომ გვქონოდა ხარისხიანი პროდუქტი, ისეთი, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს დააკმაყოფილებდა. ასეთი ხარისხის მიღწევა, ქარხნის პირობების გარდა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
- რატომ? ტრადიციულ ქვევრის მეთოდს არ განიხილავთ?
- კი ბატონო, მაგრამ ნებისმიერი ტექნოლოგიური ხერხით ღვინის წარმოებას შესაბამისი ინვენტარი სჭირდება. რაკი საწყის ეტაპზე იმდენი საშუალება არ გაგვაჩნდა, რომ ის ინვენტარი შეგვეძინა, რითაც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას შევთავაზებდით, ამიტომ გადავწყვიტეთ საწყისი ეტაპისთვის ჩვენი ყურძენი გადაგვემუშავებინა ქარხანაში, სადაც გათვალისწინებულია ის ნიუანსები, რაც ხარისხიან პროდუქტს ქმნის. ყურძენს კლასიკური, ე.წ. თეთრი ტექნოლოგიით ვამუშავებთ, რაც მოიცავს წვენის დუღილს - ყურძნის გამოპრესვასა და მხოლოდ წვენის დადუღებას. ასე მზადდება ღვინო "წინანდალი". ეს არის თვითნადენი, ნაპრესი ფრაქცია, საიდანაც თვითნადენი ფრაქციის დადუღება და მერე კლასიკური ევროპული ღვინის დაყენება ხდება. ეს არის კლასიკური, თეთრი ღვინის ტექნოლოგია. იმავდროულად, გვაქვს საფერავი, რომელიც მოიცავს ყურძნის მაგარ ნაწილებზე დუღილის პროცესს. ეს კლასიკური ტექნოლოგიაა წითელი ღვინისთვის.

თეთრ ყურძენს კახური წესით ვამუშავებთ და ღვინოს ჭაჭაზე დუღილის პროცესით ვაყენებთ. ეს არის მთელი ჩვენი ავლადიდება.
მთავარი ნიუანსი ისაა, რომ ვენახები სოფელ წინანდალშია, განსხვავებულ არეალზე გაშენებული. თავისთავად ეს ღვინოში ძალიან განსხვავებულ არომატიკას ქმნის. ნიადაგსაც დიდი მრავალფეროვნება აქვს. საერთოდ, საქართველოში დაახლოებით 45 ტიპის ნიადაგია. თვითონ წინანდლის მიკროზონაც სხვადასხვა ნიადაგად არის დაზოლილ-დაყოფილი. გვაქვს როგორც ალუვიური ნიადაგები, ასევე კარბონატულ-თიხნარი. ესეც ქმნის განსხვავებულ არომატიკას, ღვინოს განსხვავებულ საგემოვნო თვისებებს სძენს.
- უკვე ბოთლებში ჩამოასხით?
- შარშან, ოქტომბერში ჩამოვასხით "წინანდალი" და "საფერავი". მერე პატარ-პატარა ღვინის პარტიებიც დაემატა. ბოთლის ღვინის წარმოებაში ჯერ დილეტანტები ვართ, ამ ყველაფერს თავისი სპეციფიკა და მოთხოვნები აქვს, სირთულეც ბევრია, თან ბოთლის წარმოება მცირე რაოდენობით გვაქვს, უფრო სტარტაპია, სულ 500-მდე ბოთლი ჩამოვასხით. სხვადასხვა სახეობის ღვინო, რათა დავკვირვებოდით, ბაზარზე მოთხოვნადი და მისაღები რა იქნებოდა.
თუმცა გვაქვს ჩამოსასხმელი ღვინის მიმართულებაც. 2025 წლის რთველში 9-10 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შევძელით ორივე ვენახიდან. ეს 40-50 წლის წინ გაშენებული ვენახებია, საბჭოთა ხელისუფლების დროს დარგული. არის ახალშენი ვენახებიც, ჩვენი გაშენებული, აქ კახური მწვანეა.
- კარგია, რომ საქმეს მეგობრობა და თანაკლასელობა დაედო საფუძვლად...
- აქ მთავარი უღალატობაა. მეღვინეობაც ამას მოიაზრებს, ასევე შენი პროდუქტის საზოგადოების წინაშე პატიოსან წარდგენას. ჩვენს გუნდს ეს პატიოსნება, ერთმანეთის ერთგულება და პატივისცემა აერთიანებს. დამფუძნებლები ორნი კი ვართ, თუმცა ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც, კლასელები, აქტიურად გვიდგანან მხარში.
- რა საინტერესოა...
- ერთმანეთს ვეხმარებით, ფაქტობრივად, ეს კომპანიაც კლასელობაზე დგას, კლასელობის ღირებულებაზე. ვანო კალატოზიშვილს დიდი გამოცდილება აქვს ღვინის ინდუსტრიაში მუშაობის, აგრონომიული კონსულტაციებით გვეხმარება აკაკი ვეფხიშვილი, კონსულტაციებს ვიღებთ მეღვინე ვანო შიუკაშვილისგანაც. იმედია, განვვითარდებით და მეტი წინსვლა გვექნება. 11 წელიწადს ვიყავით ერთად და აქამდე არ გაწყვეტილა ეს ჯაჭვი. უნივერსიტეტები, საბაკალავრო-სამაგისტრო-სადოქტორო მიმართულებები გავიარეთ და კლასელების ასეთი შეკავშირება წლების შემდეგაც არ დაკარგულა. იდეაც იმისთვის დაიბადა, რომ მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის გადაგვეცა, გვეჩვენებინა მეგობრობის, გვერდში დგომის მაგალითები.
- ვენახი ბიომიმართულებისაა თუ შხამქიმიკატებს იყენებთ?
- ძალიან კარგი შეკითხვაა... შხამქიმიკატები დღევანდელობაში რატომღაც ცუდად აღიქმება, რადგან ამ სიტყვის განმარტება ძალიან დამახინჯდა. შხამქიმიკატი თავისთავად არ მოიცავს ცუდ რამეს, იმიტომ, რომ ბიომიმართულებებიც კი, რომლებიც დღეს არსებობს, და ყველა ის ნივთიერება, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებენ, თუნდაც პესტიციდს, ჰერბიციდს, აკარიციდს თუ სხვას, შხამქიმიკატად იწოდება და ყველა ქიმიური ნაერთია. ამ საქმის მთავარი ღირსება და ღირებულება ცოდნაა, რომელიც საშუალებას გაძლევს სწორად წარმართო პროცესები. მთავარია, სწორად იცოდე, რა პრეპარატს აწვდი მცენარეს და რა რაოდენობით, რათა გარემო არ დააზიანო. გარემოც ხომ ჩვენია, ქვეყნის კუთვნილება, ისევე როგორც ნიადაგი, ჰაერი, ხემცენარე და ჩვენც გარემოს ნაწილი ვართ. ჩვენ ვალდებულებად გვაქვს აღებული, საქმე ისე ვაკეთოთ, რომ არ ვავნოთ უპირველესად ადამიანს და შემდეგ იმ გარემოს, სადაც ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ეს გაერთიანება დაფუძნებულია იმ მცოდნე პიროვნებებზე, ვისთვისაც ადამიანია მნიშვნელოვანი. თუ დღეს ამ ნიადაგსა და გარემოს არ მოვუფრთხილდებით, ხვალ მომავალი თაობა ცუდ დღეში იქნება. მოკლედ, არა გვაქვს ბიომიმართულება, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ცოდნაზეა დამყარებული. ამას ჰქვია ნიადაგის, მცენარისა და საბოლოოდ პროდუქციის მოვლა ისე, რომ არაფერი დაზიანდეს.