წიწილების გამრავლების სეზონი მოდის - კვირის პალიტრა

წიწილების გამრავლების სეზონი მოდის

გაზაფხულის დადგომისას სოფლის ეზოებში შინაური ფრინველიც გამოეფინება და თუ მათში წიწილებს შენიშნავთ, ესე იგი ყოჩაღმა ოჯახმა მათ გამრავლებაზე ჯერ კიდევ თებერვლიდანვე იზრუნა. შინაურ ფრინველებს შორის სწორედ ქათამი მრავლდება ყველაზე ადრე და ყველაზე მრავალრიცხოვნადაც. შინაური ქათმის კრუხობის პერიოდი ნაკლებად იწყება თებერვლიდან. ქათამი უფრო მარტის მიწურულსა და აპრილისაკენ ემზადება გამოსაჩეკად. გამოცდილები სადედედ მომზადებულ კრუხს ადვილად შეატყობენ - სწორედ ასეთი ქათამი ზის კვერცხებზე დიდხანს, ზოგჯერ წყლის დასალევადაც არ გადმოდის. ამასთანავე, მყუდრო საბუდრის მოწყობითა და იქ რამდენიმე კვერცხის მოთავსებით (თუნდაც ხელოვნური კვერცხის) ჩვენც შეგვიძლია ქათამი კრუხობისთვის წავახალისოთ.

გამოცდილმა მეურნეებმა კარგად იციან, რომ ბუნებრივად გამოჩეკილ წიწილებს მყარი იმუნიტეტი აქვთ და მათი გამოზრდაც შედარებით ადვილია. თუმცა, ვისაც კრუხი არა ჰყავს და წიწილების გაზრდას უდედოდ აპირებს, მათაც უნდა იცოდნენ, რომ არც ამ შემთხვევაში მოუწევთ განსაკუთრებული სირთულეების გადალახვა. ჩვენში წიწილების ზრდითა და რეალიზაციით არაერთი მეწარმეა დაკავებული, რომლებიც აუცილებელ ვაქცინაციებს წიწილებს ჯერ კიდევ გაყიდვამდე უტარებენ. ამის შემდეგ ნატურალური მარცვლეულითა და მწვანე მდელოზე გაზრდილი ფრინველი შეუცვლელი ჯანსაღი საკვებია. წყალტუბოელი მეწარმე ჯაბა ლელაძე მთელი სეზონის განმავლობაში, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, რამდენიმე ათას წიწილას ზრდის, თანაც მარტო და მათ რეალიზაციასაც წარმატებით ახდენს. ბატონი ჯაბა მეწიწილეობის სეზონის დადგომასა და წიწილების გაზრდა-გამრავლებაზე გვესაუბრება.

- სასიამოვნოა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მეწიწილეობის ბიზნესი არსებობს. ეს სოფლად მეფრინველეობის განვითარებას ამარტივებს და ჯანმრთელი წიწილების შეძენის საშუალებასაც იძლევა. წლის რა პერიოდიდან იწყებთ წიწილების რეალიზაციას?

- უკვე თებერვლის ბოლო რიცხვებიდან. ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას. ხუმრობით რომ ვთქვათ, კრუხს ვასწრებთ. ბუნებრივი ინსტინქტით კრუხი ცოტა გვიან ჯდება კვერცხებზე. "იცის", რომ როდესაც წიწილები გამოიჩეკებიან, ბუნებაში სითბო უნდა იყოს. სეზონის ანუ ე.წ. გასაშვები წიწილები ინკუბატორში, ძირითადად, თებერვლის დასაწყისიდანვე იჩეკებიან. მეწარმეები მათ დაახლოებით 400 გრამამდე ვზრდით და შემდგომ ვახდენთ რეალიზაციას, ამ დროს ჯერ კარგად ცივა, მაგრამ კლიენტებმა იციან, როგორ უნდა გაზარდონ დამთბარ გარემოში ფრინველები, თუ არადა, ვასწავლით. მაგალითად, 400-გრამიანი წიწილები შეგვიძლია ჩვეულებრივ საქათმეშიც გავზარდოთ. ამისთვის საჭიროა, საქათმეში ორპირი ქარი არ იყოს. თუმცა კლიენტს ასევე სრულიად ჩვილი, ე.წ. ქულა წიწილების შეძენაც შეუძლია, რომლებიც აუცილებლად შინ, თბილ სათავსში უნდა გაიზარდონ, სამი კვირის განმავლობაში მაინც. ამ დროს შეგვიძლია ყუთში, რომელშიც წიწილები გვყავს, სპეციალური, ანთებული ნათურა ჩავკიდოთ, რომელიც ყუთის შიგთავსსაც გაანათებს და წიწილებსაც გაათბობს. სინათლე იმასაც განაპირობებს, რომ წიწილებმა მუდმივად ჭამონ და სწრაფადაც გაიზარდონ.

მდელოზე წიწილების, მათ შორის ქულა წიწილების გაშვება გაზაფხულის დამდეგს შეგვიძლია, ოღონდ თბილ დღეებში. სანამ წამოიზრდებიან, წვიმა და თოვლი მათ ზიანს მიაყენებს. რაც შეგვეხება მეწარმეებს, მდელოზე გასაშვებ წიწილებს თებერვლიდან ივლისის შუა რიცხვებამდე ვიმარაგებთ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოგვმართავენ კლიენტები. ივლისიდან კი წიწილების ზრდას ვწყვეტთ, რადგანაც სიცხეში ქათმის გამოზრდა რთული საქმეა. მას თავის ბუნებრივი ტემპერატურა, ისედაც 40°ჩ აქვს, ხოლო უკვე გაზრდილი ფრინველის რეალიზაცია კვლავაც გრძელდება.

ფრინველის შეძენის მსურველთა რაოდენობა იზრდება. მე პირადადაც უკვე თებერვლის დამდეგს ფრინველის სარეალიზაციო სიები შევსებული მაქვს და ასე გრძელდება ზაფხულის ჩათვლით.

- კარგი იქნება, თუ მივხვდებით, რომ ჯანმრთელი პროდუქტის, მათ შორის ფრინველის გაზრდაში თავად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ყოველმხრივ უკეთესი გარემო გვექნება. თუმცა რამდენადაც ცნობილია, ჯერაც წიწილების უმთავრესი ნაწილი ისევ თურქეთიდან შემოგვყავს.

- სხვათა შორის, ჩვენც გვყავს მეწარმეები, რომლებიც ადგილზევე, ინკუბატორით ამრავლებენ სარეალიზაციო წიწილას, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მივედით იმ ხარისხამდე, რასაც თურქეთი გვთავაზობს. რაც შეეხება იმპორტირებულ წიწილებს, თურქეთის სახელმწიფო პრესტიჟს უფრთხილდება და დაავადებულ წიწილას არასოდეს გვთავაზობს. ტრანსპორტირებაც მაღალ დონეზე აქვთ, ერთი დღის წიწილებიც კი ჯანმრთელები ჩამოგვყავს.

- ხშირად გამიგონია, რომ სოფლად მეფრინველეები ჩივიან. ამბობენ, რომ რეალიზატორები ცრუობენ და სრულიად სხვა ჯიშს სთავაზობენ, ვიდრე თავად ითხოვენ და უთანხმდებიან.

- წიწილის ნამდვილი ჯიში მათმა მეწარმეებმა იციან, რომლებიც კონკრეტული ჯიშის კვერცხებს აჩეკვინებენ და ყიდიან. ესეც პრესტიჟის საქმეა. არ არის შემთხვევები, რომ იმპორტში ჯიშები აირიოს, რადგან კლიენტის დაკარგვა არ უღირთ. სცოდავენ შუამავლები, რომლებიც კლიენტს ატყუებენ. ამ საქმიდან ჯერჯერობით გამოსავალი ის არის, რომ ფრინველი სანდო პირისგან შევიძინოთ.

რაც შეეხება ჯიშებს, ჩვენში ძირითადი სარეალიზაციო ქათმის ჯიში არის ბროლია (ანუ ბროილერის) და ხარკო. თუმცა არა თეთრი ბროლიები, რადგან ეს ჯიში ძნელად გასაზრდელია და თანაც კვერცხისმდებლობაც არ ახასიათებს. საუკეთესოები არიან ფერადი ბროლიები და ხარკოს ჯიში. ესენი 2 თვისა წონის 2-კილოგრამიან ნიშნულს გადალახავენ, 5 თვიდან კი კვერცხდებას იწყებენ. ამ დროს მათი წონა უკვე 5 კილოგრამს აღემატება.

- ვფიქრობ, ამ ჯიშების გაზრდა მოაგარაკეებსაც შეუძლიათ, ვინც ზაფხულს სოფლად ატარებს.

- რა თქმა უნდა, არაერთხელ მეც მითქვამს იგივე. ჯანსაღი ქათმის გაზრდა ოჯახის ჯანმრთელობის საწინდარია, თანაც იმ ხალხსაც გამოვაფხიზლებთ, სოფლად რომ ცხოვრობს და მაინც გაყინული ფრინველის ხორცს ყიდულობს მარკეტში. ამ მხრივ საკუთარი მაგალითის დასახელებას არ მოვერიდები - საბერძნეთში 14 წლის მუშაობის შემდეგ, ჩამოვედი და მშობლიურ მიწაზე ვშრომობ. საბედნიეროდ, მივხვდი, რომ ეს უფრო სასარგებლოა მატერიალურადაც და სულიერადაც.