განსხვავებული გემოები ჩაის ერთი სახეობისგან
"2022 წელს ჩაის მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზში 25-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, თანაც ისეთი, ჩაის წარმოების საუკუნოვანი ისტორია რომ აქვთ. ჩვენმა მწვანე ჩაიმ ერთ ნომინაციაში ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო შავმა ჩაიმ - ვერცხლის. ეს იყო პასუხი იმაზე, რომ რასაც ვაწარმოებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ამბობს ალექსი კეზევაძე, რომელიც საქართველოში წარმოებული ჩაის შესახებ გვიამბობს.
- 2021 წლის დამდეგს, პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში, ყველა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავით. შემთხვევით გადავაწყდი უცხოელთა გუნდის პროექტს, კრეფის მენეჯერს ეძებდნენ ორგანული ჩაის წარმოებისთვის, რომელიც ექსპორტზე გადიოდა. იდეა მომეწონა და კონცეფციას რაც უფრო დეტალურად ვიკვლევდი, მით მეტად ვგრძნობდი, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა.

- შემდეგი ეტაპი რა იყო?
- ონლაინგასაუბრება და აზრების, გამოცდილების გაზიარება. რამდენიმე დღეში საწარმოს დათვალიერება. არადა, ექვსი წელიწადი ბანკში ვმუშაობდი, მერე ორი წელი - ტურიზმში, ვაორგანიზებდი ლაშქრობებსა და ექსკურსიებს უცხოელებისთვის, თუმცა ჩაის შესახებ არაფერი ვიცოდი. საბოლოოდ შევუერთდი ამ გუნდს. მარტში სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა: მიწის დამუშავება, ბუჩქების გასხვლა, ნაკვეთების შემოღობვა. ჩემი მოვალეობა იყო სეზონის დაწყებამდე მკრეფავების მოძებნა. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ეს დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა.

- მათ როგორ და რატომ დაიწყეს საქართველოში ჩაის წარმოება?
- 2017 წელს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამჟამად კომპანიის დირექტორი საქართველოში მოგზაურობდა და ნახა, რომ ყველა რეგიონში პლანტაციები უმეტესად ტყედ იყო გადაქცეული. არადა, ქართული ჩაის წარმოებას საუკუნოვანი ისტორია აქვს, ერთ დროს ტოპ-5 ქვეყანაშიც შევდიოდით წარმოების მოცულობით. ესტონეთში დაბრუნებისთანავე მეგობრებს უთხრა, ჩამოსულიყვნენ, რადგან ჩვენთან შესაძლებელია ორგანული ჩაის წარმოება კლიმატიდან გამომდინარე და მეორე, სურდათ საქართველო დაებრუნებინათ მსოფლიო ასპარეზზე, როგორც საუკეთესო ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. სირთულე იყო ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ხალხთან კომუნიკაცია, ამასთან, შვიდი მეგობრიდან არც ერთს არ გააჩნდა ჩაის წარმოების ცოდნა. უბრალოდ, წარმატებული ადამიანები იყვნენ თავ-თავიანთ პროფესიებში, მაგრამ ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტეს.
პირველი სეზონის შემდეგ 6 თვის თავზე შემომთავაზეს ადმინისტრაციული საქმეებისთვის მიმეხედა, ასე ვთქვათ, დირექტორის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ვყოფილიყავი. დავთანხმდი, წელიწად-ნახევარში ჩაის ტექნოლოგიაც ავითვისე. რაც შეეხება სირთულეებს, გამოწვევებიდან გამომდინარე, კომპანიაშიც შვიდი პარტნიორის ნაცვლად დარჩა ორი, დირექტორი და მისი მეუღლე, სხვების ფუნქციები გადანაწილდა.
ამინდი დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ზაფხულში. როდესაც პლანტაციებიდან ხარისხიან ფოთოლს ველოდებით, მაგრამ ზოგჯერ ძლიერი ქარია, ზოგჯერ მაღალი ტემპერატურა, ამ დროს კრეფას ვწყვეტთ, ამის გამო კი ფოთოლი მალევე გამოუსადეგარი ხდება, რაც ნიშნავს დაკარგულ ჩაისა და ფინანსებს. არადა, ნაწარმის 98% წინასწარ არის გაყიდული. გაყიდვის პრობლემა არა გვაქვს, ხშირად პროდუქცია არც არის საკმარისი. წარმოების 99% ექსპორტით გადიოდა 45 ქვეყანაში 3000-მდე მომხმარებელთან. წლეულს საქართველოშიც შევედით, ერთ-ერთ მაღალი ხარისხის სასტუმრო/რესტორნების ქსელში.

- როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში იმოგზაურეთ გამოცდილებისთვის.
- თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი სტანდარტებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, მსოფლიოში ტოპ 5-7% საუკეთესო მწარმოებლებში შევდივართ. ჩაის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში განსხვავებული კლიმატი და ჯიშებია, მაგრამ საინტერესოა საკუთარი თვალით ნახვა და ინფორმაციის გაზიარებაც. მაგალითად, მადაგასკარის ჩაის კულტურაზე ვერც მოგზაურობის შემდეგ მოვიძიე ბევრი ინფორმაცია. ამ უზარმაზარ ქვეყანაში შეიძლება სულ რამდენიმე მწარმოებელი იყოს. ძირითადად, ჩაის აწარმოებენ იმავე მეთოდებით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. თითქმის იდენტური დანადგარები აქვთ, როგორიც გვქონდა საქართველოში ათეულობით წლის წინ. წარმოება ერთ-ერთი დაბალი ხარისხისაა. მსოფლიომ არ იცის მადაგასკარის ჩაის შესახებ, რადგან ნაწილს გზავნიან კენიაში, ერევა ადგილობრივ ჩაის, ნაწილი კი გამოიყენება ადგილობრივი მოხმარებისთვის.
აქტიური სეზონია მაისი-სექტემბერი. ზაფხულში ყოველდღიურად სარეველებისგან გაწმენდა სჭირდება, ზამთარში საჭიროა ბუჩქების მომზადება მომდევნო სეზონისთვის. ჩვენ 25 ჰექტარი გვაქვს და სეზონის დასრულებისთანავე ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ყველა ბუჩქს სჭირდება ფორმის მიცემა, გასხვლა. წვიმაში, ცუდ ამინდში არ ვმუშაობთ და ზოგჯერ 6 თვეც არ არის საკმარისი სამუშაოების სრულად ჩასატარებლად. ბოლო წლებია აკაციის ხეების დარგვას ვცდილობთ. აკაცია კარგია ჩრდილისთვის, ასრულებს ქარსაცავ ფუნქციასაც და გამოყოფს ბუნებრივ აზოტს ნიადაგში, რაც ბუჩქებს ზრდაში ეხმარება. ჩვენი მიზანი იყო არ გამოგვეყენებინა ქიმიური ნივთიერებები და გვაქვს ორგანული სერტიფიკატი.

- რას იტყვით წარმოების პროცესზე?
- ვაწარმოებთ 20-22 სახეობის განსხვავებული გემოების ჩაის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფოთლისგან, რომელსაც ჩვენი პლანტაციებიდან ვიღებთ. ზოგჯერ ვიზიტიორებისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ერთი სახეობისგან განსხვავებული გემოების მიღება. მუდამ ვატარებთ ექსპერიმენტებს, რადგან ბუნება, კლიმატი გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ ახალ-ახალი გემოები ბუნებრივად, დანამატების გარეშე, მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესების შეცვლით. თითოეული ეტაპი და საბოლოო პროდუქტიც მრავალჯერ მოწმდება. ყველაზე დატვირთული თვე მაისია, როცა ვაწარმოებთ მთლიანი მოცულობის 50%-ს და ამ დროს ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ჩაის გასინჯვა გვიწევს. მსოფლიოს ტოპ 5-7%-ში ვართ ჩვენი წარმოებული ჩაის გემოვანი თვისებებით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შედეგი, რომელიც მივიღეთ 2022 წელს ჩაის მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზში. ჩემპიონატში მონაწილეობდა 25-მდე ქვეყანა, რომლებსაც ჩაის წარმოების საუკუნოვანი ისტორია აქვთ. ჩვენც გავგზავნეთ ნიმუშები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მწვანე ჩაიმ ერთ-ერთ ნომინაციაში ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო შავმა ჩაიმ - ვერცხლის. ეს იყო პასუხი, რომ რასაც ვაწარმოებთ, ერთ-ერთი საუკეთესოა.