რატომ დაუბრუნდა ძველ ფუძეს  დიდი სპორტსმენი - კვირის პალიტრა

რატომ დაუბრუნდა ძველ ფუძეს  დიდი სპორტსმენი

ცხინვალში დაიბადა, იქვე აღმოაჩინეს მისი საოცარი უნარები ძალოსნობაში. მერე ძალიან ბევრი იმუშავა და დღეს ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, საოცარი სპორტული ბიოგრაფიით. ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა დიდხანს იყო პრეზიდენტიც; არის მრავალგზის რეკორდსმენი, პრიზიორი, არაერთი ჯილდოს, მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის დამფუძნებელი, პრეზიდენტი. ეს მოკლე ჩამონათვალია კახი კახიაშვილის სპორტული მიღწევებისა. ამჟამად გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში თავის შექმნილ სპორტულ დარბაზში 50-მდე ბავშვს ავარჯიშებს და იქვე სოფლის მეურნეობას მისდევს.

კახი კახიაშვილი:

- სოფლის მეურნეობაში, არანაირი გამოცდილება არ მქონია, მოყვარული ვარ, მაგრამ ძალიან მინდა მოვიყვანო ნატურალური პროდუქტი - ხილი თუ ბოსტნეული. რაკი ბავშვებთან ვმუშაობ, რომლებიც მრავლად მყავს ჩვენს სპორტულ ობიექტზე, გადავწყვიტე, მათთვის შემექმნა სუფთა, ნაღდი პროდუქტი - კომპოტების, ჯემების, წვენების სახით. ფაქტობრივად, რაც მომყავს, ისევ ბავშვებს ვუბრუნებ.

8cc6cca0-a27a-4022-bf40-a3634fd5a74f-1770914533.jpg

ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს სოფლის მეურნეობას, გლეხებს, ფერმერებს, ვინც ამ სფეროში მუშაობს ან დასაქმებულია. ძალიან მინდა დღეს ჩვენი სოფელი უკეთესი იყოს, უფრო გამართული და არ უჭირდეს. ადამიანებიც თავის გარემოში, მიდამოში იყვნენ და სახლ-კარს არ მოსწყდნენ, სხვაგან არ გადასახლდნენ. ძლიერი სოფელი ხომ ქვეყნის სიძლიერეცაა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი, რომელსაც აწარმოებ, ნატურალური იყოს. ეს არის ჩემი მიმართულება, ოღონდ ეს ყველაფერი არაა ბიზნესი.

- კონკრეტულად რას საქმიანობთ?

- მყავს კარგი სამეგობრო და მითხრეს, მოდი, კახეთში რაღაც გავაკეთოთო. კახეთი მშვენიერი კუთხეა, მშვენიერი მიწაა, კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მეც ხომ მაქვს ჩემი კუთხე, სოფელი, სახლი და ნაკვეთი. ისე მოხდა, რომ კახეთში იმ იდეას ხორცი ვერ შევასხით, სამაგიეროდ, მე შევუდექი საქმეს: ჯერ სპორტული ობიექტი შევიძინე, მიწის ნაკვეთიც შემოვიმატე, რასაც მეურნეობაც მოჰყვა. პირველი წელს ფინანსები წავაგე, რადგან რაღაცები არ ვიცოდი, მეორე წელიც წაგებისა იყო, მესამეზე გავნულდი და ამჟამად ახალ ეტაპზე ვარ.

244db2be-d97d-4f32-8bc6-028d0f4c6f66-1-1770914532.jpg

- მოკლედ, მეოთხე წელია, ხომ?

- გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისშია ჩემი კუთხე, ჩემი ადგილი და საგვარეულო მამული.

პაპა და ბებოც აქედან იყვნენ. რაღაც მქონდა, რაღაც შევიძინე, მერე იდეები დაიბადა... გადავწყვიტე, მეწარმოებინა სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქტები. ისიც პრობლემაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სოფლად დიდ გაჭირვებაშია და არ უღირთ სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი, რადგან ეს ხარჯებს მოითხოვს. მით უფრო, თუ სუფთა პროდუქტი მოგყავს, ნატურალური, რადგან ის ძვირია. ამიტომ საფიქრალი აქვთ, რით გამოკვებონ ოჯახი. მერე უკვე ზოგიერთი არაჯანსაღი და ქიმიკატებით სავსე პროდუქტის წარმოებას იწყებს. ეს შედარებით იაფია, ხარისხიანს კი მათ გამო გაყიდვა უჭირს.

მე და ჩემი მეურნეობა მეორე ნაწილს მივეკუთვნებით, ამიტომ გადავწყვიტე არანაირ ბიზნესზე არ ვიფიქრო, არანაირ გაყიდვაზე. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ ჯანსაღი პროდუქტი ჩემს ბავშვებს, ჩემს სპორტსმენებს მივაწოდო.

საქმე თავიდან არსებული ბაღებით დავიწყე, ვაშლის, მსხლის, ატმის ბაღით, რომელიც მქონდა. ახლა სათბურის გაკეთებას ვაპირებ.

1f16ec74-ac7a-40a7-9e83-008273704235-1770914531.jpg

- ესე იგი, სამუშაო ადგილებიც შექმენით.

- ცალკე სპორტულ ობიექტზე და ცალკე ბაღში - სულ რვა კაცია დასაქმებული. ასეთი კუთხისა და სოფლისთვის, რომელიც მიყრუებულშია, ალბათ, ცუდი არ არის.

- ორ კილომეტრში თქვენი მშობლიური ქალაქი ცხინვალია...

- სავარჯიშოდ გაკვეთილებზე ბავშვები ხუთი-ექვსი სოფლიდან დადიან. მეღვრეკისი ძირძველი სოფელია. 2008 წლის ომმა მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. ჩემს ბავშვობაში აქ, ძირითადად, მეურნეობას მისდევდნენ და ოჯახები უზრუნველყოფილი ჰყავდათ. მოსახლეობის ნაწილი მუშაობდა ქალაქებში - გორსა და ცხინვალში. ომის შემდეგ აქ, გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრება რთულია.

c2d01d63-566f-47d1-8a61-888cf3e6e4fd-1770914532.jpg

- ყურძნის რა ჯიში გაქვთ ჩაყრილი?

- ქართლის ძირძველი ჯიშები: გორული მწვანე, ჩინური, დირბულა, ალადასტური, მაგრამ დიდი ვენახი არა მაქვს, თან ცოტა ჯიშია, რაოდენობის გაზრდას ვაპირებ და ჯიშების მომატებას. თუმცა არის ისეთი ყურძენი, ერთი მტევანი ორ კილოგრამს რომ იწონის. ქართველისთვის ვენახი, ყურძენი, ღვინო ხომ საქართველოს ისტორიას შეზრდილი ამბავია. ამიტომ სასურველია, ყურძენთან შეხება ყველა ქართველს ჰქონდეს. ყურძენს ყოველ წელს ორ-სამ ტონას ვწურავ სამეგობროსა და ოჯახისთვის. ჩემს ღვინოს ღონისძიებებზე ვანაწილებ, ამიტომ ყველა ჩემს მეგობარს ჩემი ღვინის გარკვეული რაოდენობა ხვდება. ბოთლებშიც ვასხამ და არის ეტიკეტირებულიც. ღვინოს უჟანგავ ჭურჭელში ვწურავ და არა ქვევრში, მერე ბოცებში გადმომაქვს. არ ვაკარებ ჰაერს არც დაწურვის, არც შენახვის და არც გადაღების დროს. ქვევრში გაკეთების პირობები არა მაქვს, თან ეს ყველაფერი ჩემი ჰობია. ჩემი ძირითადი საქმე სპორტი და ახალგაზრდებთან მუშაობაა.

იმასაც ვიტყვი, რომ ერთი ვენახიდან აღებული ყურძნით ხუთი-ექვსი სხვადასხვა ოსტატი სულ სხვადასხვა ღვინოს აყენებს. კი, მნიშვნელობა აქვს ოსტატს, ხელსა და მეთოდებს, ისტორიას, გამოცდილებას, განწყობას, ხასიათს, თუ რა ხასიათზე აკეთებ. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურა, ამინდი, შენახვის წესი, გადაღება...

- როგორია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ღვინო?

- სახალისო, ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ვისაც გაუსინჯავს, ეს მათი აზრია. ზოგი ძლიერიც არის, გააჩნია, რა ხასიათზე ვიყავი, როცა ვაკეთებდი. იმაზეცაა დამოკიდებული, რომელი რეგიონიდანაა ესა თუ ის ყურძენი. ძირითადად, კახურ ჯიშებს ვაყენებ - რქაწითელს, საფერავს. სამეგობროსგან მომაქვს, ასევე ვაყენებ რაჭულ ჯიშებს. ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოს "კეკე" ჰქვია - ჩემი სახელისა და გვარის ინიციალები.

- ქართლი მაინც ხილის მხარეა, კარგი ხილი მოდის. ამისთვის განსაკუთრებული მოვლის წესები გაქვთ ქართლელებს?

- ეს მიწების დამსახურებაა, იმისაც, რომ კურკოვან ხილს ჩვენი ჰავა შეეფერება, და მიდამოსი, სადაც მოდის. ასევე განმსაზღვრელია ტრადიცია, ისტორია და ოსტატის ხასიათი, გუნება-განწყობა. არა მაქვს მიწის დიდი ფართობი - 3-3,5 ჰექტარია. ამის გამოც მოყვარულად ვითვლები. თუმცა საკონსერვო საქმეში ბევრი რამ ჩემი დიდი პაპისგან, გრიგოლ კახიაშვილისგან ვიცი, რადგან ერთად ვაკეთებდით ხოლმე საზამთროდ მარაგებს.

bcb5cd23-ba61-460a-99fb-86ba39acf1a7-1770914532.jpg

- კარგია, რომ თქვენს ქვეყანას დაუბრუნდით და აქ აკეთებთ საყვარელ საქმეებს...

- საბერძნეთში არაფერი მაკლდა - ცნობადობა, ინფრასტრუქტურა, სამუშაო, ხელფასი, მაგრამ ჩემი კუთხე და ქვეყანა, ხალხი და ფედერაცია მადარდებდა. საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა. იქაც მიწევს საქმიანობა, რადგან სამხედრო პირი ვარ, ნატოს ჯარების პოლკოვნიკი, 700 ბავშვის ფიზმომზადება და აღზრდა მიწევს. აქ ჩამოსვლით ბევრი რამ შევძელი ფედერაციისთვის, განადგურების პირას მყოფ ჩემს გუნდთან ერთად გამოვაცოცხლე, თუმცა ყველაფერი შედარებითია მაინც.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. ალბათ, კიდევ მეტი ზრუნვაა აუცილებელი, რომ მოსახლეობა სოფელს დაუბრუნდეს. არ უნდა მოსწყდნენ თავიანთ კუთხეს. ამიტომაც მიხარია, რომ ძველ ფუძეს ახალი სიცოცხლე შევძინე...

- და რაც შეიძლება მეტი დაკეტილი სახლი უნდა გაიხსნას სოფლებში.

- კი, თუმცა მეორეც არის, გლეხები რომ ამბობენ, არ გვიღირს სუფთა პროდუქციის მოყვანაო, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვისურვებდი შეიქმნას მეტი უკეთესი პირობები, რათა მოსახლეობა დაუბრუნდეს კარ-მიდამოს, სოფელს. ჩვენმა ქვეყანამ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას მიაღწიოს და ბევრი ჯანსაღი პროდუქტი აწარმოოს. ძალიან მინდა საქართველო ძლიერი ქვეყანა იყოს.